თსუ-ს დასავლური ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი რუსუდან ენუქიძეს ემშვიდობება

თარიღი: 2022-11-12 17:02:12

,,შემოფრქვევით შემომეგება ერთი ასული – რუსუდან ენუქიძე”- წერდა 60-იან წლებში გრიგოლ რობაქიძე, რომელიც ლოზანაში ნინო სუხიშვილისა და ილიკო რამიშვილის კონცერტებსა და რეპეტიციებს დაესწრო. ახალგაზრდა რუსიკო ენუქიძესაც იქ  შეხვდა, რომელიც მაშინ სუხიშვილების ანსამბლის სოლისტიც იყო და თან თარჯიმნის მოვალეობასაც ითავსებდა ანსამბლის უცხოეთში გასტროლების დროს. გრიგოლ რობაქიძე მოიხიბლა მისი მშვენიერებითა და გაოცდა, რომ ახალგაზრდა ქალი მის შემოქმედებას იცნობდა, რომელიც  საბჭოთა საქართველოში აკრძალული იყო.

დიახ, რუსიკო ენუქიძე ის ადამიანი იყო, რომელშიც ერთდროულად შენივთებული იყო უმშვენიერესი გარეგნობა და ძლიერი ინტელექტი, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე, თვით გრიგოლ რობაქიძესავით მრავლის მნახველ ადამიანზეც კი.  ამიტომ რა გასაკვირია, რომ მისი პიროვნული მომხიბვლელობა  ვრცელდებოდა  მის კოლეგებსა და ნაცნობებზე, ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, მის სტუდენტებზე.

განუზომელია მისი ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის, კერძოდ, ინგლისური ფილოლოგიის დარგის განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების მრავალი თაობის აღზრდის  საქმეში. თავდაპირველად, რუსუდან  ენუქიძე 70-იან წლებში ინგლისურ ენას ასწავლიდა მომავალ ანგლისტებს. მაშინ თავადაც ახალგაზრდა ლექტორი იყო, რომელიც სტუდენტებს უზომოდ გვიყვარდა. ყველა ერთხმად ვთანხმდებოდით, რომ არავინ ლაპარაკობდა ინგლისურად მასავით კარგად, არავის ეცვა მასავით ელეგანტურად და დახვეწილი გემოვნებით. ყველაზე ლამაზი რომ იყო – ამას ხომ მთელი თბილისი აღიარებდა.

1984 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,მხატვრული ქრონოტოპი და მისი ლინგვისტური ორგანიზაცია’’, ხოლო 1991 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა’’. შემდეგ ორივე ნაშრომი მონოგრაფიის სახით დაიბეჭდა: ,,დროულ – სივრცობრივ მიმართებათა ლინგვისტური ორგანიზაცია მხატვრულ ტექსტში (ინგლისურ-ამერიკული მოთხრობის მასალაზე)“. თბილისი,  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1984; და ,,ლინგვისტური პრაგმატიკა და მხატვრული ტექსტის პროცესუალობა (ინგლისურ-ამერიკული მოთხრობის მასალაზე)“. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1990.

ქალბატონი რუსიკო  იყო პირველი, ვინც ლინგვოსტილისტიკის სწავლება და კვლევა დაიწყო საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ბევრი სტუდენტი იტყვის, რომ  სტუდენტობის წლებში პირველად მისგან გაიგონა ბევრი რამ, რასაც მერე მიუბრუნდა საკვლევად: მხატვრული დრო, ქრონოტოპი, მხატვრული ტექსტის თხრობითი დინამიკა. დღეს თუ ჩვენი სტუდენტები თამამად საუბრობენ ლინგვოსტილისტიკის ურთულეს საკითხებზე, ეს იმისი დამსახურებაა, რომ 70-იან წლებში რუსიკო ენუქიძემ ჩაუყარა საფუძველი ამ მიმართულებით კვლევას.

რუსიკო ენუქიძე იყო ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, დაჯილდოვებული იყო ივანე ჯავახიშვილისა და ღირსების ორდენით, იყო ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების (LSA) წევრი…. ალბათ კიდევ ბევრი სხვა ჯილდო და რეგალიაც ექნებოდა, თუმც არა მგონია, რომ ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, ან მათთვის, ვინც რუსიკო ენუქიძეს იცნობდა. რადგან მის მშვენიერებასა და გონიერებასთან შედარებით ყველა ჯილდო და თანამდებობა უფერული ჩანდა.

უზომოდ უკომპრომისო და პრინციპული ადამიანი იყო. მკაცრი და ზოგჯერ ჯიუტიც. ძალიან  მკაცრი ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრობდა და ყველასგან იგივეს ელოდა. ამიტომ მასთან ურთიერთობა დიდი ბედნიერებაც იყო და ძნელიც, ამავდროულად, რადგან მუდმივად მაღალ თამასაზე გვიწევდა ყველას სწორება, სულერთია მეცნიერებას შეეხებოდა ეს, სწავლებას, თუ ყოველდღიურ ცხოვრებას.  თვითონ მას არასდროს გასჩენია ცდუნება, ოდნავ მაინც რაიმეთი ესარგებლა საკუთარი კეთილდღეობისათვის.  სამაგიეროდ, ხმალამოღებულს შეეძლო ებრძოლა თავისი კოლეგებისა და სტუდენტების დასაცავად.  დარწმუნებული ვარ, ბევრ მის ახალგაზრდა კოლეგას ახსოვს მისი მხარდაჭერა, გამხნევება, მის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა. რუსიკო ენუქიძე იყო ადამიანი, რომელსაც სხვისი წარმატება ისე ახარებდა, როგორც თავისი. იშვიათად თუ მოიძებნება შურისგან ასე აბსოლუტურად დაცლილი ადამიანი. თუმც ისიცაა:  ვისი  რა შეიძლება შეშურებოდა, როცა ყველაფერი ჰქონდა: ნიჭიერება, სილამაზე… ჰყავდა მეუღლე – საქვეყნოდ ცნობილი ფილოსოფოსი და უნიჭიერესი შვილები.

2010  წლიდან რუსიკო ენუქიძე ემერიტუს პროფესორი გახდა, ხოლო ბოლო ათი წელი შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ სრულიად ჩამოშორდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას და სახლში ჩაიკეტა. მიუხედავად ამისა, მისი  არსებობა, როგორც სამეცნიერო და პედაგოგიური მეტრის, მუდმივად იგრძნობოდა. მისი გარდაცვალებით თითქოს დაიხურა ძალიან ლამაზი და ნათელი ფურცელი, რომელიც მუდამ გვემახსოვრება, როგორც ნიმუში ღირსეულად განვლილი ცხოვრებისა.

გემშვიდობებით, უმშვენიერესო ქალბატონო.

თსუ, დასავლური ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი.

Facebook
Twitter
LinkedIn