აჭარის ისტორია და წარსული ცოტნე ირემაძის ინტერესის სფეროა

თარიღი: 2023-07-05 18:38:57

23-24 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის სტუდენტთა I ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია.  საორგანიზაციო კომიტეტში შედიოდნენ კათედრის პროფესორ-მასწავლებლები: თეიმურაზ პაპასქირი, ია ხუბაშვილი, ზაალ გოგენია, მიხეილ ქართველიშვილი, კახაბერ ყალიჩავა, ირაკლი ალიმბარაშვილი, პავლიკა ჯაგუნავა, ირაკლი ნოდია და გიორგი არქანია.

კონფერენციაზე მონაწილეებმა 40-მდე ნაშრომი გამოიტანეს, რომელთაგან რამდენიმემ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ცოტნე ირემაძეც მათ შორისაა. ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის პროგრამის I კურსის სტუდენტია და საკონფერენციო თემა „ილია ჭავჭავაძე და აჭარა“ ასისტენტ-პროფესორ ალექსანდრე ბოშიშვილის ხელმძღვანელობით მოამზადა.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა იმ დღიდანვე უნდოდა, როცა უნივერსიტეტში ჩააბარა – აინტერესებდა, როგორ ხდებოდა ისტორიული თემატიკის კვლევა, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და დამუშავება. „მინდოდა, თავად ვყოფილიყავი ამ პროცესის თანამონაწილე, მევლო ბიბლიოთეკებსა და არქივებში და დიდი ხნის ხელუხლებელ, დამტვერილ წიგნებში ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია აღმომეჩინა. ამ პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდიდა დასკვნითი ეტაპი, როდესაც მოძიებული ლიტერატურის საფუძველზე მოხსენება უნდა წამეკითხა დამსწრე პირთათვის“, – ამბობს ცოტნე.

„ილია ჭავჭავაძე და აჭარა“ – ასე ერქვა ცოტნეს თემას, რომლის დამუშავების სურვილი იმანაც განაპირობა, რომ თავად სწორედ ის სკოლა დაამთავრა ბათუმში, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დააარსა და დღეს მის სახელს ატარებს: „ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მშობლიური კუთხის – აჭარის ისტორია და წარსული. დავამთავრე ილია ჭავჭავაძის დაარსებული და ამჟამად მისივე სახელობის ქ. ბათუმის ნომერ 1 საჯარო სკოლა. ბავშვობიდანვე აქტიურად ვკითხულობდი ილიას შემოქმედებას, განსაკუთრებით კი მისი პუბლიცისტიკური წერილები მიზიდავდა. სწორედ აჭარისა და ილია ჭავჭავაძის გადაკვეთამ დამაინტერესა. რაც შეეხება თემის დამუშავებას, ძირითად ვკითხულობდი ილიას პუბლიცისტიკურ წერილებსა და იმ დროინდელ პრესას, ასევე აქტიურად ვეცნობოდი ამ თემაზე დაწერილ სტატიებსა და ნაშრომებს“, – გვითხრა ცოტნემ.

ცოტნეს სამეცნიერო ინტერესი გამოიწვია ერთმა ფაქტორმა – ილიას ცნობილი გამონათქვამი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ აჭარაში სხვაგვარად გახდა ცნობილი: „მამული, ენა, ისტორია“. ამიტომაც კვლევის ძირითადი კითხვაც ეს იყო – როგორ და რატომ მოხდა ამ ფრაზის სახეცვლილება. კვლევამ ასევე გამოკვეთა ილიას, როგორც ავტორიტეტის, ფაქტორი ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებასა და განაშენიანების პროცესში. დასკვნით ნაწილში ცოტნე აღნიშნავს: „ერთი შეხედვით, ილიამ  ტერმინი ,,სარწმუნოება’’ ისტორიით ჩაანაცვლა, თუმცა ილიას პუბლიცისტიკისა და პრესის კითხვის ფონზე მივხვდი, რომ ილიამ ეს ორი სიტყვა ერთმანეთის სინონიმებად აქცია და ერთ ჭრილში განიხილა. ილია იმ დროისთვის რელიგიურად განსხვავებული ძმების დაახლოების პროცესს საერთო ისტორიის ფონზე ასახავდა, ამ ისტორიას კი ქრისტიანული სარწმუნოების სიმტკიცეს უკავშირებდა“.

                                                             ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • არქეოლოგის პროფესია დეტექტივის საქმიანობას წააგავს, ველზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები კი – ,,დანაშაულის’’ გახსნას.  არქეოლოგიის რომანტიკა მის მრავალფეროვნებაშია – კვლევა მიმდინარეობს, როგორც კაბინეტებსა თუ ლაბორატორიებში, ასევე, საველე სამუშაოების დროს. თანაც მგონია, რომ ამ პროფესიას ღვინო განსაკუთრებით უხდება.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პირდაპირ უკავშირდება ჩემს სფეროსა და ინტერესებს. სამეცნიერო ლიტერატურა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვფიქრობ, რომ, ამ მხრივ, უნივერსიტეტი თავის საუკუნოვან ისტორიას ნაყოფიერად ახმარს სტუდენტებს.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • პრობლემები საკმაოდ ბევრია, უნივერსიტეტს არ აქვს გამართული საერთო საცხოვრებელი, სტუდენტების დიდ რაოდენობას უწევს დღეში საშუალოდ 8-9 საათიანი გრაფიკზე მუშაობა და მრავალი სხვა …
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • მთავარი, რაც მე და უნივერსიტეტს გვაკავშირებს, სწავლის სურვილია…
Facebook
Twitter
LinkedIn