ანა ჩხაიძე, აშშ-ში, საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმდა

თარიღი: 2023-06-15 13:01:28

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ანა ჩხაიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის (Institute of International Finance) გლობალური პოლიტიკის ინიციატივების დეპარტამენტში  პოლიტიკის უფროსი მრჩევლის პოზიციაზეა დასაქმებული. ანა ჩართულია საერთაშორისო დონეზე მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის შემუშავებასა და ამ მიმართულებით სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში.

ანა ჩხაიძემ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის მიმართულება 2016 წელს წარჩინებით დაამთავრა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. როგორც თავად ამბობს, აშშ-ში სწავლის გაგრძელება ყოველთვის უნდოდა და საწადელს მიაღწია კიდეც.

,,საქართველოში 6 წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტე რეალური ნაბიჯები გადამედგა ამ მიმართულებით. 2021 წელს მოვიპოვე ფულბრაითის სტიპენდია და Kent State University-ში გავაგრძელე სწავლა ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე, ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურსაც ამ მიმართულებით ვეძებდი, სადაც შევძლებდი ჩემი გამოცდილების და ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას და, ამავდროულად, პროფესიულ განვითარებას. ამერიკულ შრომის ბაზარზე ძალიან მაღალი კონკურენციაა, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტებისთვისაა თავის დამკვიდრება რთული. შესაბამისად, ჩემ შემთხვევაშიც, ეს პროცესი გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მიზანდასახულობამ და დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო“, – ამბობს ანა.

ანა ჩხაიძეს თავისი პროფესია ძალიან მოსწონს და აცხადებს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა.  ანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ემადლიერება და ამ კედლებში მიღებული ცოდნით კმაყოფილია. ,,უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი საფუძველი შემიქმნა შემდგომი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ვფიქრობ, მთავარი გლობალურად ფიქრი, კრიტიკულად აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარია. ამასთან, მახსოვს რამდენიმე კონკრეტული მომენტი ლექციებიდან, საიდანაც გაჩნდა იდეა ჩემში და ამ ინსპირაციამ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი კარიერის მთავარი კურსის განსაზღვრაში“, – აღნიშნავს ანა ჩხაიძე.

თსუ-ს წარმატებული კურსდამთავრებული თავის მომავალს საქართველოს უკავშირებს და სურს, რომ აშშ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.

Facebook
Twitter
LinkedIn