„საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმოდ გადასცეს

თარიღი: 2022-12-12 18:05:08

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის  – „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დიპლომი პროგრამის 46 კურსდამთავრებულს გადაეცა.

„საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

პროგრამის განხორციელებაში თანაბრადაა ჩართული როგორც თსუ-ს, ისე შპაიერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. პროგრამის დასრულების შემდგომ თსუ-ს დიპლომი შპაიერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე მითითებით გაიცემა.

სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინურია, სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და კურსდამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებლით გამოირჩევა.

„პროგრამა ძალიან საინტერესოა, რადგან მოიცავს ინტერდისციპლინურ თემებს, იურიდიულ, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, ეკონომიკურ თემატიკას… შესაბამისად, მრავალმხრივი განათლება მივიღეთ, რაც დაგვეხმარა პროფესიულ განვითარებაში და დასაქმების კუთხითაც მეტი გზა გაგვიხსნა. პროგრამის ფარგლებში ბევრი ახალი კონტაქტი შევიძინეთ. ახლა ანალიტიკურ კვლევით ორგანიზაციაში  – „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის საკითხებზე ვმუშაობ“, – გვითხრა პროგრამის კურსდამთავრებულმა გვანცა იჩქითმა.

 „ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის კონტექსტში „საჯარო მმართველობის“ პროგრამას უდიდესი დატვირთვა აქვს. ევროპული განათლების სტანდარტებით მომზადებული ახალი კადრები უმნიშვნელოვანესია, რაც ჩვენი ქვეყნის საჯარო სექტორს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ცოდნა აუცილებლად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპულ სივრცესთან დაახლოების პროცესში“, – აღნიშნა „საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებულმა ნინო ლეჟავამ, რომელიც, ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტშია დასაქმებული.

„საჯარო მმართველობა“ პირველი აკადემიური პროგრამაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო (2015 წელს), რაც, იმ დროისთვის, ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენდა. პროგრამის საერთაშორისო რეაკრედიტაცია 2021 წელს განხორციელდა და როგორც პირველ ჯერზე, ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო აკრედიტაცია შენიშვნებისა და რეკომენდაციების გარეშე უკვე 7 წლის ვადით მოიპოვა.

2013 წელს – თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდა, რითაც კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობა, ინსტიტუტი თსუ-ს ბაზაზე ფუნქციონირებს და საჯარო მმართველობის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზეა ორიენტირებული. ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულია ოცდაათამდე სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი, გამოცემულია არაერთი სახელმძღვანელო და ფორუმის მასალა.

„ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო აგებულია პრინციპზე, რომლის მიხედვით საჯარო მმართველობას სახელმწიფო ბიუროკრატიულ სისტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეების პროფესიონალიზმი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს.

ჩვენს „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამას აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ სასწავლო გეგმა მთლიანად აგებულია ევროპულ პრინციპებსა და კონცეფციებზე.

პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო და არასამთავრობო სექტორებში. მათ ასევე გახსნილი აქვთ გზა ევროპული შრომის ბაზრისკენ, მაგალითად, ჩვენი კურსდამთავრებული თეონა ლავრელაშვილი წლებია უკვე ევროპულ სტრუქტურებში მუშაობს და საკმაოდ წარმატებული კარიერული ნაბიჯები გადადგა. ამასთან ერთად, ის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაში ჩართულია უკვე როგორც ლექტორი და საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს“, – განმარტა თსუ-ს პროფესორმა, „საჯარო მმართველობის“ პროგრამის ხელმძღვანელმა ქართული მხრიდან ირაკლი ბურდულმა.

„საერთაშორისო აკრედიტაცია მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ პროგრამა უკვე ოფიციალურადაც ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს იყო პროგრამის განვითარების მიზნით გადადგმული დიდი ნაბიჯი. ამ დროისთვის კიდევ ვაფართოებთ ჩვენ თანამშრომლობას და ვავითარებთ პროგრამას. ამჯერად თანამშრომლობა იქნება სამმხრივი, მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შპაიერის უნივერსიტეტთან ერთად უნგრეთის ანდრაშის უნივერსიტეტიც ჩაერთვება. განვითარება კი გულისხმობს პროგრამის სადოქტორო საფეხურის ამოქმედებას. აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები“, – აღნიშნა შპაიერის უნივერსიტეტის პროფესორმა, თსუ-ს საპატიო დოქტორმა, პროგრამის ხელმძღვანელმა გერმანული მხრიდან ანდრეას კნორმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის  – „საჯარო მმართველობა“ – კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება 10 დეკემბერს გაიმართა.

Facebook
Twitter
LinkedIn