საეტაპო გამოცდა მედიცინის ფაკულტეტზე  ფუნდამენტურ დისციპლინებში მიღებულ ცოდნას შეამოწმებს

თარიღი: 2022-07-31 17:19:25

25 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პირველად ჩატარდა საეტაპო გამოცდა. ცოდნის ამ ფორმით შემოწმებას ითვალისწინებს  მედიცინის  საგანმანათლებლო პროგრამა, რომელმაც, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, აკრედიტაცია გასულ წელს გაიარა. პროგრამა მოდერნიზებულია და ითვალისწინებს სწავლების და შეფასების საერთაშორისო გამოცდილებას.

როგორც თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ და მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ბიწკინაშვილმა გვითხრა, საეტაპო გამოცდის ჩაბარება სიახლეა და ითვალისწინებს მეორე კურსის ბოლოს მიღებული ცოდნის შეფასებას: „გამოცდა ითვალისწინებს ყველა თეორიულ-ბაზისური საგნის სინთეზს. საგამოცდო საკითხები მოიცავს თემებს ანატომიიდან, ფიზიოლოგიიდან, ჰისტოლოგიიდან, ბიოქიმიიდან, მიკრობიოლოგია-იმუნოლოგიიდან. ამ გამოცდაზე სტუდენტმა ორი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის თავმოყრა და შეფასება უნდა შეძლოს. გამოცდის წარმატებით ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი განაგრძობს სწავლას შემდეგ ეტაპზე ანუ მესამე კურსზე. ვინც ამ საეტაპო გამოცდის მინიმალურ ზღვარს ვერ გადალახავს, სამწუხაროდ, ის ვერ შეძლებს მესამე კურსზე სწავლის გაგრძელებას, რადგან ეს თეორიულ-ბაზისური ცოდნა არის იმის საფუძველი, რომ სტუდენტმა წარმატებულად შეძლოს კლინიკური საქმიანობის შესწავლა“, – თქვა მან.

საეტაპო გამოცდას სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დიმიტრი კორძაია. მისი თქმით, საეტაპო გამოცდაზე ჯამდება ფუნდამენტურ დისციპლინებში მიღებული ცოდნა და მას შემდეგ, რაც შედეგებს გაეცნობიან, მოხდება როგორც სასწავლო პროგრამების, ასევე საგამოცდო საკითხების დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს სწავლის შედეგების ამაღლებას: „გარდა სტუდენტების ცოდნისა, ამ გამოცდის შედეგების მიხედვით ორი ფაკულტეტის პედაგოგთა მუშაობის შეფასებაც მოხდება. საქმე ისაა, რომ საგნებს, რომელსაც ისინი ახლა საეტაპო გამოცდაზე აბარებენ, ისწავლება მედიცინისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესურის მიერ.

შედეგები გვაჩვენებს – სად გვაქვს სუსტი რგოლი და როგორ გავაუმჯობესოთ სასწავლო პროცესი.

ჩვენ ვცდილობთ, რომ სწავლების და სწავლის ხარისხი ავამაღლოთ და ამავე მიზანს მოემსახურება მეექვსე კურსზე, სასწავლო კურსის დასასრულ, ფინალური პროექტის დაცვა, რომელიც თსუ მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს მეტად კონკურენტუნარიანს გახდის“, – განაცხადა დიმიტრი კორძაიამ.

საეტაპო გამოცდაზე სტუდენტთა პირველ ნაკადს ტესტების შევსება 3 საათის განმავლობაში  შეეძლოთ. გამოცდა კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ჩატარდა. სტუდენტმა დადებითი შეფასებისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი –  75 პროცენტი უნდა გადალახოს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

Facebook
Twitter
LinkedIn