მედიაგანათლების პროგრამის მონაწილეებმა თსუ-ში არიზონას უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლეს

თარიღი: 2023-11-16 19:28:52

13-18 ნოემბერს,  აშშ-ს საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს  არიზონას (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი მოიცავდა საჯარო ლექციებს და კონსულტაციებს მედიაგანათლების პროგრამის მონაწილეებთან და უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან.

მედიაგანათლების პროგრამა რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება და მასში საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტის მედიასკოლის პროფესორ-მასწავლებლები იღებენ მონაწილეობას. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, ამერიკულ უნივერსიტეტებსა და მედიაორგანიზაციებში ვიზიტს, ამერიკელი პროფესორების  ლექციებსა და  სხვადასხვა ინიციატივებს მედიაგანათლების ამერიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. წინა ვიზიტებზე მედიაპროგრამის ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა დეპოლის უნივერსიტეტი ( ჩიკაგო); წელს პროგრამას მასპინძლობდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი (ICFJ), რომელმაც გაზაფხულზე ათი ქართველი პროფესორისთვის დაგეგმა  ამერიკაში მივლინება, რომელიც ითვალისწინებდა ვაშინგტონში ვიზიტს, რამდენიმე ბეჭდური გამოცემისა და ტელევიზიის მონახულებას, ამერიკული უნივერსიტეტების სასწავლო პროცესის გაცნობას და არიზონას უნივერსიტეტის ვალტერ კრონკაიტის მედიასკოლის აკადემიურ პერსონალთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წლევანდელ პროგრამაში ჩართული იყოს ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.

14 ნოემბერს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებას საპასუხო ვიზიტით ეწვივნენ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოლტერ კრონკაიტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორები: კენ ფოსკეტი და დოქტორი ბილ სილკოქი, ასევე, ამავე უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერი სონან ლალი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის (ICFJ) ადმინისტრაციული და პროგრამების ასისტენტი ბეილი ორი.

ამერიკელმა სტუმრებმა საჯარო ლექციები ჩაატარეს თემებზე: „თავისუფალი პრესის მოდელი სამართლიანი არჩევნების გაშუქებისთვის“, „ჟურნალისტური გამოძიება“ და „სოციალური მედია ჟურნალისტურ განათლებაში“. მათ გამოცდილება გაუზიარეს თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ლექტორებსა და სტუდენტებს, ასევე, მედიაგანათლების პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

პროფესორმა ბილ სილკოქმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არიზონას უნივერსიტეტის კრონკაიტის მედიასკოლამ  წელს საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორს უმასპინძლა, რაც მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. „მივხვდით, რომ ბევრი ინფორმაციის და ღირებული ცოდნის გაზიარება შეგვიძლია ერთმანეთისთვის. ზუსტად ამ მესიჯით დავიწყე დღევანდელი პრეზენტაციაც, რომ ჩვენი ვიზიტიც კოლაბორაციის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაა. მე შევეცადე  კონკრეტული Case-ების საფუძველზე მეჩვენებინა ამბების და მოვლენების სხვა პერსპექტივა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კოლაბორაცია გაგრძელდება და მეტად ინტენსიურ ფაზაში გადავა“, – აღნიშნა მან საუბარში.

პროფესორმა კენ ფოსკეტმა ისაუბრა საგამოძიებო ჟურნალისტიკის სხვადასხვა პრინციპზე და აუდიტორიას საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საკუთარი 30-წლიანი გამოცდილება გაუზიარა. „როდესაც ვფიქრობდით, თუ რა მიმართულებით წაგვეკითხა დღეს ლექციები, მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2024-ში საქართველოში საარჩევნო პერიოდია. ზუსტად ამ უკანასკნელმა განაპირობა დღევანდელი შეხვედრის თემატიკის არჩევანი. შევეხეთ მნიშვნელოვან პრინციპებს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში; განვიხილეთ არჩევნების გაშუქების ამერიკული სპეციფიკა და ვეცადეთ მათ განზოგადებას სხვა ქვეყნების მაგალითზე“, – აღნიშნა მან.

ლექციები ინტერაქციული იყო და დარბაზი აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა პრობლემური საკითხის განხილვაში. „ჩვენი ამერიკელი სტუმრების ემოციური გამოსვლები დარბაზსაც დადებითად მუხტავდა და თანამონაწილეობის, თანაგანცდის ატმოსფეროს ქმნიდა. საბოლოოდ, კმაყოფილი დავრჩით მასპინძლებიც და სტუმრებსაც ასე ეტყობოდათ. გულწრფელი მადლობა უნდა გადავუხადოთ ,,მედიაგანათლების” პროგრამის განმახორციელებელს, აშშ-ს საელჩოს საქართველოში, განსაკუთრებით, ქალბატონ სოფო ბზიშვილს ამ საჭირო და სასარგებლო პროექტისთვის და იმ აქტივობებისთვის, რომელთა მრავალმა რიცხვმა დღევანდელი შეხვედრაც წარმატებით მიითვალა“, – დაწერა სოციალურ ქსელში თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა.

მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი პროფესორების ლექციებზე ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტების დასწრება,  რადგან დღეს, გლობალიზაციის  ეპოქაში, ახალი ცოდნის მიღება და გამოცდილების გაზიარება ეხმარება მედიას თანამედროვე სტანდარტების გადმოტანასა და დანერგვაში.

Facebook
Twitter
LinkedIn