ქუჩა, რომელსაც „არავიძეების“ ნაცვლად ტაძრისკენ მივყავართ

თარიღი: 2024-02-28 18:23:13

თბილისში ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა გაიხსნა

23 თებერვალს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნის საკითხის ინიცირება საკრებულოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის მკვლევარს, გოჩა ფერაძეს ეკუთვნის. ინიციატივას მხარი დაუჭირა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

ვარლამ ჩერქეზიშვილის ღვაწლსა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ არაერთხელ წერდა, თუმცა კვლევის პერიოდში ჩნდება ახალი დოკუმენტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მართლაც დიდი პიროვნების დამსახურებებს ქართველი ერის წინაშე.

კიდევ რა სამუშოებია ჩასატარებელი ვარლამ ჩერქეზიშვილის საქმის უკვდავსაყოფად და რა გეგმები აქვს მისი მოღვაწეობის მკვლევარს, თსუ-ს ასოცირებულ პროფესორს, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელს გოჩა ფერაძეს, ინტერვიუში გაეცნობით.

– ბატონო გოჩა, 23 თებერვალს ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩის გახსნით თბილისის საკრებულომ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ამ დიდი პატრიოტი ადამიანის ღვაწლი, რომლის კვლევასაც თქვენ დიდი დრო შეალიეთ. როგორ დაიწყო ვარლამ ჩერქეზიშვილის ბრძოლა ქართველი ერის დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობისთვის?

– „ცნობილი ანარქისტი, კროპოტკინის მეგობარი, 75 წლის მოხუცი დიდი მოღვაწე კაცი ვარლამ ჩერქეზიშვილი მოხალისეთა ჯარში ჩაეწერა“ – ეს სიტყვები სიძველისგან გვარიანად გახუნებული ქართული გაზეთიდანაა. თუმცა დღესაც, მისი გამოცემიდან 100 წლის შემდეგ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ის გამამხნევებელი, შთამაგონებელი ეფექტი, რომელსაც ამ ამბის წაკითხვა, გაგონება გამოიწვევდა ათასობით ჩვენი თანამემამულის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების გულში. საზოგადოების იმ ნაწილში, ვინც 2021 წლის თებერვლის სუსხიან დღეებში მიატოვა რა თავისი ყოველდღიური საქმიანობა (მათ შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები), იარაღით ხელში წითელი არმიის საოკუპაციო ჯარებისგან პირველი ქართული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას იცავდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარი ქვეყნისა და უმაღლესი ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგული, სოციალური თანასწორობისთვის დაუღალავი მებრძოლი ვარლამ ჩერქეზიშვილი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა. სწორედ ამ იდეალების ერთგულებისთვის XIX საუკუნის 60-იან წლებში, ჯერ კიდევ სტუდენტი, ის ორჯერ დააპატიმრეს. შორეულ ციმბირში გადასახლებამდე კი თითქმის ორი წელი გაატარა პატიმრობაში პეტრე-პავლეს ციხე-სიმაგრის ნესტიან ჯურღმულებში, სადაც რამდენიმე მისი თანამებრძოლი (ვერ გაუძლეს რა თავისი სიმკაცრით ცნობილი საპყრობილის პირობებს) გარდაიცვალა, რამდენიმე კი ჭკუიდან შეიშალა.

რა საფრთხეს წარმოადგენდა ვარლამ ჩერქეზიშვილი იმპერიის სპეცსამსახურებისთვის, კარგად ჩანს იმ შეტყობინებებიდან, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ უგზავნიდა თავის ქვედანაყოფებს, როგორც კი ჩვენი თანამემამულე ლონდონს დატოვებდა და, ოხრანკის ჯაშუშების მონაცემებით, სამშობლოში დააპირებდა გამომგზავრებას. „პოლიციის დეპარტამენტში მიღებულია მითითება (ვკითხულობთ თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის სახელზე 1897 წლის სექტემბერში გამოგზავნილ ერთ-ერთ შეტყობინებაში), რომ ცნობილი ემიგრანტი ვარლამ ასლანის ძე ჩერქეზოვი (ძებნილთა სიით N407) დანაშაულებრივი განზრახვით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ლონდონიდან იმპერიაში გამოემგზავრა… მისი ადგილსამყოფელის დადგენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააპატიმრეთ“. საგულისხმოა, რომ შეტყობინების მიღებისას ვ. ჩერქეზიშვილის ემიგრაციიდან (მან ორ თანამემამულესთან ერთად გადასახლებიდან 1876 წლის იანვარში მოახერხა გაქცევა) 20 წელზე მეტი იყო გასული.

დიდი მამულიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იმპერიის ჟანდარმერიისა თუ პოლიციის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობისა და დევნის მიუხედავად, მას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია არც საქართველოს კოლონიური ჩაგვრისგან განთავისუფლებისდა არც XIX საუკუნის მიწურულს, მარქსიზმის სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის არანაკლებ საშიში კლასობრივი დაპირისპირებისკენ მოწოდებების წინააღმდეგ ბრძოლა. პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში, ბრიუსელში, ბერლინში ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა (მათ შორის ჩინურ და იაპონურ) ენებზე გამოიცემოდა ვარლამ ჩერქეზიშვილის მარქსიზმის კრიტიკის შემცველი შრომები: „ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან“, „ინტერნაციონალის სათავეებთან“, „მარქსიზმის დოქტრინები“ და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მათზე, როგორც ბოლო წლებში ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე გამოცემული ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების მოცულობა გვარწმუნებს, მოთხოვნა სოციალიზმის ისტორიით დაინტერესებული სპეციალისტებისა და  ფართო საზოგადოების მხრიდან დღესაც დიდია.

– იყო თუ არა ვარლამ ჩერქეზიშვილი ჩართული ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში და თუ – იყო,  რა დოკუმენტები გვაქვს შემონახული ამის დასადასტურებლად?

– გასაოცარია, მაგრამ ვარლამ ჩერქეზიშვილი არანაკლებ წარმატებული იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ასპარეზზე. გვახსენდება 1904 წელს ქ. ჟენევაში ქართველ რევოლუციონერთა პირველ კონფერენციაზე მისი გამოსვლა, როდესაც ახალგაზრდა თანამემამულეებს ქართველი ერის საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებები შეახსენა: „ჩვენ გვაქვს უფლება ველაპარაკოთ რუსეთის მთავრობას ისე, როგორც თავისუფალი სახელმწიფოები ელაპარაკებიან ერთმანეთს… ჩვენ შეგვიძლია ევროპის საერთაშორისო უფლების ძალით ომი გამოვუცხადოთ რუსეთს. აი, ეხლავე, აქვე, ჩვენ შეგვიძლია შევადგინოთ კომიტეტი ქართველთა დამოუკიდებელ მმართველობისა… ხედავთ რა უფლებები გვაქვს?…  რატომ უნდა ავიღოთ ხელი უბრძოლველად ჩვენს უფლებებზე? ბრძოლით ამ უფლებათა დაცვისათვის ევროპელები თავის დღეში არ გაგვამტყუნებენ. იტყვიან, რომ ჩვენ ვეომებით მას, ვინც ძალით შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში. ადამიანები თავის უფლებებზე ხელს არ უნდა იღებდნენ. უნდა ახალი უფლებები შევიძინოთ და არა თუ ძველიც დავთმოთ, დავანებოთ ვისმე.“

– ქართველმა ხალხმა იცის იმ ადამიანების შესახებ, ვინც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის იბრძოდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამ საქმეში ვარლამ ჩერქეზიშვილის აქტიური მონაწილეობის თაობაზე…

– დიახ, ასეა და მიგვაჩნია, რომ დღემდე სათანადოდ არ არის დაფასებული ვარლამ ჩერქეზიშვილის წვლილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში. ისევ ჟანდარმერიის არქივში მოძიებულ დოკუმენტს მოვიშველიებთ. მეფის ოხრანკის ჯაშუში ზედმეტსახელად „დვორიანინი“ აცნობებდა პატრონს, რომ „ავტოკეფალისტთა ჯგუფში გაერთიანებულმა სასულიერო პირებმა, სპეციალურად ამ მიზნით, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვარლამ ჩერქეზიშვილის მეშვეობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნეს თხოვნა ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ“. ამავე ჯაშუშის ცნობით, ვარლამი „თბილისში ყოფნის დროს მკაცრად იცავდა ცხოვრების კონსპირაციულ წესს და ამ მიზნით ქართველი მღვდლის ანაფორას ატარებდა“. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რუსეთში პეტრე სტოლიპინის უმკაცრესი რეაქციის წლებია (1906-1911), ვარლამი კი უკვე 64 წლის გახლდათ. ცხადია, მის ასაკში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის იმპერიაში კონსპირაციულად შემოსვლა დიდ გამბედაობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

არანაკლებ ძნელი უნდა ყოფილიყო იმპერიის მხრიდან ამდენი დევნისა და კონსპირაციული ცხოვრებისგან გვარიანად ჯანმრთელობაშერყეული, 70 წელს გადაცილებული ადამიანისთვის მეუღლესთან, ქალბატონ ფრიდასთან ერთად, 1917 წელს „რევოლუციური ქარტეხილებით“ მოცულ საქართველოში დაბრუნება. მას ხომ ათწლეულების მანძილზე, პოლიტიკურ ემიგრაციაში ყოფნის გამო, საქართველოში საცხოვრებელიც კი არ გააჩნდა.მიუხედავად აღნიშნულისა, როგორც სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მეგობრის, ბატონ დავით სართანიას მიერ მოძიებული, 1920 წლის 18 იანვრით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, ვარლამს და მის მეუღლეს ამიერკავკასიის ქართული ბანკის მიერ მათთვის დახმარების მიზნით გადაცემული 1000 მანეთისთვის ხელი არ უხლიათ. ვარლამისვე სიტყვები რომ მოვიშველიოთ: „დიდი ხნის ნანატრს, ჩვენს ხალხში ცოდნის და მოქალაქეობრიობის დამნერგველს ქართულ ეროვნულ უნივერსიტეტის ფონდს გადაეცეს გასაძლიერებლად“.

– თქვენი ძალისხმევა ვარლამ ჩერქეზიშვილის საქმის უკვდავყოფისათვის ცნობილია. დღიდან ამ მოძრაობის დაწყებისა, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტიც“ ავრცელებს ინფორმაციას მისი მოღვაწეობის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამჯერად კიდევ ერთი მიზანი შესრულდა – თბილისში გაიხსნა ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა. კიდევ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ?

– ეროვნული სულისკვეთების მემკვიდრეობითობის, შთამომავლობის მხრიდან მადლიერების კონკრეტულ გამოვლინებად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ 2019 წლიდან სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აიღო საკუთარ თავზე ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლასა და წარმოჩენაზე ზრუნვა. პირველ რიგში, სწორედ საუნივერსიტეტო გაზეთის „თბილისის უნივერსიტეტისა“ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით, დაინტერესებული მკითხველისთვის გახდა ცნობილი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი ეწოდა: სკოლას მის მშობლიურ სოფელ თოხლიაურში, ქუჩას ქ. საგარეჯოში, საქართველოს ფოსტამ 20 000 ტირაჟით გამოსცა საფოსტო მარკა ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 175-ე წლისთავთან დაკავშირებით. პანდემიის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი ორი დარგთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია, გამოცემულია კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების კრებული და სხვა.  სულ ცოტა ხნის წინ კი, ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, კერძოდ, უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ჯაბა სამუშიას წერილობითი მიმართვის საფუძველზე და ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ გიორგი ტყემალაძის მხარდაჭერით, ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა უკვე ჩვენს დედაქალაქში.

ქუჩის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია, საკრებულოს ისნის მაჟორიტარი წევრი კახა ლაბუჩიძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლექსო გილაშვილი, ქ. საგარეჯოს მერი ავთანდილ ბულიკაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და სხვები, ის ადამიანები, ვისი ძალისხმევის გარეშეც ეს შესანიშნავი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩის საზეიმო გახსნაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს რაიონის სოფ. თოხლიაურის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. საგანგებოდ მათთვის თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ორგანიზებული იქნა ექსკურსია თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში, სადაც, იმავდროულად, ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და ხანგრძლივი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა გაიმართა.

მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ გამოფენაზე, სხვა ექსპონატებთან ერთად, წარმოდგენილი იყო რკინის სარკოფაგი. მასში 1925 წლის აგვისტოდან 2013 წლის სექტემბრამდე ქ.ლონდონის ერთ-ერთ უძველეს ,,Golders Green”-ის კრემატორიუმში ინახებოდა ვარლამ ჩერქეზიშვილის ფერფლი. 2013 წელს, ვარლამის ფერფლის ჩემ მიერ სპეციალურად ამ მიზნით ლონდონში ჩატანილ მარმარილოს სარკოფაგში გადასვენების შემდეგ, კრემატორიუმის ადმინისტრაციამ ის საჩუქრად გადმომცა. რესტავრაციის შემდეგ კი, აი, უკვე რამდენიმე წელია, ვარლამ ჩერქეზიშვილის ერთგული მცველი აწ უკვე თსუ-ს მუზეუმში ელოდება დიდი მამულიშვილის სამშობლოში საბოლოო და ღირსეულ დაბრუნებას.

რაც შეეხება ქუჩას, ამ საქმეში ბევრი ჩემი თანამოაზრის მსგავსად, მეც მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. კანონზომიერია, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან მთელი საუკუნის შემდეგ, 2024 წლის 22 თებერვლის ღრუბლიან, თოვლნარევ ამინდში, დამოუკიდებელი საქართველოს მრავალჭირგამოვლილ დედაქალაქში სწორედაც რომ ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა და  ამ ქუჩას არა „ვარლამ არავიძის“, არამედ ტაძრისკენ, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრისკენ მივყავართ.

Facebook
Twitter
LinkedIn