თსუ დელეგაცია კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის ციფრულ კვირეულზე

თარიღი: 2023-06-26 17:37:28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის ციფრულ კვირეულში (Digital Week) მიიღო მონაწილეობა. კოტ დ’აზურის უნივერსიტეტი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარეობს, თსუ-ს პარტნიორი უმაღლესი სასწავლებელია და Times Higer Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების 2023 წლის რეიტინგში ადგილს 501-დან 600-მდე მონაკვეთში იკავებს.

კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისი ციფრულ კვირეულს ყოველ წელს მართავს, სადაც სპეციალურად შერჩეული სპიკერები კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ადმინისტრაციული მართვის, პროექტების ინიცირება-განხორციელების, აკადემიური და კვლევითი საქმიანობის პროცესში, ასევე, უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის მართვაში თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა-გამოყენების უახლეს საშუალებებსა და მეთოდოლოგიას აცნობენ. 

წელს პერსონალის საერთაშორისო კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15 წევრიანი დელეგაცია თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით.

„კოტ დ’აზურის უნივერსიტეტთან რამდენიმეწლიანი აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში. 2020 წელს კი ერაზმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის კონკურსში შევიტანეთ განაცხადი თსუ-სა და კოტ დ’აზურის უნივერსიტეტებს შორის მობილობის უზრუნველსაყოფად როგორც სტუდენტების, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. სწორედ ამ მოგებულმა პროექტმა მოგვცა საშუალება, რომ თსუ-ს დელეგაცია კოტ დ’აზურის პერსონალის კვირეულს დასწრებოდა. ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში, კოტ დ’აზურის უნივერსიტეტში თსუ-ს რამდენიმე სტუდენტი ახორციელებს სასწავლო და კვლევით მობილობას.

ციფრულ კვირეულს წელს მიწვეული უმაღლესი სასწავლებლებიდან ყველაზე დიდი დელეგაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ესწრებოდა. კვირის ფარგლებში ინტენსიური ვორქშოფები და ჯგუფური შეხვედრები მიმდინარეობდა.  მონაწილეები გაეცნენ კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის სტრუქტურას, აგებულებას, თითოეულ პრეზენტაციაში ყურადღება იყო გამახვილებული იმ ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტზეც, რომელსაც ისინი, ყველა დარგის მიმართულებით, თავის ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საშუალება გვქონდა შევხვედროდით მასპინძელი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, სხვადასხვა ინსტიტუტისა და ცენტრის, ადმინისტრაციული თუ აკადემიური ერთეულის ხელმძღვანელს. ღონისძიების დღის წესრიგი ისე იყო აგებული, რომ მონაწილეებს საშუალება გვქონდა სესიების პარალელურად, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, ახალი კონტაქტები გაგვეჩინა და ახალი ტიპის თანამშრომლობაზე საუბარი დაგვეწყო არა მხოლოდ კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, არამედ კვირეულის მონაწილე სხვა უმაღლესი სასწავლებლების დელეგაციების წევრებთანაც“, – განმარტავს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა.

კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის ციფრული კვირეულის ფარგლებში მომხსენებლებმა   ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ ყველა დარგის კონტექსტში ისაუბრეს. თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის თქმით, კვირეულის მნიშვნელოვანი თემატური ასპექტი იყო სასწავლო და კვლევით პროცესში ციფრული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, მისი სარგებელი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

„ეს იყო მომავლის განათლების სისტემასთან ხიდის გადების მცდელობა, გაგება იმისა, თუ რას მოგვიტანს ციფრული ტექნოლოგიები? რას გაამარტივებს? რა პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ?“ – ამბობს გიორგი ღაღანიძე.

„ჩვენი პროფესიული ინტერესების მიხედვით, პანელური სესიების გარდა, ვმონაწილეობდით ვოქრშოფებში, სადაც უკვე პრაქტიკულად ვეცნობოდით – თუ როგორ ხდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა ყოფითი თუ პროფესიული საკითხების გადაწყვეტისას“, – აღნიშნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ კოტ დ’აზურის უნივერსიტეტის  ციფრული კვირეულის შეფასებისას.

„აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის და ღია მეცნიერებასთან დაკავშირებული თემების  განხილვაში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელი კომპანია QuestIT-ის პრეზიდენტის მარკო ლანდის საჯარო ლექცია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების, უკვე არსებული ტექნოლოგიებისა და პერსპექტივების შესახებ. ახალი ინფორმაციის მიღებასთან ერთად დამყარდა ახალი კონტაქტები და გამოიკვეთა სამომავლო თანამშრომლობის მკაფიო და ზოგადი კონტურები. ვფიქრობ, ყოველივე ეს ზრდის მეცნიერების ცალკეული დარგის, თსუ-ს და, ზოგადად, ქვეყნის ცნობადობას, ხელს უწყობს ევროპულ სივრცესთან დაახლოებას,“ – განმარტავს თსუ-ს პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.  

„ჩვენ პანდემიამ, გარკვეულწილად, გამოგვაწრთო და ბევრი რამ უკვე ვიცოდით ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, თუმცა უამრავი საინტერესო სიახლე დაგვხვდა. უკვე აპრობირებულია და ამერიკაში ფსიქოთერაპიაში აქტიურად გამოიყენება  ციფრული ავატარები, თუმცა ციფრული კვირეულის ფარგლებში მონაკოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს ვიზუალური ანალიზის ახალი ელექტრონული ვერსია. ვიზუალური ანალიზის მეთოდს, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებთან ერთად, აქტიურად ვიყენებთ ფსიქოლოგები და ანთროპოლოგები, შესაბამისად, მონაკოს უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა თსუ-ს ფსიქოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ.

თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას განმარტებით, „საერთაშორისო ციფრულ კვირეულში მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი სწორედ პროფესიული კონტაქტების ქსელის გაფართოებაა, რაც ნდობის მოპოვებისა და შედეგად ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის წინაპირობას წარმოადგენს“.

Facebook
Twitter
LinkedIn