ბეჟან თუთბერიძის გახსენება

თარიღი: 2023-03-06 16:27:26

ერთი წელი გავიდა პროფესორ ბეჟან თუთბერიძის გარდაცვალებიდან.

ქართულ გეოლოგიურ სკოლას შესანიშნავი მოქალაქე და მეცნიერი გამოაკლდა; სამწუხაროა, დღეს რომ ბატონი ბეჟანის გახსენება გვიწევს.

1969 წელს ბეჟან თუთბერიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიური აგეგმვისა და სასარგებლო ნამარხთა საბადოების ძებნის სპეციალობით და, შემდგომ, თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მთლიანად დაუკავშირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მან საინტერესო გზა განვლო ლაბო­რანტიდან პროფესორამდე;

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დატოვეს მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად. 1972-1978 წწ იყო მინერალოგია-პეტროგრაფიის კათედრის პეტროქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1970-1974 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში. 1975 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1994 წელს, სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, მინერალოგია-პეტროგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება მიენიჭა. ბატონი ბეჟანი გახლდათ: 2003-2005 წწ თსუ-ს გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 2005-2007 წწ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიე­რებ­ათა ფა­კ­ულ­ტეტის დეკანის მოადგილე გეოლოგიის მიმართულებით; 2007-2011 წლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიე­რებ­ათა ფა­კ­ულ­ტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2011 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მინერალოგია-პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოსა და ფაკუ­ლტეტის სამე­ცნიერო საბჭოს წევრი.

ბატონი ბეჟანი იყო გეოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს გეოლოგიური სექციის თავმჯდომარე, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების წევრი.

ბეჟან თუთბერიძე კითხულობდა ლექ­ციების კურსს გეოლ­ოგიის დარგის მაპროფილებელ დისციპლინებში მინერალოგიასა და პეტროლოგიის მიმართულებით; ხელმძღვანელობდა სტუდენტთა საველე პრაქტიკებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს; მონაწილეობდა მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო კონფერენციებში და, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი ბეჟანი სიცოცხლის ბოლომდე ჩვეული, უშრეტი ენერგიით ხელმძღვანელობდა საველე სამეცნიერო ექსპედიციებს.

იგი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით /2003 წ/.

ფართო იყო ბეჟან თუთბერიძის სამეცნიერო ინტერესები. მისი სამეცნიერო კვლევის სფერო ეხებოდა ვულკანოლოგიის, გეოქიმიის, პეტროლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს.

მის კვლევებში განხილულია ხმელთაშუაზღვ­იურ-ალ­პური ნა­ოჭა სარ­ტყ­­ლის-კა­ვკასიის სეგმენტის ნეოგ­ენ­ურ-ანთ­როპოგენური ვუ­ლ­კ­ანი­ზმის განვითარების კანონზ­ომი­ერების, მათი პროდუ­ქტ­ების ნივთიერი შედ­გე­ნი­­ლობისა და გამოვლინების გეოდი­ნამიური პირობები – მაგმური პეტროლოგიის გადაფასებისა და ლითოსფერული ფილების ტექტონიკის კონცეფციის ფარგლებში;

მან შეისწავლა საქართველოს ნეოგენურ-ანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური ჰიდროთერმული მინერალიზაციის პროცესები.

ბეჟან თუთბერიძის მეცნიერული საქმიანობა მარტო თეორიული კვლევებით არ შემოიფარგლებოდა. მან მოგვცა საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინებული ნეოგენურ-ანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული მადნეულ და არამადნეულ სასარგებლო წიაღისეული საბადოების დეტალური საძიებო-შეფასებითი და საძიებო-დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების პრაქტიკული რეკომენდაციები.

ახალქალაქისა და დმანისის პლატოს დოლერ­იტებში მის მიერ პირველად მიკვლეულია მინერალი შაბაზიტის არსებობა. აკადემიკოს ნ. სხირტლაძესთან ერთად სამსარის კალდერის ვულკანიტებში პირველად აღმოჩენილი და შესწავლილია ჰემატიტისა და ალუნიტის გამოვლინებები.

ბატონი ბეჟანი აქტიურად იყო ჩართული ვარძიის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის გეგმის სტრატეგიისა და ქვათაცვენის შეჩერების გადაუდებელი ქმედებების შემმუშავებელ კომისიაში. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შეისწავლა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ამგები ქანების პეტროლოგია.

იგი მონაწილეობდა ინტერდისციპლინურ კვლევებში არქეოლოგებთან, ფიზიკოსებთან, ქიმიკოსებთან ერთად. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა წარმოადგენს ფუნდამენტალური და გამოყენებითი კვლევის სინთეზს. ჩატარებული კვლევის შედეგები ასახულია 100-ზე მეტ მეცნიერულ ნაშრომსა და ორ მონოგრაფიაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში – მისი ხელმძღვანელობით არაერთმა ახალგაზრდამ დაიცვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი. ბეჟან თუთბერიძის ,,მინერალოგია“ და ,,მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით“ წარმოადგენს ფუნდამენტალურ სახელმძღვანელოებს გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისთვის.

ბატონი ბეჟანი განუწყვეტლივ ზრუნავდა გეოლოგიური კადრების მოზიდვასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე. ,,გეოლოგის პროფესია ჭკვიანი და მამაცი ადამიანების პროფესიააო“, – ამბობდა ის და ენერგიას არ იშურებდა, რათა სტუდენტებისთვისაც გაეღვივებინა პროფესიისადმი სიყვარული. საველე პრაქტიკები და ექსპედიციები კიდევ უფრო მეტად აახლოვებდა მას სტუდენტებთან, მისთვის ძვირფასი იყო თითოეული მათგანი. სტუდენტებისთვის ჯერ მასწავლებელი, მერე კი უფროსი მეგობარი და კოლეგა იყო.

ბატონი ბეჟანი განსაკუთრებული მადლიერებით იხსენებდა მის მასწავლებლებსა და უფროს კოლეგებს. ყოველ წელს გეოლოგიის დეპარტამენტში ტარდებოდა მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ამ თვალსაზრისით სამაგალითოა მისი დამოკიდებულება აკადემიკოს ნიკოლოზ სხირტლაძის მიმართ. მისთვის იგი არა თუ მასწავლებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო, არამედ  – უფროსი მეგობარიც იყო.

ფასდაუდებელია ბეჟან თუთბერიძის როლი გეოლოგიის დეპარტამენტისა და მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო მუზეუმ-ლაბორატორიის კეთილმოწყობაში. 2008 წელს, როცა თსუ-ს პირველ კორპუსში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გეოლოგიის დეპარტამენტი მე-11 კორპუსში განთა­ვსდა, ბატონი ბეჟანის ძალ­ისხმევით, თსუ-სა და ფაკულტეტის ადმინ­ისტრაციის დახმარებითა და ხელშეწყობით, დეპარტამენტის თანამშრომელთა თანადგომით, სასწავლო სივრცე თანამედროვე სახით მოეწყო.

ბატონ ბეჟანს კიდევ ბევრი საქმე დარჩა გასაკეთებელი, მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება.

უნივერსიტეტზე უზომოდ შეყვარებული, პროფესიონალი, საქმისთვის თავდადებული, შრომისმოყვარე, პრინციპული, ყურადღებიანი პროფესორ ბეჟან თუთბერიძის სახელი დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრების, აღზრდილების ხსოვნაში.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

გეოლოგიის დეპარტამენტი

Facebook
Twitter
LinkedIn