რა ხდის განათლების პოლიტიკის ტრანსფერს წარმატებულს?

თარიღი: 2023-03-15 19:44:05

კიდევ ერთი საინტერესო კვლევა გამოაქვეყნეს Web of Science-სა და Scopus-ში ინდექსირებულ, იმპაქტ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალ TRAS-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულების მკვლევრებმა – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორობის კანდიდატმა სანდრო ტაბატაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა სალომე დუნდუამ.

 სტატიაში –  „რა ხდის განათლების პოლიტიკის ტრანსფერს წარმატებულს?” –   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მაგალითზე განსაზღვრულია განათლების პოლიტიკის ტრანსფერის ხელშემწყობი ფაქტორები, წარმოდგენილია ახალი და ალტერნატიული ჩარჩო.

„განათლებაში პრინციპების/წესდებების შემუშავება და ტრანსფერი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტია. ამ პროცესის უარყოფითი და დადებითი მხარეები აშკარად ვლინდება პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემები ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა დონორი ორგანიზაციების მხრიდან გაზრდილი ინტერესების შესაბამისად. განათლების პრინციპების ტრანსფერისა და მონაცემთა ანალიზის შემოთავაზებული საყოველთაოდ მიღებული ჩარჩო საშუალებას გვაძლევს გამოვიტანოთ ძირითადი დასკვნები, რათა პასუხი გავცეთ საკვლევ შეკითხვას: რა განაპირობებს განათლების პოლიტიკის ტრანსფერის წარმატებას? ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორების გარდა, როგორებიცაა რთული სოციო-კულტურული გარემო და განათლების სისტემის ვერტიკალური ადმინისტრაცია, არსებობს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორიც: მუდმივი პოლიტიკური მხარდაჭერა, მოტივირებული გუნდი, რომელმაც იცის,  როგორ უნდა ააშენოს ორგანიზაციული კულტურა, ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გაიგოს/შეიგრძნოს ადგილობრივი კონტექსტი და შექმნას საგარეო პოლიტიკის ტრანსფერის ქსელები. ამ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს შეუძლია განათლების პრინციპების ტრანსფერი წარმატებული გახადოს“, – ნათქვამია აბტრაქტში.

კვლევა დაეყრდნო ორთოდოქსულ/საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოს/ფრეიმს, გაანალიზებულ მონაცემებს და 15 სიღრმისეულ ინტერვიუს.  ანალიზის შედეგად, ავტორები მიდიან დასკვნამდე, რომ NAEC-ის განათლების პოლიტიკის ტრანსფერი წარმატებული იყო პროგრამული და პოლიტიკური თვალსაზრისით.

სტატიის შემაჯამებელ ნაწილში ავტორები მიუთითებენ, რომ  „NAEC-ის ლიდერისა და გუნდის მაღალმა პროფესიონალიზმმა და მოტივაციამ ხელი შეუწყო საგარეო პოლიტიკის ტრანსფერის  ქსელების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი კონტექსტის კორექტირებას და ყველა დაინტერესებულ მხარესთან დამხმარე და მუდმივ კომუნიკაციას. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს  წარმატებული, თუ არსებული და შემდგომი მთავრობები არ უზრუნველყოფენ უწყვეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას“.

ნაშრომის მეთოდოლოგიური მიდგომა და მასში ასახული ფაქტორები შეიძლება გამოიყენონ პოსტსოციალისტური განათლების კვლევის მეცნიერებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განათლების პოლიტიკის ტრანსფერის მიზეზებისა და შედეგების დადგენით.

Facebook
Twitter
LinkedIn