ABET-ის საერთაშორისო სიმპოზიუმზე დამსწრე თსუ-ს დელეგაცია სიახლეებს გვიზიარებს

თარიღი: 2024-04-22 14:09:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ქალაქ ტემპაში (TAMPA – ფლორიდა, აშშ) საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციის  ABET-ის საერთაშორისო სიმპოზიუმსა და ვორქშოპს დაესწრო. სიმპოზიუმი ყოველწლიურად იმართება, სადაც საინჟინრო და ტექნოლოგიური უმაღლესი განათლების ძირითადი თანამედროვე ტენდენციები და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტები განიხილება. თსუ-ს ორ პროგრამას – ელექტრულ და ელექტრონულ ინჟინერიასა და კომპიუტერულ მეცნიერებას – ABET-ის  საერთაშორისო აკრედიტაცია 2019 წლიდან აქვს მიღებული.  პროგრამების რეაკრედიტაციაზე  წარდგენა 2025 წელს იგეგმება. სიმპოზიუმი რეაკრედიტაციისათვის მზადყოფნის შემოწმების, კრიტერიუმებში მოსალოდნელი ცვლილებების დადგენის, პროფესიული განვითარების, პროფესიული ქსელის გაფართოების, სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების, აკრედიტაციის შესახებ სხვადასხვა შეხვედრებსა თუ სემინარებში მონაწილეობისა და სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით გაიმართა.

 „სიმპოზიუმის მონაწილეებს საშუალება გვქონდა დავსწრებოდით სესიებს, რომლებიც ეძღვნებოდა აკრედიტაციის კრიტერიუმებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას.  მონაწილეობა  მივიღეთ დისკუსიებში. სიმპოზიუმის მონაწილეებს შორის მოხდა თავიანთი პერსპექტივების, გამოწვევების და წინადადებების გაზიარება შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც გავლენას მოახდენს კრიტერიუმების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაზე.

შევნიშნავთ, რომ წინა აკრედიტაცია ჩვენ განახლებული კრიტერიუმების ფარგლებში მოგვიწია. ამჯერადაც აღმოვაჩინეთ, რომ რიგი ცვლილებებისა განხილვის ფაზაშია, თუმცა მათი მიღება ჩვენი რეაკრედიტაციის ვადას სცილდება, თუმცა გავეცანით რა პროგრამასთან მიმართებაში შემოთავაზებულ  ახალ მოთხოვნებს და მოლოდინებს, უნდა დროულად ვიზრუნოთ დარგის იმ ქვემიმართულებებზე, სადაც, დიდი ალბათობით, საჭირო გახდება კორექტირების შეტანა, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პროგრამების ABET სტანდარტებთან შესაბამისობაში ყოფნა. გვქონდა საშუალება დაგვესვა კითხვები და მოგვესმინა პასუხი ისეთი ექსპერტებისაგან, რომელთაც ათწლეულობით დაგროვილი ცოდნა აქვთ ამ სფეროში. გვქონდა საუბარი/დისკუსია 3 წლიანი სწავლების შემთხვევაში თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი პროგრამის ABET კრიტერიუმებთან შესაბამისობაში დარჩენა“, – განმარტავს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ხაჩიძე.

„ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში ინტეგრაციის საკითხს ცალკე სხდომა დაეთმო. საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ინტეგრაციაზე. პრეზენტაციამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, საწყის ეტაპზე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მიდგომას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა ყველა თანხმდებოდა, რომ  სასწავლო პროცესში ის ნამდვილად დასანერგია გარკვეული საბაზისო უნარების ჩამოყალიბების შემდეგ“, – აღნიშნა პროფესორმა მაგდა ცინცაძემ.

თსუ-ს დელეგაცია ABET-ის საერთაშორისო სიმპოზიუმზე მანანა ხაჩიძის, მაგდა ცინცაძის, გიორგი ღვედაშვილის, ცისმარი გავაშელისა და თამარ გოგუას შემადგენლობით იმყოფებოდა. ამ დროისთვის საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების რეაკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ CAC კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ჯერ კიდევ განხილვის ფაზაშია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლებულ კრიტერიუმებთან პროგრამების თანხვედრის უზრუნველსაყოფად, უკვე იწყება  კურიკულუმის მოდიფიკაციისთვის მზადება. დელეგაციის წევრები სემინარის ჩატარებასა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებისათვის ჩამოტანილი რესურსების გაცნობა/გაზიარებასაც გეგმავენ. „ასევე ვფიქრობთ, სწავლებაში  ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცნობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვება და საპილოტე რეჟიმში მაინც შევძლებთ გარკვეული პლატფორმების დანერგვას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მუდმივი გაუმჯობესების კულტურის ხელშეწყობისაკენ“, – აცხადებენ დელეგაციის წარმომადგენლები.

Facebook
Twitter
LinkedIn