სტუდენტური კონფერენციის – „გეოპოლიტიკური ანომალია“ – გამარჯვებულები

თარიღი: 2023-05-18 18:37:55

უზბეკეთს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ აზიაში; რეგიონის სტაბილურობა დამოკიდებულია უზბეკეთის პოლიტიკურ ვითარებაზე; საერთაშორისო საზოგადოება უზბეკეთისადმი სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენს; უზბეკეთი გააკრიტიკეს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის გამო, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს საარჩევნო სისტემაზე; საქართველოში უზბეკეთის შესახებ ინფორმაცია მწირია, უფრო მწირია კვლევები. ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში სისტემური პოლიტიკური ანალიზის დეფიციტია, ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხის კვლევა“, – ამბობს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი თამარ ბიბიჩაძე, რომელიც სტუდენტური კონფერენციის – „გეოპოლიტიკური ანომალია“ –  გამარჯვებული გახდა. კონფერენცია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

თამარ ბიბიჩაძის კვლევა უზბეკეთში ჩატარებული არჩევნების ანალიზს მოიცავს. ნაშრომში ასევე მოცემულია საქართველოსა და უზბეკეთის, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების, საარჩევნო, ეკონომიკური და, ზოგადად, ორივე ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებული ვითარების შედარებითი ანალიზიც.

„კვლევა უაღრესად აქტუალური და დროულია უზბეკეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით. პრეზიდენტის შავკათ მირზიიოევის ხელმძღვანელობით, ქვეყანამ დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სერია, რომელიც მიზნად ისახავს სისტემის ლიბერალიზაციას. თუმცა, ქვეყნის ავტოკრატიულმა წარსულმა მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მისაღწევად.

კვლევის პრობლემის ძირითადი მახასიათებელია უზბეკეთში საარჩევნო პროცესების შესახებ მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაციის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალე და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის არარსებობა, მთავრობის მიერ მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის დაწესება; ასევე, ნამდვილი პოლიტიკური კონკურენციის არარსებობა და შეზღუდული პოლიტიკური თავისუფლებები. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სისტემური პოლიტიკური ანალიზის ნაკლებობაც.

კვლევის შედეგების მიხედვით დადასტურდა ჩემი ჰიპოთეზა, რომ  უზბეკეთში არჩევნები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველი პარტია იყენებს სხვადასხვა მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მათ შორის, მედიის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკური ოპოზიციის აზრის ჩახშობასა და ადამიანის უფლებების დარღვევას“, – განმარტავს თამარ ბიბიჩაძე.

სტუდენტის კვლევაში შედარებითი ანალიზის შედეგების მიხედვით, არჩევნების სამართლიანად ჩატარების თვალსაზრისით, საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბევრი ფაქტობრივი მსგავსებაა, განსხვავება დარღვევების ინტენსიურობასა და სიმძაფრეში გამოიკვეთა.

„უზბეკეთში არ არსებობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მექანიზმები, არის კორუფციული გარემო და ნეპოტიზმი – ამ სამ ძირითად მახასიათებელს გამოვყოფდი“, – აზუსტებს თამარ ბიბიჩაძე და აცხადებს: – „საქართველოში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, თუმცა  საჭიროდ მიმაჩნია, რომ უფრო მეტი ვიცოდეთ, ზოგადად, შუა აზიის ქვეყნების შესახებ თუნდაც იმიტომ, რომ არ გავიმეოროთ იგივე და, ამასთანავე, ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურ სივრცეში სწორი ორიენტირების დანახვის შესაძლებლობად გამოვიყენოთ“.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებული კონფერენცია – „გეოპოლიტიკური ანომალია“ –  აპრილის თვეში ჩატარდა. კვლევების პრეზენტაციის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდა. თამარ ბიბიჩაძის მოხსენებასთან ერთად საუკეთესოდ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების  – ლეილა ჩხეტიანისა და ელენე ფანჩულიძის კვლევები დასახელდა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

Facebook
Twitter
LinkedIn