რას აკეთებს თსუ-ს ქიმიის დეპარტამენტი სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების მხრივ?

თარიღი: 2023-02-21 20:08:13

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტი სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით არაერთ საწარმოსთანაა დაკავშირებული და ცდილობს დაინტერესებულ ახალგაზრდებს სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობა მისცეს.

ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკის  ჩატარება უმაღლესი საგანმანათლებლო  პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მომზადების ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. იგი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს რეალურ ცხოვრებაში გამოცადოს აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები),  პრაქტიკის პერიოდში  გაეცნოს  საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების  უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს.

2023 წელს თსუ-ს სტუდენტების პრაქტიკის ობიექტებია: კომპანიაზედაზენი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ფარმაცევტული კომპანიაავერსირაციონალი“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, „კოკაკოლა ბოთლერს ჯორჯია“, კომპანია  „გლობალ ბიერ ჯორჯია“,  კომპანია  „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“, გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია, შპსსპექტრა გეზის ჯორჯია“, კომპანიაჯეოსტილი“.

საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელის, მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის გამგის, ელიზა მარქარაშვილის თქმით, ეს საწარმოები ყველაფერს აკეთებენ ახალგაზრდა კადრების მიზიდვისთვის და ხშირად ასაქმებენ თსუ-ს სტუდენტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს უნივერსიტეტისა და მათ საერთო ინტერესზე – აღზარდონ და შეიძინონ პროფესიონალი კადრები.

„ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიებს. ეს არის მათი მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერება და თანადგომა ჩვენი სტუდენტების  პრაქტიკის და სტაჟირების ჩატარების საქმეში, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში 50-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა ამ კომპანიებში  საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შემდეგ“, – გვითხრა ელიზა მარქარაშვილმა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ს (GWP) ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და მისი ფილიალი ქიმიური ლაბორატორიები (სამგორი, საგურამო, ბულაჩაური) სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ახორციელებენ  სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად  (საქართველოს მთავრობის დადგენილება N58; 2014 წლის 15 იანვარი, ქ. თბილისი). საგამოცდო ლაბორატორია თავისი ფილიალებით  აკრედიტებულია და ყოველწლიურ შეფასებას გადის სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის და „აკრედიტაციის წესებისა და პროცედურები“-ს შესაბამისად. კვლევის სფეროს წარმოადგენს სასმელი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები.  ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი აპარატურით, დამხმარე მოწყობილობებითა და სერტიფიცირებული რეაგენტებით.

თამარ ნიკურაძე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი:

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ლაბორატორიებში მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტების საწარმოო პრაქტიკა და შემდგომ, ვაკანსიის შემთხვევაში, მათი დასაქმება.

გასული წლების განმავლობაში კომპანიის ლაბორატორიებში დასაქმდნენ თსუ-ს ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტები: ნანა გონაშვილი და მარიამ სოფრომაძე. მათ საწარმოო პრაქტიკა გაიარეს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ლაბორატორიაში და თავი გამოიჩინეს, როგორც პროფესიონალიზმის ამაღლებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მათაც და მის აღმზრდელებსაც.

კომპანიაჰენკელი“

კომპანია „ჰენკელი“ დაარსდა 1876 წელს გერმანიაში და უკვე 140 წელზე მეტია, რაც წამყვან პოზიციას იკავებს  სამომხმარებლო და ინდუსტრიულ სფეროში.  კომპანიას  მსოფლიოს მასშტაბით აქვს ფილიალები და დასაქმებული ჰყავს 53 000-ზე მეტი თანამშრომელი. 2016 წლიდან  ქარხანამ მუშაობა დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც ცნობილი Ceresit-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნა. წარმოება უახლოესი ტექნოლოგიების მეშვეობით ოპერირებს მაქსიმალური შედეგის მისაღებად და გარემოზე მინიმალური გავლენის მოსახდენად. აქ  იწარმოება შემდეგი სახის პროდუქცია: წებოცემენტი, იატაკის სისტემები, ჰიდროსაიზოლაციო მასალები, დათბუნების და საფასადო  სისტემის მოწყობა.

ქარხანა დაარსებიდან თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იღებს სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკის გასავლელად. აქტიური თანამშრომლობის შედეგად საწარმოს ლაბორატორიაში მუშაობენ უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ფარულავა, ალექსანდრე სნესარი და ხათუნა შერმადინი.

,,კოკაკოლა ბოთლერს ჯორჯია

„კოკა-კოლას“ კომპანია ყოველდღიურად საშუალოდ  მილიონ  ბოთლ პროდუქციას აწარმოებს და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა და, შესაბამისად, წარმოების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” გეგმავს და წარმატებით ახორციელებს ახალ პროექტებს ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

მაია მურვანიძე,  ს.ს ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ხარისხის კონტროლის განყოფილების ლაბორატორიის უფროსი:

„კომპანია და, განსაკუთრებით, ხარისხის კონტროლის განყოფილება წლებია აქტიურად თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტთან და  სტუდენტები ყოველწლიურად გადიან  ხარისხის მართვის პროცესებს. ეს თანამშრომლობა მომგებიანია  ორივე  მხარისთვის.  სტუდენტები კვალიფიკაციას იმაღლებენ და ხდება გამორჩეული სტუდენტების წარმოებაში დასაქმება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩვენთან დასაქმებული სტუდენტები: გიორგი აბაშიძე და ნონა ჟუჟნიაშვილი. უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტი დისციპლინირებულ და კვალიფიციურ კადრებს გვაწვდის. ჩვენთვის დიდი პატივია უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, იმედია ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში გაგრძელდება“.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტი

დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს ქვეყანაში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს, თანამშრომლობს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მომავალი სპეციალისტების აღზრდაში.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები  სურსათის კვლევის დეპარტამენტის ლაბორატორიებში ყოველწლიურად გადიან  თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ფიზიკა-ქიმიური და  მიკრობიოლოგიური კვლევების მიმართულებით.  აქ სხვადასხვა პროდუქტის, ცხოველთა საკვებისა და წყლის  ანალიზისათვის დანერგილია კვლევის, როგორც ხარისხობრივი, ასევე, უვნებლობის მაჩვენებლები. კვლევები მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და  მასში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.

მარინა ღვინჯილია, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი:

„სურსათის კვლევის დეპარტამენტში ლაბორატორიის გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად  სტუდენტები  მონაწილეობას იღებენ  შემოსული ნიმუშების  გამოცდის  პროცესში. ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდა ხორციელდება იონური ქრომატოგრაფიის, სითხური ქრომატოგრაფიის, ულტრაეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის, ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრიის, გამა, ბეტა სპექტრომეტრის, გაზური ქრომატოგრაფიისა და სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. სწავლების შედეგად სტუდენტს აქვს  ლაბორატორიული ანალიზის მეთოდების შესახებ ფუნდამენტური ცოდნა; იცნობს ანალიზის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდების საფუძვლებს; შეუძლია შეაფასოს ანალიზური მეთოდის მგრძნობიარობა და სხვადასხვა  ანალიზის შედეგების სიზუსტე.

უნდა აღვნიშნო, რომ წელს ინსტრუმენტული კვლევის ლაბორატორიაში დავასაქმეთ სტუდენტი ეთო დერევიანჩენკო (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – ქიმიის დეპარტამენტი) და სტაჟირებას გადის ლიკა გაგნიძე“.

ლუდსახარშიზედაზენი

„ქართული ლუდის კომპანიისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის. წლებია, რაც თსუ-ს ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას სწორედ  ქართული ლუდის კომპანიის ლუდსახარშ „ზედაზენის“ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში გადიან, სადაც სტუდენტები ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების პროცესს ეცნობიან და ნედლეულის,  შუალედური პროცესებისა და მზა პროდუქტის  ხარისხის  კონტროლისათვის საჭირო ქიმიურ ანალიზებში იღებენ მონაწილეობას.

ნათია ბილანიშვილი,  ქართული ლუდის კომპანიის ლუდსახარშ „ზედაზენის“ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსი:

„კომპანიაში კადრის დამატების საჭიროების შემთხვევაში, „ქართული ლუდის კომპანიის“  მხრიდან,  სწორედ ხარისხის კონტროლის განყოფილებაში ხდება თსუ-ს ქიმიის დეპარტამენტის კურსდამთავრებულების დასაქმება. წარმატებული პრაქტიკის შედეგად, ხარისხის განყოფილებაში სულ დასაქმდა ქიმიის ფაკულტეტის 10 კურსდამთავრებული, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში  ოთხი  ქიმიკოსი შემოუერთდა  სს „ქართული  ლუდის კომპანიას“, ესენი არიან: ჯული ფარქოსაძე, თეა ველიჯანაშვილი, ანა მოსიაშვილი და ქეთევან მაჭარაშვილი. აღსანიშნავია, რომ ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტები გამოირჩევიან  მონდომებით   და  საქმისადმი   მაღალი პასუხისმგებლობით“.

გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან და ყოველწლიურად მასპინძლობს ქიმიის მიმართულების სტუდენტებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ელინა ბაქრაძის თქმით, ამჟამად სააგენტოს ლაბორატრიაში დასაქმებულია თსუ-ს კურსდამთავრებული ნინი ხელაშვილი, 2022 წელს დასაქმდა ასევე თსუს კურსდამთავრებული ორი სტუდენტი ლევან ლონდარიძე და შოთა ჩიხლაძე. სააგენტო წლებია ახორციელებს სტუდენტებისთვის საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირების პროგრამას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებაში ახალგაზრდა ნიჭიერი კადრების მოზიდვას.

,,ავერსი-რაციონალი”

ქართული ფარმაცევტული საწარმო – ,,ავერსი-რაციონალი” მსხვილი, ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც  სტაბილურ სამუშაო ადგილებს ქმნის. ულტრათანამედროვე ხარისხის კონტროლის ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც პასუხობს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ საწარმოს მოეთხოვება, ყოველწლიურად მასპინძლობს უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც საწარმოო პრაქტიკებს  „ავერსი-რაციონალში“ გადიან.   

მირანდა გიგიბერია, „ავერსი-რაციონალის“ ტრენინგების მენეჯერი:

,,ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით. აქ ტარდება ყველა ანალიზი, რაც გამოშვებული პროდუქციის ხარისხის ევროპული სტანდარტების მიხედვით  შესამოწმებლად არის საჭირო. კომპანია უკვე წლებია, რაც თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტთან, წარჩინებული სტუდენტების მონაცემების შენახვა ხდება ადამიანური რესურსებისა და სწავლების განყოფილებაში და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ხდება მათი მონაცემების გათვალისწინება. ჩვენთან, ანალიზურ ლაბორატორიაში, დასაქმებულია უნივერსიტეტის 20-მდე კურსდამთავრებული, ხოლო ბოლო ორი წლის მანძილზე კი დასაქმდა უნივერსიტეტის 7 კურსდამთავრებული. მოხარული ვართ და დიდი იმედი გვაქვს,  რომ  ნაყოფიერი თანამშრომლობა უნივერსიტეტსა და ჩვენს საწარმოს შორის კვლავ გაგრძელდება“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტი, საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირებისა და დასაქმების პროცესში, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ზრუნავს მისი აღზრდილების შრომით ბაზარზე დამკვიდრებისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn