ეკონომისტებმა პროფესორი გივი ჭანუყვაძე გაიხსენეს

თარიღი: 2024-03-28 21:20:56

მეცნიერი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა უნდა გახდეს ახალგაზრდა თაობის შთაგონების და მოტივაციის წყარო“, – ასე აფასებდნენ კოლეგები და მეგობრები პროფესორ გივი ჭანუყვაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის საპატივცემულოდ და უკვდავსაყოფად გამართულ  100 წლის საიუბილეო საღამოზე.           საიუბილეო სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, გივი ჭანუყვაძის  ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.

სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, რომელმაც კოლეგებს  ქართული  ეკონომიკური  მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი დიდი პატივისცემით შეახსენა და  აღნიშნა, რომ გივი ჭანუყვაძის ცხოვრება და მოღვაწეობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ  უნდა იღვაწოს მეცნიერმა და პედაგოგმა: „მე არ მქონია ბედნიერება მას შევხვედროდი, მაგრამ  ჩემი მასწავლებლებიდან ვიცი თუ რაოდენ გამორჩეული  ეკონომისტი ბრძანდებოდა ბატონი გივი,  თავისი  თაობის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ  დიდი  ეკონომისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ეს უნდა გახდეს თითოეული მათგანის შთაგონების და მოტივაციის წყარო“,- აღნიშნა  პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, რომელმაც  ღონისძიების ორგანიზატორებს, განსაკუთრებით პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილს დიდი მადლობა გადაუხადა. მან ასევე გაახმიანა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ერთ-ერთ აუდიტორიას პროფესორ გივი ჭანუყვაძის სახელი ეწოდება. ასევე ითქვა, რომ,

იუბილარის სახელის უკვდავსაყოფად, ფაკულტეტის ადმინისტრაცია წამოაყენებს ინიციატივას – წარმატებული სტუდენტისთვის პროფესორ გივი ჭანუყვაძის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. 

საიუბილეო სხდომაზე მთავარი მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ პაიჭაძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა  გივი ჭანუყვაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მომენტებზე, მის ღვაწლსა და დამსახურებებზე: „არიან ადამიანები, რომლებიც ნიჭიერებით, პიროვნული თვისებებით, აზროვნებით და, აღნაგობითაც კი, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ საზოგადოებაში და ადამიანთა საქმიანობის კონკრეტულ სფეროში ავტორიტეტებად გვევლინებიან. სწორედ ასეთ პიროვნება იყო პროფესორი გივი ჭანუყვაძე, რომლის დაბადებიდან  100 წელი შესრულდა. მას XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შორის საპატიო და გამორჩეული ადგილი უკავია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი ჭანუყვაძე მიეკუთვნება ქართველი მეცნიერების, ივანე ჯავახიშვილის, ფილიპე გოგიჩაიშვილის, პაატა გუგუშვილის და სხვა გამორჩეული მეცნიერების კოჰორტას. ბატონი გივი შესანიშნავი მაგალითია შრომისმოყვარეობისა. ის მისთვის ჩვეული გატაცებით მუშაობდა და იღვწოდა თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მის ინტელექტუალურ სიძლიერეს თან ახლდა მისი გამორჩეული პიროვნული თვისებებიც. ის არა მარტო საოცარი ენერგიით და შრომისმოყვარეობით დაჯილდოებული პიროვნება, არამედ უაღრესად მამაცი  და გაბედული ადამიანიც იყო“, – აღნიშნა ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ პაიჭაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს  ქვეყანაში უმაღლესი კვალიფიკაციის  ეკონომისტთა კადრების  მომზადების საქმეში: „გივი ჭანუყვაძის ინიციატივითა და  თაოსნობით არაერთი ახალი  ეკონომიკური პროფილის სპეციალობა ჩამოყალიბდა მშობლიურ უნივერსიტეტში, გაიზარდა  სამეცნიერო ხარისხის მქონე ეკონომისტთა რაოდენობა, რომელთა მნიშვნელოვან  ნაწილს  პირადად უწევდა სამეცნიერო ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა  ასოცირებულმა პროფესორმა ნუგზარ პაიჭაძემ.   

მეცნიერის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ადასტურებს ის ფაქტი რომ აუდიტორია, სადაც იუბილე გაიმართა, სავსე იყო კოლეგებითა და მოსწავლეებით, რომლებიც საოცარი გულწრფელობითა და სითბოთი გამოხატავდნენ სიყვარულს და პატივისცემას მეცნიერის მიმართ. ეს საღამო იყო მაგალითი  მეცნიერის ნაყოფიერი შრომის დაფასებისა და აღიარებისა, მოსწავლეების გულწრფელი სიყვარულისა და მადლიერებისა, რომელიც ორივე მხარის – პედაგოგისა და  შეგირდის  წარმატებული მოღვაწეობის  საუკეთესო  სტიმულატორია.

პროფესორ გივი ჭანუყვაძესთან ურთიერთობის წლები და  საინტერესო  მომენტები  გაიხსენა ააკადემიკოსმა  მიხეილ ჯიბუტმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მის პიროვნულ თვისებებს და განსაკუთრებულობას: „ჩემი ურთიერთობა ბატონ გივი ჭანუყვაძესთან უნივერსიტეტში სწავლის პირველივე დღიდან  დაიწყო და შემდეგ, მთელი ცხოვრება გაგრძელდა. ბატონი გივი მახსოვს  ყოველთვის მობილიზებული და ცოტა „ცივიც“ ურთიერთობაში, თითქოს ახლოს არ გიშვებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ყველასთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო. ეკონომიკურ მეცნიერებაში მის ნააზრევს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც ჩვენ უფრო აქტუალური უნდა გავხადოთ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ“, – განაცხადა  აკადემიკოსმა მიხეილ ჯიბუტმა.

პროფესორის ახალგაზრდა მკვლევართან ურთიერთობა გაიხსენა პროფესორმა მერაბ კაკულიამ. „ბატონი გივის სტუდენტი არ ვყოფილვარ, არც მისი ლექცია მომისმენია აუდიტორიაში, მაგრამ მქონდა სხვა პრივილეგია – მე მისი მეგობრის შვილი ვიყავი და ამიტომ ღრმა ბავშვობიდან ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ბატონი გივი იყო. ჯერ სულ პატარა ვიყავი, როცა ტელევიზორში მის  ლექციებს მონუსხული ვუსმენდი. ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში ამ ლექციებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა  შეიძინა. სწორედ ბატონი გივის დამსახურებაა ის რომ, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დავიცავი  სადისერტაციო ნაშრომი, რომლის მომზადებაშიც ბატონ გივის დიდი წვლილი მიუძღვის. მას დიდი სურვილი ჰქონდა, სადისერტაციო საბჭოს წინაშე ახალგაზრდა ქართველი მკვლევარი ღირსეულად წარვმდგარიყავი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ გივი ჭანუყვაძეს  უნიკალური ცოდნა ჰქონდა დასავლეთის ეკონომიკური დოქტრინების პოლიტიკური ხორცშესხმის პრაქტიკისა და, რაოდენ სამწუხაროა, რომ ის თავისუფალი საქართველოს შენებას არ მოხმარდა… აუცილებელია ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ პროფესორ გივი ჭანუყვაძის შესახებ,  რომ მათ საკუთარი პროფესიისადმი  პატივისცემა გაუჩნდეთ. ისწავლონ, რომ დღეს არ დაწყებულა ეკონომიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში და საუნივერსიტეტო განათლება ეკონომიკის სფეროში“, – განაცხადა  პროფესორმა მერაბ კაკულიამ.

აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ პროფესორ გივი ჭანუყვაძის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე ისაუბრა და სტუდენტობის წლები გაიხსენა, როცა  ბატონი გივი მისი მასწავლებელი იყო: „ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შემიძლია ჩემს პედაგოგზე,  გივი ჭანუყვაძეზე ვისაუბრო. მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო რომ  120-კაციან აუდიტორიაში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. ის ყველასგან გამორჩეული, საუკეთესო ლექტორი იყო, ვინც თვალები „ამიხილა“ ეკონომიკურ მეცნიერებაში. ჩემი პირველი მოხსენებაც  კონფერენციისთვის ბატონი გივის რჩევით დავწერე. ის სტუდენტებთან ურთიერთობის მხრივაც გამორჩეული პედაგოგი გახლდათ. მნიშვნელოვანია, რომ  ახალგაზრდა თაობა ინფორმირებული იყოს მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის შესახებ, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს გამორჩეული ეკონომისტის ნააზრევსა და ნამოღვაწარს“, – განაცხადა  აკადემიკოსმა ვლადიმერ  პაპავამ.

გივი ჭანუყვაძესთან ურთიერთობის წლები გაიხსენა პროფესორმა ავთანდილ სილაგაძემ და აღნიშნა, რომ  მისი ნაშრომები  ქართული ეკონომიკური მეცნიერების  ბრწყინვალე ნიმუშებია, რომელიც დღესაც აქტუალური და უაღრესად საინტერესოა.

ემოციური და გულწრფელი იყო პროფესორ ელენე ხარაბაძის გამოსვლა, რომელმაც  ვრცლად ისაუბრა გივი ჭანუყვაძის ცხოვრების მნიშვნელოვან წლებზე და მის  პიროვნულ ხიბლზე. „ბატონი გივი ყოველთვის ყურადღებით  გისმენდა და მომართული იყო, რომ შენი ნიჭიერება და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო. ის ღრმად ერუდირებული, მრავალმხრივი მკვლევარი გახლდათ, რომელსაც კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ქართული ეკონომიკური მეცნიერების წინსვლისათვის, უდროოდ რომ არ შეწყვეტილიყო მისი ამქვეყნიური ცხოვრება“, – აღნიშნა ემერიტუსმა პროფესორმა ელენე ხარაბაძემ, რომელმაც  დიდი  გულისტკივილით გაიხსენა  გივი ჭანუყვაძის სიცოცხლის უკანასკნელი  დღეები.

საიუბილეო სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ და ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი გაიხსენეს: ასოცირებულმა პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა, პროფესორმა მირიან ტუხაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინა გოგორიშვილმა და სხვებმა.  შეკრებილ საზოგადოებას წერილობით მიმართა პროფესორმა რევაზ გოგოხიამ.

სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. ღონისძიების დასასრულ, შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და სამადლობელი სიტყვით მიმართა, პროფესორ გივი ჭანუყვაძის ქალიშვილმა  ლუიზა ჭანუყვაძემ. მან დიდი  მადლიერება გამოხატა  თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ფაკულტეტს აქვს მისაბაძი ტრადიცია – გაიხსენოს ის დიდი მეცნიერები და გამოჩენილი მოღვაწეები, რომლებიც თავისი ქმედებით, სამეცნიერო პრაქტიკული საქმიანობით ჭეშმარიტად მიეკუთვნებოდნენ თსუ-ის იმ კოჰორტას, რომელმაც სახელი გაუთქვა ქართულ მეცნიერებას და უნივერსიტეტს, რომლებმაც დიდი სიყვარული და აღიარება დაიმსახურეს.  

გივი ჭანუყვაძე დაიბადა 1924 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1966 წლიდან ეკონომიკის  მეცნიერებათა დოქტორია, 1967 წლიდან პროფესორი.

1967-1979 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი. 1971 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების პოლიტეკონომიკის კათედრის გამგე, ხოლო 1978 წლიდან პრორექტორი ეკონომიკური ფაკულტეტების მუშაობის დარგში.

მისი ნაშრომები ძირითადად ეხება თანამედროვე ბურჟუაზიულ პოლიტეკონომიურ კრიტიკას. გივი ჭანუყვაძე არის 100-მდე მეცნიერული შრომის ავტორი. მისი შრომები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე.

Facebook
Twitter
LinkedIn