ანი ბაღდადაშვილის ჩუმად ნაწერი ლექსების თაობაზე

თარიღი: 2023-11-17 16:43:32

„ბავშვობიდანვე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა წერა და მიმაჩნდა, რომ პროცესში ვაქსოვდი იმ ემოციების ძირითად ნაწილს, რომელსაც ხშირად სიტყვებითაც კი ვერ გადმოვცემდი. წერასთან ერთად მხატვრული ლიტერატურაც ძალიან მიყვარს და, შესაბამისად,  ჩემი პროფესიული არჩევანი ზუსტად წერისა და კითხვის სიყვარულმა განაპირობა“, – გვიყვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების მე-4  კურსის სტუდენტი ანი ბაღდადაშვილი. ანი ბავშვობიდან გატაცებულია პოეზიით, მას  პატარა ასაკში აღმოაჩნდა პოეზიის ნიჭი და მას შემდეგ, წლებთან ერთად, წერის კულტურაც განივითარა. ოთხი წლის წინ ანიმ ცხოვრება თსუ-ს დაუკავშირა და ცხოვრებაში პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა. ,,თსუ-ზე არჩევანი შევაჩერე იმიტომ, რომ ჩემთვის თსუ-ს ქართული ფილოლოგია  ასოცირდებოდა დიდ ისტორიასა და პროფესიონალ ლექტორებთან, რომლებიც შეძლებდნენ ჩემთვის ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას.  თსუ-ში ყველა მზადაა შენთვის გამოცდილების გასაზიარებლად  იმისთვის, რომ „თავი შეგაცნობინონ” და სტუდენტმა თავისი რეალური ინტერესები აღმოაჩინოს“, – აღნიშნავს ანი.

აუცილებელია, ადამიანმა ნიჭი აღმოაჩინოს საკუთარ თავში, რათა ბუნებისგან ნაბოძები შესაძლებლობები არ დაიკარგოს, თუმცა ნიჭს რეალიზება უნდა, მას სჭირდება ფართო გზა და ამ გზის გაკვალვა, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია ხოლმე. ჩვენი რესპონდენტის ნიჭი ბავშვობიდანვე არ დარჩენილა ყურადღების მიღმა.

ანის პოეზიისადმი დადებით დამოკიდებულებას პირველად მისი ბაბუა მიხვდა, ხოლო შემდეგ მისი ახლობლებისთვის ნელ-ნელა გახდა ცნობილი, რომ ანი სხვებს არ ჰგავდა და მასში იყო რაღაც, რასაც რითმების გრძნობა და „ფრაზებით თამაში“ ერქვა.

მას მერე იყო მრავალი გამოწვევა და გაუხმაურებელი ლექსი, რომელსაც ანი წერდა, მაგრამ არავის უკითხავდა… იყო მომენტები, როცა ვერ იტევდა სათქმელს და უნდოდა, რომ მისი პოეზიის შესახებ სხვასაც სცოდნოდა. ახლაც ასეა, ანი აგრძელებს წერას მაშინ, როცა სათქმელი უგროვდება. ,,არის ხოლმე მომენტები, როცა ყოფით ცხოვრებაში ბევრი დეტალი გიგროვდება ადამიანს – უთქმელი, სხვისთვის გაუზიარებელი. ადამიანი ხომ სულ იტოვებს რაღაცებს ,,თავისთვის”,  მასში როგორც დადებით, ასევე, უარყოფით ემოციებს. ეს ემოციები  ნელ-ნელა გროვდება და სადღაც გამოხეთქავს ხოლმე. მაგალითად, შესაძლოა დილას ფანჯრიდან გაიხედო, მზის სხივს თვალი გაუსწორო და უცებ ყველა დაგროვილი ემოცია ისე შემოგაწვეს და შემოგეჭიდოს, ვეღარაფერს შვრები – ზიხარ და წერ“, – ამბობს ანი.

მასთან საუბრისას საოცარი სიმშვიდე და რომანტიზმი იგრძნობა, რაც ხშირად ახასიათებთ ხელოვან და მოაზროვნე ადამიანებს. ზოგადად, მოაზროვნე ადამიანები, სამწუხაროდ, არ ხმაურობენ… ანი ბაღდადაშვილიც სწორედ ასეთი აღმოჩნდა:  „ჩუმად, ჩემთვის მიყვარს წერა. რამდენჯერმე იყო, რომ გავბედე და ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გავუზიარე  ან გადავგზავნე სადმე. ჯერჯერობით,  ჟურნალ „აფინაჟის” საიტზე გამოქვეყნდა ჩემი ლექსების მცირე ნაწილი წლების წინ,  სხვაგან არსად გამოქვეყნებულა, რადგან არც გამიგზავნია.  ზოგჯერ ახლობლებსაც არ ვუმხელ,  რომ ვწერ. მაგალითად, როცა ჟურნალმა გამომიქვეყნა ლექსები,  ჩემმა ოჯახის წევრებმაც კი ლექსების ძირითადი ნაწილი პირველად მაშინ წაიკითხეს.  ანი ასევე გვიყვება, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მას უადვილებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას და ამბობს, რომ ამ კუთხით თსუ სტუდენტებს სხვადასხვა შესაძლებლობას აძლევს.  ,,მონაწილეობას ვიღებ სამეცნიერო კონფერენციებში და საკმაოდ საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა ამ მიმართულებით; ასევე, ვესწრები უნივერსიტეტში გამართულ ლიტერატურულ საღამოებსა და საჯარო ლექციებს. თავად სტუდენტებიც იწვევენ ხოლმე თანამედროვე პოეტებს,  რომლებიც გვაცნობენ საკუთარ პოეზიას“, – აღნიშნავს ანი. თსუ ის ადგილია, სადაც სტუდენტების შესაძლებლობები ყურადღების მიღმა არავის რჩება და მათი ინტერესებიც აუცილებლად კმაყოფილდება. ანის პოეზიის შესახებ კურსელებისა და პროფესორების ვიწრო წრემ იცის და აღფრთოვანებულებიც არიან, თუმცა თავად ავტორს ჯერ თავისი გეგმები ჩამოყალიბებული არ აქვს. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში დაუფლებული პროფესიით მუშაობას გეგმავს, თუმცა პოეზია იქნება თუ არა მისი ძირითადი საქმიანობის სფერო, ამას მომავალი გვიჩვენებს. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სადაც არ უნდა იყოს, წერის სურვილის გაჩენისთანავე შექმნის საინტერესო ჩანახატებს. ანისთვის თავისი ლექსებიდან ყველა მნიშვნელოვანია და ყველა საინტერესო მოგონებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ განსაკუთრებულად საყვარელი ლექსი არ აქვს. ,,ტექნიკურად, ალბათ, ზოგი უფრო მეტად დახვეწილია, ზოგი – ნაკლებად (დროშიც დიდი ცვლილებაა მათ შორის).  ჩვევა მაქვს,  არაფერს ვცვლი ხოლმე ლექსში. მგონია, ის ტექნიკური  ,,დაუხვეწაობაც”  საჭიროა  ხანდახან,  რომ თუნდაც საკუთარი პროგრესი დაინახო.  ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლიათ, თუმცა მაინც ყველა ძვირფასია“, – ამბობს ანი.

                                                                                                                       ანი მამისაშვილი

                          თსუ-ს ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn