„სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის“ სალექციო კურსი – სტაჟირებისა და დასაქმების რეალური პერსპექტივა

თარიღი: 2022-10-13 15:57:37

დაახლოებით თორმეტი წლის წინ, საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეფორმა განხორციელდა, დაინერგა მუშაობის ელექტრონული სისტემა, შრომის ბაზარზე გაჩნდა შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებზე მოთხოვნა, რამაც დღის წესრიგში დააყენა საჭიროება, რომ ახალი კადრების მომზადება განახლებული ან სრულებით ახალი კურსებით დაწყებულიყო. ამავე პერიოდიდანვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე არჩევითი საგნის სტატუსით ახალი სასწავლო კურსი – „სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკა“ დაინერგა, რომელსაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გაფრინდაშვილი უძღვება.

„2012 წლის გაზაფხულის სემესტრიდან მოვამზადე „სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის“ სასწავლო კურსი და შევთავაზეთ სტუდენტებს. ეკონომიკური პოლიტიკის კათედრამ  მიიღო  გადაწყვეტილება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ახალი სალექციო კურსის დანერგვას – საგანს მიენიჭა სავალდებულო სტატუსი ეკონომიკური პოლიტიკის მოდულის სტუდენტებისთვის, ხოლო არჩევით კურსად ხელმისაწვდომია როგორც ეკონომიკის სპეციალობის, ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებისათვის. სალექციო კურსის დამუშავებისას აქტიურ კონსულტაციას გავდიოდით  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, რომელიც ამ სფეროში ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო გახლდათ. ასევე, გვქონდა აქტიური კომუნიკაცია სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რამაც სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის ამოქმედების საშუალება მოგვცა.

საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილი, 2021 წლის მონაცემით, დაახლოებით, 30% იხარჯება სახელმწიფო შესყიდვების გზით. შესაბამისად,  კერძო სექტორში ყოველწლიურად საკმაოდ დიდი თანხები მიემართება, რაც მნიშვნელოვანი პროცესია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ისე, ზოგადად, ეკონომიკისთვის. რიგ შემთხვევებში ეს არის ბიზნესისთვის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმი, რათა მათ ჰქონდეთ დამატებით გარანტირებული ხელშეკრულებები და მოტივაცია საქონლის წარმოების მოცულობის გაზრდის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თუ სხვა მიმართულებით“, – აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი. 

ბოლო 12 წლის განმავლობაში, საგნის გავლის შედეგად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სტაჟირება 250-მდე სტუდენტმა გაიარა. მათი დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია.

უნივერსიტეტში სწავლის დროს მიღებული ცოდნის მნიშვნელობას ახლა უკვე ის ადამიანები აფასებენ, რომლებმაც კარიერული წინსვლა სტაჟირებით დაიწყეს და ბოლო რამდენიმე წელია თავისი პროფესიით მუშაობენ.

თეონა ბეროძე საქართველოს მელიორაციის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილეა, რასაც წინ უძღოდა სტაჟირება და დასაქმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შემდეგ იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სხვადასხვა პოზიცია….

„თითოეულ პოზიციამდე გავიარე კონკურსები, გასაუბრება, რაშიც მნიშვნელოვნად დამეხმარა უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნა და სტაჟირების განმავლობაში მიღებული გამოცდილება. ყოველივე ამან განსაზღვრა ჩემი კარიერა. „სახელმწიფო შესყიდვების“ კურსის ფარგლებში ვსწავლობდით თეორიულ მასალას კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის ძირითადი ფუნქცია ახალგაზრდის აზროვნების ფორმირებაა, თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროგრამა მორგებული იყოს არსებულ რეალობაზე და კონკურენტუნარიანი კადრი მოამზადოს“, – ამბობს თეონა ბეროძე.

„საკმაოდ ახლოს არის „სახელმწიფო შესყიდვების“ სასწავლო პროგრამა შრომის ბაზრის და დამსაქმებლების მოთხოვნებთან, სწორედ ის საკანონმდებლო ბაზა ისწავლება, რაც შემდეგ გამოიყენება შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას. მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე, უკეთ ვაანალიზებ, რომ სტაჟირების გარეშე გამოწვევებთან გამკლავება გამიჭირდებოდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე საგნის გავლის შედეგად  გაქვს შესაძლებლობა პროფესიული განვითარება დაიწყო“, – აღნიშნავს თეონა ჩონიაძე, რომელიც ამ დროისთვის თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

„ორი წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიმუშავე“, – იხსენებს ნიკო ხუციშვილი და ამბობს – ,,ბოლო სამი წელია სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ვარ. როდესაც სტაჟირება დავიწყე, თეორიული მასალების გარდა, უკვე ნასწავლი მქონდა შესყიდვების ელექტრონული სისტემა და უცხო ჩემთვის არაფერი არ იყო, მით უფრო, რომ პრაქტიკა გავლილი მქონდა. ვფიქრობ,  „სახელმწიფო შესყიდვების“ კურსი ერთ-ერთი საუკეთესოა უნივერსიტეტში, რადგან პირდაპირ კავშირშია დამსაქმებლების მოთხოვნებთან“.

ვესაუბრეთ სტაჟირების ეტაპზე მყოფ  სტუდენტებსაც. რეზო ფხალაძე მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს და პრაქტიკებს თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში გადის. რეზო ბაზრის კვლევიდან დაწყებული ხელშეკრულების გაფორმებამდე  – სახელმწიფო შესყიდვების ყველა ეტაპზე აქტიურად ჩართულია და სამუშაო პროცესში თეორიული ცოდნის ყველა ასპექტს იყენებს.

სალომე ბერიძე და თინათინ ქებაძე, ასევე, თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში დასაქმდნენ. სალომე ბერიძემ მუშაობა ახლა დაიწყო, მაგისტრატურის პირველი სემესტრის სტუდენტია და ფიქრობს, რომ სწავლა, შემდეგ კი კვლევა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით გააგრძელოს, ამაში კი სამსახურში მიღებული გამოცდილებაც დაეხმარება. თინათინ ქებაძე 2019 წლიდან უნივერსიტეტის თანამშრომელია, უკვე მეორე კატეგორიის სპეციალისტი პირველ პროფესიულ ნაბიჯებს იხსენებს: „როდესაც ამ საგანს ვსწავლობდი, უნივერსიტეტში ლექტორი თითოეულ საკითხს ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდებოდა;  ცდილობდა მაქსიმალურად რეალობაზე მოერგო თეორიული ცოდნა, გვქონდა როგორც ელექტრონულ სისტემასთან შეხება, ასევე,  ტენდერებთან. შედეგად, მუშაობის დაწყებამდე უკვე ძალიან კარგად ვიცოდით ყველაფერი.“

„სახელმწიფო შესყიდვების“ საგნის ფარგლებში სტუდენტების სტაჟირებაზე გაგზავნას ორი წინაპირობა აქვს  – კარგი აკადემიური მოსწრება და მაღალი ინტერესი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მიმართ.

„სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკა“ ყველა სემესტრში იკითხება. პრაქტიკული კომპონენტი სილაბუსშივე გათვალისწინებულია. საბოლოო შეფასებისთვის სტუდენტები ამზადებენ პრეზენტაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ანალიზს ითვალისწინებს. ერთი სემესტრის განმავლობაში მისცე სტუდენტს ყველა აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევა, შეუძლებელია, ამიტომ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები, ჩვენი რეკომენდაციით, სტაჟირებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გადიან. საამაყოა, რომ უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარი „ქსელი“ და დასაქმებული კურსდამთავრებულები ახალ თაობებს ეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში“, – აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი.

სახელმწიფო შესყიდვების სფერო მუდმივად განახლების და რეფორმირების  პროცესშია. ამ დროისთვის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში  ნაკისრი ვალდებულებებიდან  და  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია პარლამენტშია ინიცირებული. კანონის ძალაში შესვლიდან რამდენიმე წელში   სახელმწიფო შესყიდვების დარგში მომუშავე კადრების სერტიფიცირება იგეგმება. გიორგი გაფრინდაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები საგნის სილაბუსშიც პარალელურ რეჟიმში აისახება: „დაგეგმილი სიახლეების შედეგად მოხდება შესყიდვების სისტემის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სისტემასთან, რაც, თავის მხრივ, ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე სახელმწიფო კონტრაქტების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. ბუნებრივია, ყველა ეს სეგმენტი სტუდენტების სასწავლო პროგრამაშიც უნდა აისახოს, რაც სამომავლოდ  სერტიფიცირების პროცესში მათ მონაწილეობას  ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენმა  სტუდენტებმა წარმატებით დაიმკვიდრონ თავი თანამედროვე  შრომის  ბაზარზე, მათი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნიშნავს.

გარდა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა, სასწავლო პროგრამაში  ჩართულია კვლევების შედეგები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით ტარდება: ვცდილობთ გამოვკვეთოთ სად როგორი კონკურენციაა, ადგილობრივი კომპანიები რამდენად არიან ჩართული წარმოების პროცესში (თუ მთლიანად იმპორტზე არიან დამოკიდებული?!). ვცდილობთ, კვლევის პროცესში ჩავრთოთ სტუდენტები მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე, თუ, რა თქმა უნდა, სურვილი ექნებათ, რომ სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით გააგრძელონ კვლევითი საქმიანობა“.

აკადემიური საქმიანობის პარალელურად, გიორგი გაფრინდაშვილი „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველი საბჭოს“ წევრია. მისი განმარტებით,  ეს დამატებითი შესაძლებლობაა, რომ სტუდენტებს ინფორმაცია რეალურ, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით მიაწოდოს.

„აღნიშნული მაგალითები უშუალოდ ეხება პროცესებს, რომლებიც ვითარდება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, გვაჩვენებს – თუ რა სიახლეებია, როგორია ტენდენცია. იმ შემთხვევაში, თუ კაზუსური საკითხებია, რომელიც მსჯელობას ითხოვს, ლექცია-სემინარებზე ხდება მათი განხილვა. რაც მთავარია, ეს არის ე.წ. ცოცხალი მაგალითები, რომლებიც ფიქსირდება დროის რეალურ მონაკვეთში ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნავს თსუ-ის ასოცირებული პროფესორი.

Facebook
Twitter
LinkedIn