პრეზიდენტის ინიციატივები  – გაცხადებული ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის ამსახველ გამოფენაზე

თარიღი: 2022-09-23 21:16:53

,,მე არაერთხელ გამოვედი ინიციატივით, რომ (ალბათ, უფრო ვაკის პარკში) შეიქმნას, ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ფორმით, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, რომელთა შორისაც იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე.

ამ დღეს XIX-XX საუკუნეების ცნობილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის შრომების, ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი სამეცნიერო ლიტერატურის ციფრული ვერსიების გამოფენა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით და საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გამოცემული ჩერქეზიშვილის 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი  საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.

გამოფენაზე მოწვეულნი იყვნენ ვარლამ ჩერქეზიშვილის მშობლიური მხარის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც  განსაკუთრებით  აღნიშნა  საგარეჯოელი  მოსწავლეების სტუმრობა გამოფენაზე და რამდენიმე ინიციატივაც გაახმიანა. კერძოდ, მისი თქმით, კარგი იქნება თუ ვაკის პარკში გაიხსნება მემორიალი, რომელიც შემოინახავს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი პოპულარიზაციისთვის დიდი შრომა გასწიეს პოლიტიკურ ემიგრაციაში. „ემიგრაცია არ დაწყებულა მხოლოდ 1921 წლის შემდეგ, ის ბევრად  უფრო  ადრე, რუსული იმპერიის დროს დაიწყო და ვარლამ ჩერქეზიშვილი იმ დროს უკვე იყო პოლიტიკურ ემიგრაციაში. ეს ადამიანები იქ ამზადებდნენ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს, ჩვენს სახელმწიფო იდეოლოგიას, იბრძოდნენ იმთავითვე დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, რომ ეს ქვეყანა სწორედ ევროპულ საწყისებზე შექმნილიყო. ვარლამ  ჩერქეზიშვილი  ანარქისტი  იყო  და, ამავდროულად, სხვებთან  ერთად იბრძოდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოს მშენებლობისათვის. დღეს, როცა აქედან ვუყურებთ ისტორიის ამ ფურცლებს, ვრწმუნდებით, რომ თურმე შესაძლებელია ეროვნული თანხმობა შედგეს, თუნდაც იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენები და იდეოლოგია გააჩნიათ;  შესაძლებელია,  რომ  სახელმწიფოს ირგვლივ და მისი შექმნის ირგვლივ შედგეს ის ეროვნული თანხმობა, რომელიც დღეს ესოდენ გვჭირდება. ვარლამ ჩერქეზიშვილი ამის კარგი მაგალითია. ამიტომ მე არაერთხელ გამოვედი ინიციატივით, რომ (ალბათ, უფრო ვაკის პარკში) შეიქმნას, ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ფორმით, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, რომელთა შორისაც იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ასევე წამოაყენა წინადადება, სკოლაში დაიწყოს პოლიტიკური ემიგრაციის პერიოდისა და ემიგრანტების შესახებ საფუძვლიანი სწავლება.

გამოფენის გახსნისას სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, მეცნიერი და მკვლევარი გოჩა ფერაძე და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს და თსუ-ის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ვარლამ ჩერქეზიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა უსახსოვრა.

პრეზიდენტის სასახლეში წარმოდგენილი იყო 1860-1925 წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, მის მიერ უცხოეთში გამოქვეყნებული შრომების ფოტოილუსტრაცია.

ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა კვლავ გრძელდება. ის გასცდება დედაქალაქს და რეგიონებშიც გაიმართება.

ვინ იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი?

ვარლამ ჩერქეზიშვილი – ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში. იგი რამდენჯერმე გადაასახლეს, 1876 წლიდან კი მოახერხა ევროპაში გაქცევა და იმავე წელს პირველი ინტერნაციონალის წევრი გახდა. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სოციალისტური მოძრაობის ისტორიაში. ვარლამ ჩერქეზიშვილს ანგარიშს უწევდნენ მოძრაობის ლიდერები: კ, კაუცკი, კ. ლიბკნეხტი და სხვები. ის გახლდათ პოლიტიკოსი, რომელმაც, ქართველებიდან პირველმა, მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნეთა ყურადღება მიაპყრო რუსეთის მიერ 1783 წელს საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ ასპექტებს და ჰააგის 1907 წლის კონფერენციაზე ეს საკითხი მსჯელობის საგნად აქცია. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველი სოციალ-ფედერალისტების მიერ დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელი  მოძრაობის დახმარებაში, იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

მეცნიერები წერენ, რომ თუ საქართველოში ეროვნული ძალების შემაკავშირებლის და წინამძღოლის ფუნქციას ილია ჭავჭავაძე ასრულებდა,  იმ პერიოდის  ევროპაში ჩვენს ქვეყანას ვარლამ ჩერქეზიშვილის სადარი გულშემატკივარი არ ჰყოლია.

1918 -1921 წლებში ვარლამ  ჩერქეზიშვილი  ჰოლანდიელ  მეუღლესთან,  ფრიდასთან,  ერთად საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო და თავი ინგლისისთვის შეეფარებინა, სადაც გარდაიცვალა 1925 წელს. მისი ფერფლი დაკარგულად ითვლებოდა და გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ მიაკვლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ფერაძემ, რომლის ინიციატივითაც ბევრი საქმე გაკეთდა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის უკვდავსაყოფად. დღეს მეცნიერი  ცდილობს აღასრულოს ვარლამ ჩერქეზიშვილის უკანასკნელი სურვილი და მისი ნეშტი საქართველოს დაუბრუნდეს.

სწორედ გოჩა ფერაძემ  წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას გამოფენა, რომელშიც ნაჩვენები იყო ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა.

Facebook
Twitter
LinkedIn