სალომე ღონღაძეს თსუ არაბული სამყაროს აღმოჩენაში დაეხმარა

თარიღი: 2022-11-08 15:25:13

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღევანდელ რეალობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ამიერკავკასიის მასშტაბით, განათლების მისაღებად საუკეთესო ადგილია. თუმცა ერთია შეიძინო ხარისხიანი განათლება კონკრეტულ პროფესიაში და მეორე საკითხია  – მიღებულ ცოდნაზე  დაყრდნობით რეალიზდე და ამა თუ იმ სფეროში შენი სათქმელი თქვა. ქვეყანაში, სადაც ნომერ პირველ გადაუჭრელ პრობლემად სწორედ უმუშევრობა გვევლინება, საქართველოში არსებული უნივერსიტეტებისთვის  დღეს ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. არადა თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა უნივერსიტეტში აბარებს და სწავლობს, მაგრამ სწავლის დამთავრების შემდეგ მიღებულ ცოდნას სასწავლებლის კედლებშივე ტოვებს და ახალ ასპარეზს ეძებს.

მე კი მინდა გაგაცნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების გზით ზემოთ აღნიშნულ პრობლემას აბათილებს და ამტკიცებს, რომ თსუ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მომცემი, არამედ წარმატებულ ინდივიდად ჩამოყალიბების საუკეთესო მოტივატორია.

2016 წელს ქალაქ გორის სკოლადამთავრებულმა 17 წლის ოდნავ შეშინებულმა, მაგრამ დიდი მიზნებით აღსავსე გოგონამ – სალომე ღონღაძემ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, ბედი თსუ-ს დაუკავშირა და ერთ-ერთ უძველეს ფაკულტეტს, აღმოსავლეთმცოდნეობას მიაშურა მაშინ, როცა მის მიერ არჩეულ პროფესიას გარშემო მყოფები ოდნავ ეჭვის თვალით უყურებდნენ. სალომესთვის სწორედ ეს ეჭვი აღმოჩნდა მამოტივირებელი ძალა – დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ მიზნებს აუცილებლად განახორციელებდა და რომ ეს არ იყო ერთი თინეიჯერის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება.

„არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი ლექცია, როდესაც გულაჩქარებულმა შევაღე აუდიტორიის კარი და ლექტორმა, ქალბატონმა ნანი გელოვანმა მერხისკენ მიმითითა. მახსოვს, როგორ ხარბად ვცდილობდი მისი თითოეული სიტყვა დამეჭირა და სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. თუმცა  ჩემი პროფესიის მთავარ ხიბლს პირველი კურსის მეორე სემესტრში მივხვდი, როცა პირველად მომიწია შეხება არაბულ ენასთან. ჩემი პირველი გზამკვლევები ამ რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე ქალბატონი დარეჯან გარდავაძე და ქალბატონი ნინო კახიანი აღმოჩნდნენ. მათი დამსახურებით გავეცანი იმას, რამაც  ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია,“ – გვიყვება სალომე.

მისთვის ეს 4-წლიანი ისტორია იოლი ნამდვილად არ იყო. როგორც ყველა წარმატებულ ადამიანს, მასაც ბევრი წინააღმდეგობისა და წინაღობის დაძლევა მოუხდა. მისი კურსელების უმეტესობამ, ენის სირთულიდან გამომდინარე, არჩეულ გზას გადაუხვია და ფაკულტეტი შეიცვალა. სალომე კი ბოლომდე თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩა. ასე მოვიდა მეოთხე კურსამდე, რომელიც მისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

მეოთხე კურსის მთავარ აღმოჩენად სალომე პროფესორებს – გიორგი ლობჟანიძეს და ნინო ეჯიბაძეს მიიჩნევს, თუმცა რა გასაკვირია, საუბარი გვაქვს აღმოსავლური ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ მთარგმნელზე, გიორგი ლობჟანიძეზე, რომელმაც თავისი საინტერესო ლექციებით ლიტერატურის თარგმნის ხელოვნებას აზიარა, ხოლო ქალბატონი ნინო, რომელიც ცოდნითა და დისციპლინით გამოირჩევა, გახდა მოტივატორი ახალი მიზნებისა. სწორედ მისი  დამსახურებით, კოვიდ პანდემიის პირობებში, ლექციების სრულყოფილად მოსმენა და სწავლა სალომესთვის იოლი აღმოჩნდა.

დღეს სალომე, ამ უიშვიათესი ენის – არაბულის  წარმატებული თარჯიმანია.

„ახალი ენის შესწავლით შენს წინაშე ახალი სამყარო იხსნება, რომლის ნაწილიც თავად ხდები და  საშუალება გეძლევა იპოვო რაღაც უნიკალური და უჩვეულო. ჩემ შემთხვევაში აღმოსავლური, კერძოდ, კი არაბული სამყაროს აღმოჩენის მშვენიერ გამოცდილებაზეა საუბარი“ – სალომე ღონღაძე.

„უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ არაბულ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც დაკომპლექტებულია არაბულენოვანი თანამშრომლებით. ისინი  გაოცებას ვერ მალავენ, როდესაც იგებენ, რომ ჩემი ცოდნა არაბულ ენაში  თსუ-ში მიღებული განათლებით შემოიფარგლება,“ – ამბობს სალომე.

ყველაფერთან ერთად იყო სხვადასხვა ბიზნეს შეხვედრა, ტელევიზია, ჟურნალი… ყველგან და ყოველთვის იგი თსუ-ს მადლიერია. ყველგან აღნიშნავს იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარეშე ამდენს ვერ შეძლებდა. „ჩემთვის ყველაზე კარგი შეფასება  იყო  საუდის არაბეთის ელჩის სიტყვები, რომელიც მოხიბლული დარჩა ჩემი არაბული ენით. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ  ეს მხოლოდ საქართველოში მიღებული ცოდნა იყო, გაკვირვებული დარჩა. ამიტომაც, ყოველთვის, როცა თსუ-ს მე-5 კორპუსს ჩავუვლი, ვხვდები, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო და მადლიერებით მევსება გული. მახსენდება სტუდენტობის 4 წელი,  სასიამოვნო და თავგადასავლებით სავსე პერიოდი, თავისი საინტერესო ლექტორებით, ლექციებით  და სირთულეებით,“ – იხსენებს იგი.

სალომეს მაგალითი ზუსტად გვიჩვენებს, რომ მიზანდასახული, თავის საქმეზე შეყვარებული და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც  მთელი ცხოვრება წინ  აქვს, ცოდნის მეშვეობით კიდევ ბევრჯერ იტყვის სათქმელს. მადლიერება კი უძვირფასესი თვისებაა, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება.

ნინი ღონღაძე

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn