თსუ-ში სივრცეების კეთილმოწყობის პროექტზე მუშაობა დაწყებულია

თარიღი: 2022-09-30 21:30:35

თსუ-ის ადმინისტრაცია, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას იწყებს. კონკურსის შედეგად შეირჩა კომპანია, რომელმაც ეზოების კეთილმოწყობის პროექტები განახორციელა. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, ისინი ეტაპობრივად მომავალი წლიდან დაიწყება.

,,ჩვენ გვაქვს ყველა სასწავლო კორპუსის ეზოების მოწყობის პროექტი. საუბარი შეეხება, პირველ რიგში, თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ ხევის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც რეალურად, ამ ეტაპზე, აუთვისებელია. პროექტის თანახმად,  ძალიან ლამაზი სივრცე გაჩნდება.

ანალოგიური სივრცეები მოეწყობა ყველა იმ სასწავლო კორპუსთან, სადაც ამის საშუალება არის, მაგალითად, მე-10 კორპუსის (მაღლივი კორპუსის) შიდა თუ წინა ეზო, მე-11 კორპუსის (ბიოლოგების კორპუსის) მიმდებარე ტერიტორია, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე (ტურიზმის სკოლა) კორპუსებთან მდებარე სივრცეები, მედიცინის ფაკულტეტის კორპუსების გარე სივრცეები (ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის კორპუსების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეზოს მოწყობაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია). ჩვენ მომავალი წლიდან ამ პროექტს ეტაპობრივად ვიწყებთ. ასე რომ,  უნივერსიტეტს ექნება საკმაოდ მოწესრიგებული სივრცეები როგორც  სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისთვის“, – აღნიშნა თსუ-ის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა  ლაშა საღინაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ სტუდენტური სივრცეების მოწყობის პროექტებს, ეს ტენდენცია გრძელდება.

სტუდენტური სივრცეები ყველა სასწავლო კორპუსში მოეწყო. ახალი 2022-2023 წლიდან სტუდენტებისთვის პირველი კორპუსის ფოიე და დერეფნები შეივსო მოსაცდელი ავეჯით და გალამაზდა შიდა ინტერიერი. სტუდენტური სივრცეები მოეწყო, ასევე, ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში, მეორე, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე (ტურიზმის სკოლა), მეათე (მაღლივი), მეთერთმეტე (ბიოლოგების) და მედიცინის ფაკულტეტის კორპუსებში.

,,უახლოეს პერიოდში დამატებით ინვენტარს ველოდებით, რომ სტუდენტური სივრცეები სრულად შეივსოს. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, რათა ჩვენს სტუდენტებს  შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი“, – ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

სწორედ განტვირთვისთვის და დაძაბულობის მოხსნის მიზნით რეაბილიტირდა საგამოცდო ცენტრის რიგი სივრცეები, სადაც დღემდე დამატებით მიმდინარეობს სხვა სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად არცთუ სასიამოვნო გარემოში უწევდათ მისვლა საგამოცდო ცენტრში, ახლა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ“, – აღნიშნა ლაშა საღინაძემ.

Facebook
Twitter
LinkedIn