ქრისტიან ლასის მოხსენება: ,,შეზღუდული შესაძლებლობები რომაულ სამყაროში. სოციალური და კულტურული ისტორია”

თარიღი: 2023-04-13 16:16:27

თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტმა, კულტურული დიპლომატიის ბერძნულ ინსტიტუტთან  ერთად,   „აგორას“ ფარგლებში უმასპინძლა  მანჩესტერის (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის (ბელგია) უნივერსიტეტების პროფესორს, ორგანიზაცია ,,ევროკლასიკის” პრეზიდენტ ქრისტიან ლასს, რომელმაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება: ,,შეზღუდული შესაძლებლობები რომაულ სამყაროში. სოციალური და კულტურული ისტორია”.

ქრისტიან ლასს,  რომელიც  არის ანტიკური ისტორიის პროფესორი მანჩესტერის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და ლათინური და ძველი ისტორიის პროფესორი ანტვერპენის უნივერსიტეტში (BE),  გამოქვეყნებული აქვს ექვსი მონოგრაფია და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი რომაული და გვიანი ანტიკური ისტორიის  სოციო-კულტურულ განვითარებაზე.

„მე, როგორც კლასიკოსი და ანტიკური ხანის  ისტორიკოსი, ვსწავლობ ბერძნულ-რომაული და გვიანი ანტიკური პერიოდის სოციალურ და კულტურულ ისტორიას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ეტაპებს: ბავშვობას, ახალგაზრდობას, ოჯახს, სექსუალურობას და შეზღუდულ შესაძლებლობებს.

საზოგადოების დამოკიდებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის ცრუწარმოდგენები და სტერეოტიპები, ჩვენს რეალობაშიც რომ უხვად არსებობს, საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა. ამ თემის საფუძვლიანი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ისტორიის ზუსტი ცოდნისა და ანალიზის შემთხვევაში, მეტი შანსი გვეძლევა  შევცვალოთ და ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება, გავხადოთ იგი გაცილებით უფრო ცივილური და ობიექტური.

დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 14,2%  უნარშეზღუდული ადამიანია და  ვფიქრობ, რომ სოციუმს შესწევს იმის ძალა, რომ ამ ადამიანებს  შეუცვალოს არასწორი და უარყოფითი თვითშეფასება.

წიგნი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ინვალიდები რომაულ სამყაროში“  რამდენიმე წლის წინ გამოვეცი.  ამ თემატიკაზე  2008 წლიდან ვმუშაობ და  ეს კვლევა  გვიან ანტიკურ პერიოდს მოიცავს. 

ყოველთვის მაინტერესებდა  – თუ როგორ უმკლავდებოდნენ ადრეულ პერიოდში ადამიანები საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა პრობლემას.  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის პრობლემა ყველა პერიოდში არსებობდა  და მათ მიმართ დამოკიდებულება  მიმაჩნია ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად  ამა თუ იმ საზოგადოების  დასახასიათებლად. ეს, უმეტესწილად, საზოგადოებრივი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაშიც უნდა მონაწილეობდნენ როგორც ცალკეული ინდივიდები, ისე საზოგადოება“, – განაცხადა  პროფესორმა ქრისტიან ლასმა, რომელმაც თავის მოხსენებაში  ისაუბრა იმ მიდგომებზე, რომელიც  შესაძლებლობათა შეზღუდვის გარშემო არსებობდა ანტიკური სამყაროდან დაწყებული უახლოესი წარსულით დამთავრებული.

რა  დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას  უძველეს დროში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ? როგორ აღიქვამდა მას და რა პასუხისმგებლობას  გრძნობდა  ამ ადამიანების წინაშე?  როგორი იყო  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი  ანტიკურ სამყაროში და  რა გამოწვევების წინაშე  აყენებდა  მას საზოგადოების  არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება? – ეს ის საკითხებია, რომელიც პროფესორმა  ქრისტიან ლასმა თავის მოხსენებაში საკუთარი  ფუნდამენტური კვლევების შედეგების მიხედვით განიხილა  და    ანტიკურ პერიოდში   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ   დამოკიდებულება, საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემა თანამედროვე საზოგადოებისთვის  ცნობადი გახადა.

„მსოფლიოში აღიარებული პროფესორის ქრისტიან ლასის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი სულ მალე ორგანიზაციაში „ევროკლასიკა”  გაწევრიანდება.  ,,ევროკლასიკა”, რომლის  პრეზიდენტი    ქრისტიან ლასი გახლავთ,  არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებსა და უნივერსიტეტებში კლასიკური ენებისა და კულტურის სწავლებას.  ამ ორგანიზაციის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია  ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების,  ვროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან ინტეგრირების გზაზე. 

მან, საკუთარი ინიციატივით, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი    Academy Vivarium novum (იტალია, რომი) -თან  დააკავშირა და ჩვენთან თანამშრომლობა სთხოვა. ამ თანამშრომლობის   საფუძველზე ჩვენ უკვე მივიღეთ 29 უნიკალური კლასიკური ენების სწავლების უახლესი სახელმძღვანელო, რომელიც განთავსებულია თსუ-ს ბიბლიოთეკაში“, – განაცხდა  თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა  ირინე დარჩიამ, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა პროფესორ ქრისტიან ლასს ასეთი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

პროფესორმა  ქრისტიან  ლასმა, საინტერესო მოხსენების შემდეგ,   სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა და დიდი მადლობა გადაუხადა თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს, ასოცირებულ პროფესორ ირინე დარჩიას  გულთბილი მიღებისა და  წარმატებული თანამშრომლობისათვის. 

Facebook
Twitter
LinkedIn