სტუდენტების დასაქმების პრობლემა და საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა

თარიღი: 2022-10-26 19:28:02

საქართველოს შრომითი ბაზარი სტუდენტებისთვის საკმაოდ არაკომფორტული და პრობლემური რომ არის, ამ საკითხზე ახალგაზრდები წლებია საუბრობენ. დრო გადის, პრობლემა კი პრობლემად რჩება. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც სტუდენტისა და დამსაქმებლის ურთიერთობას არეგულირებს, შესაბამისად, იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ, სამუშაოს ძიებისას ან შემდგომში დასაქმებისას შეღავათები გათვალისწინებული არ არის.

სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემა რომ გააცნობიერო, ამისთვის ვაკანსიებისათვის თვალის გადავლებაც საკმარისია. მათი უმრავლესობა სრულ გრაფიკს ითვალისწინებს. იშვიათად გვხვდება სამსახურები ნახევარ განაკვეთზეც, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი ტიპის სამუშაოს ანაზღაურება მინიმალურია.

სტუდენტები სამსახურის მოსაძებნად სოციალურ ქსელებში არაერთ ჯგუფს ქმნიან, თუმცა აქ განთავსებული ვაკანსიებიც, არც თუ ისე იშვიათად, სასწავლო გრაფიკთან შეუსაბამოა, ამიტომ ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ ხშირად ვხვდებით კომენტარებს ,,თქვენი აზრით, ეს სტუდენტზე მორგებულია?“, ,,ანუ მთელი დღე სამსახურში უნდა ვიყო?“, ,,სტუდენტზე მორგებული გრაფიკი, იცით, რას ნიშნავს?“ ,,სასაცილო ანაზღაურებაა“ და ა.შ.

რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სტუდენტებზე მორგებული სამსახური თითქმის არ არსებობს, თუმცა ახალგაზრდებს ეკონომიკური პრობლემების გამო მაინც უწევთ მუშაობა? ასეთ დროს სტუდენტები ან სამსახურს, ან სწავლას ირჩევენ. სრული გრაფიკი ლექციებზე დასწრების საშუალებას არ იძლევა, ახალგაზრდების ნაწილს კი ფინანსური ვალდებულებები აქვს, შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, სტუდენტები სწავლას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ და თანხის გამომუშავებაზე არიან გადართულნი. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ამჯობინებს, ჯერ ხარისხიანი განათლება მიიღოს და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაიწყოს მუშაობა.

,,მეორე კურსზე ვმუშაობდი, ჩემი ფული რომ მქონოდა, თან მაშინ ონლაინ ვსწავლობდი და ლექციების ნაწილს სამსახურიდან ვესწრებოდი. დაბალი ანაზღაურება იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წამოვედი, ისაა, რომ გაზაფხულიდან აუდიტორიული სწავლების დაწყების გამო ვეღარ ვახერხებდი სწავლის და მუშაობის შეთავსებას. ახლაც მინდა მუშაობა, მაგრამ იმ ვაკანსიებში რაც ვნახე, გრაფიკი გადატვირთულია ან ხელფასია მიზერული. ბევრ კომპანიას ჰგონია, რომ რადგან სტუდენტი ხარ, აუცილებლად უნდა დათანხმდე იმ პირობებს, რასაც დამსაქმებელი გთავაზობს, როცა პირიქით, სტუდენტს იმდენი დრო და ენერგია სჭირდება სწავლაში, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სწავლაზე მორგებული გრაფიკი და ნორმალური ანაზღაურება, ისეთი, როგორსაც სტუდენტები იმსახურებენ”, – თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ნანა გელაძემ.

