მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის თსუ-ს 4 ახალგაზრდა მეცნიერი დაჯილდოვდა

თარიღი: 2023-10-02 17:40:54

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის კონკურსში „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული 7 ახალგაზრდა მეცნიერიდან 4 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელია.

2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით – ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ დურგლიშვილი.

მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთი ცომაია.

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით – გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ასანიძე.

სოციალური მეცნიერებების მიმართულებით – სამართლის დოქტორი გიორგი ამირანაშვილი.

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულების შერჩევისას ბოლოს სამი წლის განმავლობაში კონკურსანტების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები,  ზოგადად, აკადემიური ბიოგრაფია და მათი სამოტივაციო წერილები განიხილა.

გიორგი ამირანაშვილი: „ამ კონკურსის ფარგლებში, უმთავრესად, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების ღირებულება ფასდება საერთაშორისო მასშტაბის გათვალისწინებით. ჩემი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია იტალიის, გერმანიისა და პორტუგალიის სამეცნიერო ჟურნალებში. სამოტივაციო წერილში ხაზგასმული მქონდა ქართული კერძო სამართლის ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია იმ თემების ფარგლებში, რაზეც ვმუშაობ, ესენია: მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ტურიზმის სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალთან დაკავშირებული სიახლეები“.

ლაშა ასანიძე: „მინდა მადლიერება გამოვხატო  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ, რომელიც დღეს მხარში უდგას ქართულ მეცნიერებას. რაც შეეხება რუსთაველის ფონდის პრემიას მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და, ამავე დროს, ამაყი ვარ, რომ 2023 წლის კონკურსში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით მე გავიმარჯვე და წარმოვადგინე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გეოგრაფიის ინსტიტუტი. შესაბამისად, ეს ჯილდო და აღიარება ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა, წარმატებული მეცნიერისთვის ძლიერი მოტივაციის და მაღალი პასუხისმგებლობის საწინდარია, რათა კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელო სამეცნიერო მოღვაწეობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.“

არჩილ დურგლიშვილი: „მე მიყვარს ჩემი საქმე და მისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები, ამიტომაც სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩემი შრომა ასეთი სახით დამიფასდა. სამწუხაროდ, დაჯილდოების ცერემონიალს პირადად ვერ დავესწარი, რადგანაც ამჟამად კვლევითი საქმიანობისთვის ვიმყოფები ნაწილაკების ევროპულ ლაბორატორიაში – CERN-ში (ქ. ჟენევა, შვეიცარია), მაგრამ დაჯილდოებას დაესწრნენ ჩემი თანამშრომლები თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტიდან. ამ კონკურსში გამარჯვება არა მარტო ჩემი, არამედ მათი დამსახურებაცაა, განსაკუთრებით კი ჩემი სადისერტაციო თემის ხელმძღვანელის – დოქტორ თამარ ჯობავასი.“ 

ქეთი ცომაია: „ჩემი სამეცნიერო თემატიკა ეხება ღვიძლის მორფოლოგიისა და პათოლოგიის კვლევას იმ ექსპერიმენტულ მოდელებში, რომლებიც გამოიყენება ღვიძლის რეგენერაციის და სანაღვლე გზების ობსტრუქციის გამოსაკვლევად და რომლის შედეგებიც აღიარებულია ღვიძლის ქირურგიისა და ტრანსპლანტაციის განვითარების ფუნდამენტურ ბაზად. ჩვენ მიერ შემუშავებული იქნა ამ მოდელების კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდიკის, კერძოდ, სისხლძარღვოვანი და სხვა მილოვანი (მათ შორის, ბილიარული და ლიმფური) სისტემების კოროზიული ტვიფრების მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპიის მოდიფიკაციები. ეს მეთოდი შესაძლებელია წარმატებით იქნას გამოყენებული ინტერსტიციული სივრცეების – მათ შორის პერივასკულური არხების და პრელიმფური გზების – გამოსაკვლევად, რასაც ანალოგი არ გააჩნია საერთაშორისო ლიტერატურაში.

ნაშრომები, რომლებშიც აღწერილია ჩვენ მიერ მიღებული შედეგები, გამოქვეყნებულია რეიტინგულ ჟურნალებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ, ერთი მხრივ, Clarivate Analytics-ის იმფაქტ ფაქტორი, ხოლო, მეორე მხრივ, SCOPUS-ში ინდექსირებულნი არიან, როგორც Q1-Q2 რანგის გამოცემები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ნათიშვლის მორფოლოგიის ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს, სადაც ავიდგი ფეხი, როგორც მკვლევარმა. ასევე, მადლობას ვუხდი მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ დიმიტრი კორძაიას, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, რომლებმაც მომცეს საშუალება  – ვყოფილიყავი მათი გუნდის წევრი და მათი ხელმძღვანელობით გვეწარმოებინა კვლევების სერია. 

სიტყვებით ვერ გადმოვცემ სიხარულს, მადლიერებას, პატივს, რაც ამ ჯილდომ მომანიჭა. დიდ მადლობას ვუხდი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია, რომ გავაგრძელო ამ გზაზე სიარული“.

გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 29 სექტემბერს გაიმართა.

Facebook
Twitter
LinkedIn