გავრცელებული დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად თავდაცვის სამინისტრო სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

თარიღი: 2023-05-18 17:54:59

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა  სტუდენტებს  განახლებული პროექტი – „ჩვენი ჯარი“ – წარუდგინეს. პროექტი საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს  თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, თავდაცვის ძალების დანიშნულების,  სტრუქტურის, ჯარში მოხვედრისა და კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების  უფროსი სერჟანტი გიორგი ხუბულური თსუ-ს სტუდენტებს პროექტის – „ჩვენი ჯარი“ შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებთან, რომელთაც (ამომწურავი ინფორმაციით, ფოტო-ვიდეომასალით გამდიდრებული პრეზენტაციების სახით) საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიას, ამოცანებს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე  რეფორმებს,  სამხედრო სამსახურში მოხვედრისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს აცნობენ. 

„დღევანდელი პროექტი ხორციელდება პროექტის – „ჩვენი ჯარი“  – ფარგლებში, რომელიც 2016 წლიდან არსებობს და მას, ძირითადად,  საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებს ვაცნობდით. დღეიდან  ამ პროექტის განხორციელება უკვე  უმაღლეს სასწავლებლებშიც  დაიწყო. თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უნივერსიტეტებშიც განხორციელდეს. თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტად აძლიერებს ამ ქვეყნის მოქალაქეების თანადგომა და თითოული ჯარისკაცისთვის  ყველაზე დიდი მოტივატორი  ახალგაზრდების მხარდაჭერაა“, – განაცხადა  გიორგი ხუბულურმა.

,,ჩვენი მიზანი და ამოცანაა სტუდენტებს გავაცნოთ ახალი თავდაცვის კოდექსის   კანონპროექტი,  რომელიც ამოქმედდება  2025 წლიდან. მათ უნდა იცოდნენ, რატომ არის იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი. სტუდენტებს მივაწოდებთ ინფორმაციას არა მარტო საკონტრაქტო  სამხედრო სამსახურის შესახებ, არამედ მათთან სხვა შეთავაზებებსაც განვიხილავთ“,  – განაცხადა ლეინტენანტმა  მარიამ ამბოკაძემ, რომელმაც სამხედრო მომზადება კანადის თავდაცვის აკადემიაში გაიარა.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დეტალურად ახსნეს,  თუ რა შეთავაზება ექნება სახელმწიფოს ახალგაზრდებისთვის თავდაცვის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

მათი  განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსის კანონპროექტში ცვლილებები შედის და სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ.

,,ახალი კოდექსით, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ: თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი; ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო, სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება. ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის 3 წლის ამოწურვის შემდგომ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს”, – წერია  თავდაცვის სამინისტროს  განცხადებაში.

„პროგრამა ძალიან მოქნილი იქნება სტუდენტებისთვის.  გვექნება 4 სახის შეთავაზება, რომელიც მორგებული იქნება ახალგაზრდებისთვის, მათი შეხედულებისამებრ. ეს მსახურება  ისეა შედგენილი, რომ მაქსიმალურად მოერგოს  სტუდენტის  სტატუსს, ისე, რომ მათ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ.

გარდა სტუდენტებისა, ამ პროგრამით სარგებლობა მათაც შეუძლიათ, ვისაც უმაღლესი განათლება აქვთ. ეს პროგრამა, ასევე, საინტერესოა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უმაღლესი დამთავრებული აქვს და, მაგალითად, მუშაობს. ანუ შესაძლებელია, რომ სამსახურს არ მოსწყდეს და ის სამხედრო მომზადებას შეუთავსოს. ვალდებულების მოხდა ამ ფორმითაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა უფროსმა სერჟანტმა  გიორგი ხუბულურმა. ახალგაზრდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი  ინფორმაცია მოისმინეს.

მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს მომავლის დაგეგმვაში დაეხმარებათ

„დღეს ამ ახალ კოდექსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა… რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვა სტუდენტებს  უჩნდებათ. ასეთი ტიპის შეხვედრები კი სწორი ინფორმაციის  მიწოდებას უწყობს ხელს. შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული იყო. კითხვები, რომლებიც ბუნდოვანი იყო,  გაიშიფრა და  პასუხები ნათელი  გახდა ჩვენთვის, სტუდენტებისთვის“, –  აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა  ნათია გურაშვილმა. 

„შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო, ბევრი რამ ისეთი გავიგე, რაზედაც წარმოდგენა არ მქონდა.  ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენთვის,  რადგან პირველი პირისგან ვისმენთ ზუსტ ინფორმაციას, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს“, – განაცხდა  თსუ-ს სტუდენტმა გოჩა ქამადაძემ. 

„აქ მოსმენილი პასუხები ჩვენი მომავლის დაგეგმვაში  შეგვიწყობს ხელს, ბევრი ახალი რამ გავიგე საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ და მიმზიდველია ის შეთავაზებები, რასაც სამინისტრო სტუდენტებს გვთავაზობს.  შეხვედრა  კეთილგანწყობილი და ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა  ბუხუტი  ციფურიშვილმა, რომელმაც სტუდენტების სახელით დიდი მადლობა გადაუხადა  საინტერესო შეხვედრის ორგანიზატორებს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.  

სტუდენტებთან გამართული შეხვედრა და მათთან განხილული საკითხები ლეინტენანტმა მარიამ ამბოკაძემ  ასე შეაფასა: ,,უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ჰყავს გონიერი, ნიჭიერი, პატრიოტი  ახალგაზრდები,  რომლებიც ყოველთვის დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას და მის ინტერესებს“. შეხვედრის ბოლოს მარიამ ამბოკაძემ სხვადასხვა  უნივერსიტეტში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დააანონსა, სადაც ახალგაზრდებს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის და რეზერვის სახეებს გააცნობენ.

Facebook
Twitter
LinkedIn