სტუდენტზე მორგებული სამსახურის დაწყება რომ საკმაოდ რთულია, ამაზე ისაუბრა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა თამთა თურმანიძემაც. ,,სამსახურის აქტიური ძიების პროცესში ვარ, თუმცა დღემდე არ გამოჩნდა ისეთი პოზიცია, რომ დავსაქმდე. ვაკანსიებში უმეტესად ითხოვენ ერთ ან მეტწლიან გამოცდილებას, მე კი გამოცდილება არ მაქვს, რადგან თავიდანვე სწავლაზე ვიყავი კონცენტრირებული. გარდა ამისა, სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია გრაფიკი და უმეტესად ვეძებთ ნახევარ განაკვეთზე სამსახურს, რომ სწავლა მოვახერხოთ, თუმცა ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ასეთი გრაფიკის სამსახური ან არ არსებობს, ან იმასთან მიახლოებულიც კი არ არის, რასაც ვეძებთ”.

მუშაობის არც თუ ისე ცუდი გამოცდილება აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს ანა გურეშიძეს. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის გამო სამსახურის დატოვება მაინც მოუწია. ,,ვმუშაობდი ტანსაცმლის მაღაზიაში, დღეში 8 საათი და 30 წუთი. ანაზღაურება დღეში 24 ლარი იყო. გრაფიკის მხრივ მენეჯერი ხელს მიწყობდა, ისეთი დასვენების დღეები ავიღე, როდესაც ვსწავლობდი, თანაც ონლაინ ტარდებოდა ლექციები და დასწრებასაც ვახერხებდი. ხელფასი იყო ძალიან დაბალი, დროისა და ფინანსების უქონლობის გამო არ ვიცოდი – გართობა რა იყო. აუდიტორიული სწავლების დაწყების შემდეგ სამსახურიდან წამოვედი. ახლა ვეძებ ისეთ ვაკანსიას, რომელიც ჩემს გრაფიკზე იქნება მორგებული, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში არის არაანაზღაურებადი სტაჟირებები და ისიც უნივერსიტეტთან შეუთავსებელი გრაფიკით. ამიტომ, ამ ეტაპზე, სამსახური არ მაქვს, თუმცა მუშაობის დაწყება მინდა”, – თქვა ანამ.

ერთი მხრივ, სტუდენტებს უჭირთ სწავლაზე მორგებული სამსახურის პოვნა, თუმცა, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ნაწილსაც არ სურს ისეთი ახალგაზრდების აყვანა, რომლებიც უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ. ,,მირჩევნია ისეთი ადამიანი ავიყვანო სამუშაოდ, ვისაც სწავლა დამთავრებული აქვს და თავისუფალია. სტუდენტები მომთხოვენ გათავისუფლებას, გააცდენენ სამუშაო საათებს, ამიტომ მათი აყვანისგან თავს ვიკავებ”, – განაცხადა ერთ-ერთი მარკეტის მფლობელმა ნინო ფიფიამ.

სტუდენტების დასაქმების პროცესს ისიც ართულებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ ერთიანი, ჩამოყალიბებული სისტემა ახალგაზრდების დასასაქმებლად.  „ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ბაკალავრის ბოლო კურსზე დავსაქმდი და, ასე თუ ისე, შევუთავსე სწავლას. ვფიქრობ, სტუდენტმა პირველი რამდენიმე კურსი მაინც უნდა ისწავლოს, რომ შესაბამისი შედეგი დადოს. პირადად მე უნივერსიტეტმა დამასაქმა, სტაჟირება გავიარე ბოლო კურსზე და შემდეგ დავიწყე მუშაობა. ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს, თუმცა უშუალოდ დასაქმებას მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით“, – თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალთა მართვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ანი ოთარაშვილმა.

ამრიგად, საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული სიტუაცია იმის მანიშნებელია, რომ ამ მხრივ აუცილებელია ცვლილებების განხორციელება საკანონმდებლო დონეზე. გარდა ამისა, დამსაქმებელსაც უნდა ესმოდეს, რომ სამუშაო ძალას სტუდენტებიც შეადგენენ, ამიტომ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული პოზიციებისა თუ სამუშაო გრაფიკის გამოყოფა, რა თქმა უნდა, მისაღები ანაზღაურებით.

ნიცა სოლოღაშვილი

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn