რა სიახლეებით შეხვდა ახალ სასწავლო წელს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი?

თარიღი: 2022-09-28 16:42:39

გვესაუბრება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

თამარ გაგოშიძე

„ახალ სასწავლო წელს განახლებული აკადემიური პროგრამებით შევხვდით: აკრედიტაცია გაიარა ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამებმა და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამამ.  განახლებულია და აკრედიტაცია გაიარეს შრომისა და ორგანიზაციის სამაგისტრო ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამებმა. წელს ამ პროგრამებზე კონკურსი იყო. აკრედიტაცია გაიარა ახალმა სამაგისტრო პროგრამამ – „გავლენები და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ და უკვე მიიღო მაგისტრანტები. მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე ძალიან ბევრი მსურველი გვყავს. მასწავლებელთა მომზადების 300 კრედიტიან პროგრამაში ახალი არჩევითი კურსები მომზადდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

ინკლუზიური განათლების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენთან სწავლობს უსინათლო გოგონა, რომლისთვისაც სპეციალურად მუშაობს ორიენტაციის ტრენერი და ხელს უწყობს სასწავლო კორპუსში მისთვის გადაადგილების სწავლებას. ზოგადად, შშმ პირებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ თსუ-ის მესამე კორპუსი ძველი შენობაა და იმ პირებისთვის, ვისაც გადაადგილება აქვთ შეზღუდული, ფაქტობრივად, შეუძლებელია აქ სწავლა, თუმცა გარემო ადაპტირებული გვაქვს უსინათლო სტუდენტებისთვის, შემუშავებული და დანერგილია სწავლების შესაბამისი მეთოდიც, რაშიც ცენტრალური ადმინისტრაცია ძალიან გვეხმარება და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო.  ინკლუზიური განათლების მიმართულებით ფაკულტეტზე „შშმ საკითხების კვლევის ცენტრი“ მუშაობს, რომელიც ერასმუს + პროექტის ფარგლებში, ინკლუზიური განათლების კუთხით, მასწავლებელთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დავნერგეთ უსინათლო ადამიანებისთვის საჭირო სასწავლო ტექნოლოგიები.

სიახლეა ისიც, რომ განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი ამზადებს სრულიად ახალ სამაგისტრო პროგრამას პროფესიულ განათლებაში. სწავლება ინგლისურ ენაზე იქნება.

სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით აღვნიშნავ, რომ ფაკულტეტზე უკვე მესამე წელია გამოდის „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“, სადაც ჩვენი აკადემიური პერსონალი პერიოდულად აქვეყნებს ახალი კვლევების შედეგებს. სტუდენტური კვლევები იბეჭდება „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების სტუდენტურ ჟურნალში“, გამოქვეყნებამდე ნაშრომები რეცენზირებისა და რედაქტირების თვალსაზრისით  რთულ ეტაპებს გადის, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალი ხარისხის პერიოდიკა იქმნება სტუდენტური ნაშრომებით.

ჩვენი აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მასშტაბით აღიარების კონტექსტში მინდა აღვნიშნო პროფესორ ვლადიმერ გამსახურდიას მონოგრაფია – “პროკულტურაციის თეორია. სელფის განვითარება ინტერკულტურული კომუნიკაციის პროცესში”, რომელიც გამომცემლობა შპრინგერმა (Springer) გამოაქვეყნა. თანამედროვე მიგრაციების სიტუაციაში ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. ეს ლადო გამსახურდიას რიგით მეორე ინგლისურენოვანი მონოგრაფიაა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პროექტი „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში“, რომლის მიზანიცაა სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების აქტიური დანერგვა.

ასევე, ვგეგმავთ ჩვენი ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინ-ცენტრის გაძლიერებას. ფაკულტეტი მონაწილეობს ერასმუს+ პროექტში „ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების შექმნა საქართველოს უსდ-ებში“. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გვინდა, რომ გავიზიაროთ უცხოელი კოლეგების გამოცდილება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კეთილდღეობის  მხარდაჭერის საკითხებში.

მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება და აკრედიტაციაზე წარვადგენთ ადრეული განათლების სპეციალისტების მოსამზადებელ აკადემიურ საბაკალავრო პროგრამას. პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან  UNICEF, სან დიეგოს უნივერსიტეტთან, ისრაელის გორდონის კოლეჯთან”.

Facebook
Twitter
LinkedIn