თსუ-ში ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე 200 ვაკანსია გამოცხადდება

თარიღი: 2024-04-03 18:53:08

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის რაოდენობა 150-200 ასისტენტით გაიზრდება. ამ ეტაპზე გაანალიზებულია არსებული მონაცემები და მიმდინარეობს შეთანხმება ფაკულტეტის წარმომადგენლების ჩართულობით. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განხილვა შედგა რექტორის საბჭოს ფარგლებშიც. ცვლილება თსუ-ს სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ნაწილია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თსუ-ს წესდების მიხედვით ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე შესაძლებელია არჩეულ იქნას დოქტორანტი 4 წლის ვადით. მის კომპეტენციაში შედის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით სასემინარო და კვლევითი სამუშაოების განხორციელება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში (ფაკულტეტზე) მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. შრომის ანაზღაურება და სხვა პირობები განისაზღვრება საერთო შეჯერებული პოზიციის საფუძველზე. მიმდინარეობს მსჯელობა და სავარაუდოა სხვადასხვა კატეგორიის ასისტენტის პოზიციის არსებობა, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი იქნება შესასრულებელი საათების (დატვირთვის) რაოდენობა.

სავარაუდოდ, თსუ-ში ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსები მიმდინარე წელსვე გამოცხადდება.

ზემოთ აღნიშნულ სიახლესა და მის მნიშვნელობაზე თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი გვესაუბრა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის ზრდა კომპლექსურად რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგამდე მიგვიყვანს: თსუ-ს, როგორც აკადემიური დაწესებულების, მდგრადი განვითარების კონტექსტში, გაიზრდება აკადემიური პერსონალის წილი საგანმანათლებლო პროცესში (როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად). აღნიშნული პოლიტიკით ასისტენტის პოზიციის დაკავება შეეძლებათ დოქტორანტებს, რომლებიც, ამ ეტაპზე, მათ შორის მოწვეული პერსონალის სტატუსით საქმიანობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მათი რაოდენობა 350-მდე აღწევს. ჩვენი მიზანია ამ კადრების შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათთვის უწყვეტი კარიერული ზრდის უზრუნველყოფა. ცხადია, ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ასისტენტის აკადემიური პოზიციის დამატებით და მომავალში აუცილებლად დადგება სხვა აკადემიური პოზიციების დამატების საკითხიც (ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი). გარდა ამისა, ცვლილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და უნივერსიტეტს შორის ინსტიტუციური კავშირის გამყარებას; ეს მოგვცემს შესაძლებლობას გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგების უკეთ შეფასებისა და პროგნოზირების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მუდმივ განვითარებას.

ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ზრდას სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით და დადებითად აისახება არაერთ სარეიტინგო სისტემაში უნივერსიტეტის პოზიციონირებაზე.

გარდა ამისა, მიმდინარე წელი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან 2024 წელს უნივერსიტეტი გაივლის (რე)ავტორიზაციის პროცესს. ხსენებული პროცესის ფარგლებში უნივერსიტეტს წარდგენილი აქვს თვითშეფასების ანგარიში და ველით მაძიებლად ცნობას, ხოლო ზაფხულის დასაწყისში  – ავტორიზაციის ექსპერტებს…“, – განმარტავს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn