რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია

თარიღი: 2023-04-01 17:19:29

30 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   ,,ილიას ფონდისა“ და თსუ-ს  ბიბლიოთეკის ორგანიზებითცნობილი ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის,  კრიტიკოსის  რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია  გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, რევაზ სირაძის ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე პროექტის ავტორმა  და მთავარმა  რედაქტორმა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა  ანდრო ბედუკაძემ განაცხადა,  უახლოეს მომავალში რევაზ სირაძის თხზულებათა კიდევ ორი ტომი გამოიცემა. „ჰუმანიტარულ მეცნიერებაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისთვის რეზო სირაძე ჩვენი ფონდის მიერ დაწესებული კონკურსის – „საგურამოს“ პრემიის მფლობელი 2006 წელს გახდა. ამავე პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მისი თხზულებების სრულყოფილი სახით გამოცემა. ოთხტომეულში  შესულია მეცნიერის ყველა  მნიშვნელოვანი ნაშრომი თუ მონოგრაფია, მომდევნო ორ ტომში კი დაიბეჭდება სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუები მეცნიერთან, ასევე, მისი  პოეტური თარგმანები, საზოგადოების ფართო წრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, მის მიერ შესრულებული კარიკატურები, ძალიან საინტერესო ფოტო-მატიანე და სხვა.  ქართული ლიტერატურის ესთეტიკური ისტორია რეზო სირაძის გარეშე წარმოუდგენელია. მრავალმხრივი და მრავალფეროვანია მეცნიერის თხზულებათა და ნაშრომთა  თემატიკა, ამიტომ ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ეს კრებულები კარგი საჩუქარია“,  – აღნიშნა ანდრო ბედუკაძემ.

რევაზ სირაძის მოღვაწეობასა და მისი ნაშრომების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მისი თქმით, რევაზ სირაძის ნაშრომებმა ახალი სიტყვა თქვა სამეცნიერო სივრცეში. „ილიას ფონდმა“ მნიშვნელოვან გამოცემას ჩაუყარა საფუძველი. რევაზ სირაძემ სრულიად განსხვავებული ელემენტი შემოიტანა კვლევაში. ცნობილი მეცნიერების ღვაწლის წარმოჩენა აუცილებელია. ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტის სხვადასხვა სივრცეში გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი მასალა, რაც ჩვენს სტუდენტებს იმ ადამიანებს გააცნობს, ვინც სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდნენ ლექციებს“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ღონისძიების თანაორგანიზატორი, თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „რეზო სირაძემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება დაუკავშირა ჩვენს ალმა-მატერს… როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიცით, იგი  იმდენად მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომ ფიქრობდნენ – უფრო მედიცინას ან საბუნებისმეტყველო დარგებს გაჰყვებოდა, მაგრამ მან ქართული  ფილოლოგია აირჩია. სხვაგვარად, ჰუმანიტარულ მეცნიერებას დააკლდებოდა ელვარე ვარსკვლავი. სასიამოვნოა, რომ ღონისძიებას ესწრებიან  მისი თაობის წარმომადგენლებიც და  ახალგაზრდებიც, რომლებიც მის ნაშრომებზე იზრდებიან. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ,,ილიას ფონდს“, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა“,  – აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა. 

მეცნიერის დამსახურებებზე ისაუბრა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმაც: „რეზო სირაძე  გამოჩენილი ქართველი მეცნიერი გახლდათ. ჩვენ გვქონდა დიდი სკოლები, რომლებიც უნივერსიტეტის დაფუძნების შემდეგ შეიქმნა  სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ლიტერატურათმცოდნეობის  დარგში, რეზო სირაძე კი ამ სკოლების ფუძემდებელთა გზის ღირსეული გამგრძელებელია.  როდესაც მის მოღვაწეობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იგი იყო, ასევე, საუკეთესო ხელმძღვანელი და ამ კუთხითაც ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. რეზო სირაძის სახით უნივერსიტეტს ჰყავდა ძალიან ღირსეული პროფესორი, აკადემიას ჰყავდა შესანიშნავი წევრი, ღირსეული მოქალაქე საქართველოსი, ამიტომ ჩვენ გვმართებს მათ ხსოვნას მარადიული პატივი მივაგოთ“, – აღნიშნა როინ მეტრეველმა.

მწერალმა როსტომ ჩხეიძემ პრეზენტაციაზე მეცნიერის მიერ შექმნილი ნაშრომების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „მეცნიერება,  ლიტერატურისგან განსხვავებით,  შეიძლება ითქვას, რომ არ ქმნის მარადიულ ღირებულებებს, უფრო სწორად, მარადიულად საკითხავ ღირებულებებს, თუმცა, არიან მეცნიერები, რომელთა დაწერილიც მუდმივად საკითხავად რჩება – რეზო სირაძე სწორედ ასეთ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება. მისი  წიგნები არა მარტო სტუდენტებისთვის და ვიწრო წრისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურით და ქართული ესთეტიკით…  რეზო სირაძის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ის იყო, რომ  იგი მთლიანობაში მოიაზრებდა მოვლენებს. ცალკეულ ლიტერატურულ დეტალებსაც კი მთლიანობაში განიხილავდა და სულ სხვა კუთხით წარმოაჩენდა. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არ ეშინოდა შეცდომების დაშვებისა, არადა, ზოგადად, მეცნიერები ფრთხილობენ ხოლმე… მისთვის მთავარი იყო გულწრფელობა და ამიტომ თამამად გამოთქვამდა ხოლმე თავის მოსაზრებებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ პროექტის ფარგლებში სრულად გამოიცა მისი ნაშრომები. ეს, ასევე,  ქართული მეცნიერების დონის წარმოჩენაა. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ვიყოთ დასავლური ქვეყნების ნაწილი, ეს ზოგადი ნათქვამია, კონკრეტული პიროვნებები ქმნიან ამ მოცემულობას და მიგვიძღვიან წინ, რათა დასავლეთის სრულფასოვანი წევრი ვიყოთ… კი არ მივეტმასნოთ მას, არამედ ჩავდგეთ დასავლეთის ქვეყნებს შორის ღირსეულად. რეზო სირაძის მოღვაწეობა სწორედ ამის დადასტურებაა“, – განაცხადა როსტომ ჩხეიძემ. 

დიდი ხნის კოლეგა და ბავშვობის მეგობარი გაიხსენა აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ: „როდესაც საზოგადოება რეზო სირაძეზე საუბრობს, უნივერსიტეტის არც სტუდენტს, არ მისდროინდელ თაობას და არც პედაგოგს არ სჭირდება შეხსენება – თუ რა დონის მეცნიერი იყო იგი.  ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ოზურგეთის პირველი ვაჟთა სკოლა დავამთავრეთ და სწორედ იქიდან გამოგვყვა ქართული ენისა და კულტურის სიყვარული. მან შექმნა სახისმეტყველების სკოლა… ძველი ქართული მწერლობის შესწავლას მხატვრული ესთეტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ აკლდა და სწორედ ეს დანაკლისი შეავსო რეზო სირაძემ.  მას ხშირად აწუხებდა კითხვა:  – რა დარჩებოდა ჩვენს შემდეგ? მან ამ კითხვას თავისი მოღვაწეობით გასცა პასუხი! რა დარჩება ჩვენგანო!  – ნამდვილად დარჩა  – ეს წიგნები და ის სიყვარული, რომელიც მან დაგვიტოვა“,  – აღნიშნა ელგუჯა ხინთიბიძემ.

მეცნიერი პროფესორმა  გიორგი გოგოლაშვილმაც გაიხსენა: „ილია ამბობდა: ბედნიერია ის კაცი, ვინც არა მხოლოდ თავისი საქმეების გახსენებით, არამედ, თავისი სახელის ხსენებითაც კი გვწვრთნის და ზრდის ჩვენს სულსა და შეგნებასო“, – სწორედ ასეთი პიროვნება გახლდათ რეზო სირაძე. მისი სახელის  ხსენებაც კი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ბედნიერება მქონდა პირველი კურსიდან  მესმინა მისთვის… ის სამაგალითო პიროვნება იყო. სამწუხაროდ, რთული პერიოდიც გამოიარა, როდესაც  უნივერსიტეტიდან გაუშვეს, კათედრა და  ქრისტიანული კულტურის ლაბორატორიაც დაიხურა, რომელსაც წლების მანძილზე ქმნიდა – ეს დანაშაული იყო ხელისუფლების მხრიდან!  დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი მეცნიერის მიმართ პატივისცემას“, – აღნიშნა გიორგი  გოგოლაშვილმა.

რეზო სირაძის ოთხტომეულის პრეზენტაციაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ მის ნაშრომებზე არაერთი თაობა აღიზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რევაზ სირაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1978 წლიდან კი უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის ავტორი ნაშრომებისა: „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიიდან,” „ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები,” „ქართული ჰაგიოგრაფია,” „სახისმეტყველება,” „კულტურა და სახისმეტყველება.”

Facebook
Twitter
LinkedIn