რას განიხილავს ანი როსტიაშვილი ცხოვრების საუკეთესო პერიოდის ამბად?

თარიღი: 2023-10-04 16:58:04

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანი როსტიაშვილი გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კურსს გაივლის და ჟურნალისტიკის პრაქტიკულ საქმიანობაში ჩაერთვება. ,,ბავშვობიდან მომწონდა და მიზიდავდა ეს პროფესია, არაფორმალური განათლებაც მაქვს მიღებული და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საინტერესო, მრავალფეროვანი, არარუტინული და ექსტრემების გამომწვევი პროფესიაა, რომელიც ვერ იტანს უზუსტობებს და ემსახურება სიმართლეს. შესაბამისად, ყველა ეს ჩამოთვლილი უფრო მიმძაფრებს სურვილს, რომ უკეთესად დავეუფლო ჟურნალისტიკას“, – ამბობს ანი.

დღევანდელი ქართული მედიაგარემოს შეფასებისას, ანი როსტიაშვილი აქცენტს აკეთებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესების დარღვევაზე და აცხადებს: ,,ვთვლი, რომ დღეს მედიაგარემო არაობიექტურია და არ აქვს ჯანსაღი ლოგიკა, არის ცალკეული გადაცდომები და დაკარგული აქვს, მეტწილად, თუნდაც ის ,,წესები’’, რასაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ითვალისწინებს. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც არ მომწონს. ბევრი იმდენი უარყოფითი მხარეა, რომ დადებითს აბათილებს“…

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას ანი როსტიაშვილი გარკვეული სახის პრობლემებს ამჩნევს, თსუ მაინც ყველაზე სასურველ უმაღლეს სასწავლებლად მიაჩნია.

,,თსუ-ს, დაარსების დღიდან, უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის განვითარების საქმეში. ის იყო პირველი საგანმანათლებლო სივრცე მთელს კავკასიაში და მისი ღირებულებები, რაც გულისხმობს აკადემიურ თავისუფლებას, კრიტიკულ შემოქმედებით აზროვნებასა და გამჭვირვალე ურთიერთობებს,  ბუნებრივია, რომ მიმზიდველი იყო და არის სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის. ის ფასეულობები, რამაც დღეს ჩვენამდე მოაღწია, თსუ-ს უფრო მეტ ხიბლს სძენს და ვიცი, რომ ესაა ადგილი, სადაც შევძლებ ჩემი თავის რეალიზებას, მიღებული ხარისხიანი  ცოდნის მიზანმიმართულად გამოყენებას. აქ  უამრავი ღირსეული და საინტერესო ადამიანი გავიცანი. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა და საამაყოც“ … – ამბობს ანი.

რა პრობლემას გამოკვეთს, რაც უნივერსიტეტს უკავშირდება? – ამ შეკითხვაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ასეთ პასუხს გვცემს: ,,გამოვყოფდი სტუდენტური სივრცეების ნაკლებობას, რაც, ალბათ, ერთ-ერთი პრობლემაა… ასეთი სივრცეების არსებობის შემთხვევაში ლექციებს შორის არსებულ ინტერვალებს იქ გავატარებდით და დასვენების შესაძლებლობაც უფრო გვექნებოდა. ამ პრობლემასთან ერთად დავასახელებ საგნების არჩევის რთულ პროცესს, რაც უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხთან ასოცირდება. გაუმართავი სისტემა და ცოტა ადგილები, რაც გამოყოფილია სხვადასხვა საგნებზე, უფრო ართულებს აკადემიური რეგისტრაციის პროცესს“, – აცხადებს ანი როსტიაშვილი. სტუდენტს სურს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მოწოდების სიმაღლეზე იყოს და მისი პატარა  ნაწილი გახდეს.

უნივერსიტეტის სივრცეში მას უკვე ჰყავს თავისი ფავორიტი ლექტორები, რომლებსაც დიდ მადლობას უხდის: ,,ჩემი საყვარელი ლექტორები არიან ირაკლი ბათიაშვილი და ირინა ჯავახაძე. ალბათ, ლოგიკურიც იქნება, თუ ვიტყვი, რომ ისინი გამოირჩევიან თავიანთი  პროფესიონალიზმით, ადამიანური ფასეულობებით. მათი ლექციები ჩემს მეხსიერებაში შეინახება, როგორც ცხოვრების საუკეთესო პერიოდის ამბები“, – ასეთია ანი როსტიაშვილის შთაბეჭდილებები, რასაც გვიზიარებს. გარდა იმისა, რომ თსუ-სგან დიდი მოლოდინები აქვს, საკუთარ თავსაც უყენებს მოთხოვნებს – იყოს პასუხისმგებლიანი.  ,,ჩემთვის პასუხისმგებლობაა ნებისმიერი აღებული საქმის ძირფესვიანად და მაქსიმალურ დონეზე შესრულება, როცა შეგიძლია საკუთარი სინდისისა და მორალის წინაშე არ გრცხვენოდეს, არ დააღალატო ის, ვისაც შენი იმედი აქვს, ბოლოს კი  იყო კმაყოფილი მიღებული შედეგებით“… – ამბობს ანი და ელოდება უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებასა და კარგ მომავალს.

Facebook
Twitter
LinkedIn