თინათინ ვაშაკიძის პირველი ნაბიჯები ქვეყანაში კრიმინალის შემცირების მოტივით

თარიღი: 2023-05-29 19:33:29

,,კრიმინალურ ქცევაზე მოქმედი გარეგანი ფაქტორები’’ – ამ სახელწოდებით წარადგინა თავისი მოხსენება თსუ-ს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა თინათინ ვაშაკიძემ ინტერდისციპლინურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ორი ფაკულტეტის –  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების ეგიდით ჩატარდა.

,,პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სურვილი გამიჩნდა  – რაიმე ახალი და საინტერესოთი გამომეცადა საკუთარი შესაძლებლობები, რის გამოც უფრო მეტად ვაქცევდი ყურადღებას უნივერსიტეტის ვებ გვერდსა თუ სოციალურ გვერდებზე დადებულ განცხადებებს.

როდესაც ამ კონფერენციაზე ინფორმაციას წავაწყდი, გადავწყვიტე – უკან აღარ დამეხია და ჩემს მეგობართან და კოლეგასთან ერთად შემეძინა ახალი გამოცდილებები, მომესმინა კომპეტენტური ადამიანების აზრი და სხვა პრეზენტატორების – ჩვენი კოლეგების კვლევებიდანაც მესწავლა რაღაც ახალი“, – ამბობს თინათინ ვაშაკიძე, რომელმაც კოლეგასთან ერთად წარმატებით წარადგინა თავისი მოხსენება კონფერენციაზე, რამაც მსმენელების მოწონება დაიმსახურა.

,,აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ადამიანი დამნაშავედ არ იბადება, მრავალი გარეგანი ფაქტორი მოქმედებს მის კრიმინალად ჩამოყალიბებაზე. ამ ფაქტორების შეცვლა უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, აქედან გამომდინარე კი – კრიმინალის შემცირება თუ ზრდა დამოკიდებულია ისევ და ისევ ჩვენზე“, – აღნიშნავს თინათინი და ამბობს, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც კრიმინალურ ქცევაზე მოქმედი ფაქტორებით დაინტერესდა.

,,ჩემთვის თავიდანვე საინტერესო იყო კრიმინალური ქცევა, მისი გავლენა სოციუმზე და თავად მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები.  რამდენიმე წელია უკვე ამ საკითხით ვარ დაინტერესებული, ვეცნობი სხვადასხვა ლიტერატურას და კვლევებს, ამავდროულად, ვცდილობ – ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობასთან დავაკავშირო. შემაშფოთებელია კრიმინალის მაჩვენებლის ზრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მეწყვილემ და კოლეგამ გადავწყვიტეთ ამ ეტაპზე ჩაგვეტარებინა დოკუმენტური კვლევა არასრულწლოვანთა კრიმინალური ქცევის შესახებ, გაგვეანალიზებინა და ერთად შეგვეკრა ამ საკითხთან დაკავშირებული თეორიები თუ კვლევები და დამუშავებული მასალა გაგვეცნო საზოგადოებისათვის“, – ამბობს თინათინი.

ბლიც-ინტერვიუ

  • რატომ აირჩიე შენი პროფესია და რამდენად მოგწონს?
  • ჩემთვის რთული იყო პროფესიის არჩევა, რადგანაც ჯერ ისევ საკუთარი თავის ძიების პროცესში ვიყავი. შესაძლოა ესეც ერთგვარი ბიძგი იყო – ამერჩია სწორედ ის განხრა, რომელიც იკვლევს ადამიანში მიმდინარე სხვადასხვა კომპლექსურ პროცესებს. მართალია, ახლაც საკუთარი თავის ძიების პროცესში ვარ, თუმცა, ჩემს ამ გადაწყვეტილებაში  დღემდე  მყარად ვარ დარწმუნებული.
  • რა ცოდნას გაძლევს უნივერსიტეტი?
  • უნივერსიტეტი საშუალებას გვაძლევს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან ინტერაქციით მივიღოთ ღრმა ცოდნა ჩვენ მიერ არჩეულ პროფესიაზე და  ზოგად საკითხებზე.
  • ვინ არის/არიან უნივერსიტეტში შენი საყვარელი ლექტორ(ებ)ი?
  • ლექტორებიდან განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თინათინ ბანძელაძე, ვისთანაც პირველად შეხება მქონდა საგნის  – ,,ფსიქოლოგიის საფუძვლები” – არჩევისას. მისმა სწავლების მეთოდებმა და სტუდენტებისადმი დამოკიდებულებამ არა მხოლოდ მე, არამედ მის ჯგუფში და მის ჯგუფს გარეთ მყოფი ბევრი სტუდენტი მოხიბლა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქალბატონ თინათინს მივმართეთ ამ კვლევაზე მუშაობისას დახმარებისა და ჩვენი ხელმძღვანელობისთვის.
  • რა პრობლემას გამოკვეთდი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან?
  • ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ უნივერსიტეტის ყველა კორპუსი არასრულად ითვალისწინებს შშმ პირების საჭიროებებს და არ არის სათანადოდ აღჭურვილი.
  • რა სურვილები გაქვს, რაც უნივერსიტეტს და შენს სტუდენტობას უკავშირდება?
  • ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილია უნივერსიტეტში ორგანიზებული იყოს მეტი შეხვედრები უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან.
Facebook
Twitter
LinkedIn