ეკატერინე ფირცხალავას კვლევა გერმანიაში  მცხოვრებ  ქართველ ემიგრანტებზე

თარიღი: 2023-04-25 18:43:41

ყველას გვისწავლია რაფიელ ერისთავის ლექსი „სამშობლო ხევსურისა“, სადაც განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამონარიდი  – „არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“… ან  დუტუ მეგრელის ლექსიდან – „მე პატარა ქართველი ვარ“ ფრაზა – „…და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“… ასევე, ილიას შეგონება  – „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც ქართველობის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ბავშვობაში ნასწავლ, ქვეცნობიერში გამჯდარ პატრიოტულ იდეებს გერმანიაში მცხოვრებ ემიგრანტების კოგნიტიურ დისონანსთან აკავშირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა. მკვლევარი ამ დასკვნამდე 2021 წელს განხორციელებულ  თვისებრივ კვლევაზე დაყრდნობით მივიდა. კვლევაში მონაწილეობა 28 ემიგრანტმა მიიღო, რომლებიც ემიგრაციაში მინიმუმ 10 წელია იმყოფებიან, მათ შორის 6 მამაკაცი და 22 ქალია, ყველა დასაქმებულია, აქვთ უმაღლესი განათლება, რესპონდენტების ნაწილი აკადემიური წრის წარმომადგენელია.

კვლევის მიზანი  ახალ სოციოკულტურულ გარემოში, გერმანიაში  მცხოვრები   ქართველი ემიგრანტების სუბიექტური აღქმების საფუძველზე მათი  ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების სტრატეგიების და  ჯგუფის შიდა და ჯგუფთაშორისი ურთიერთობების შესწავლა იყო, ასევე მათი საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების და მათი მომავლის საქართველოსთან დაკავშირებული გეგმების ანალიზი.

„მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი დღეს არსებულ მდგომარეობაზე ბევრად მძიმე იყო, არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ამერიკაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტებიც აღნიშნავენ, რომ საქართველოში ცხოვრება როგორც მაშინ, ასევე დღესაც  გაუსაძლისი და, ფაქტობრივად, შეუძლებელია.  ცხადია, ბევრი კითხვა მქონდა, თუ რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება, ასევე როგორ იქცევიან ისინი ავტოქთონებში ანუ მასპინძელ საზოგადოებაში, როგორ იმკვიდრებენ ადგილს, რა ტიპის სტრატეგიებს იყენებენ, როგორია მათი რეალური ცხოვრება?  კულტურის ფსიქოლოგიის მკვლევრები ამბობენ, რომ ყველა ჩვენგანის აღქმებზე,  ხედვასა და ღირებულებებზე დიდ გავლენას ახდენს ბავშვობაში მიღებული რიგი ინფორმაცია – ზღაპრები, ლექსები, ანდაზები… რაც ჩვენს ქვეცნობიერში იგრუნტება და შემდეგ ცნობიერ გადაწყვეტილებებსა თუ შეხედულებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

ამ კონტექსტში ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებო გახდა ერთ-ერთი რესპონდენტის მიერ ნათქვამი ფრაზა  – „ჩვენ აქ კი ვცხოვრობთ კარგად, მაგრამ ჩვენი სინდისის გასაჩუმებლად ფულს ვაგზავნით საქართველოში“… ამან მაფიქრებინა, რომ  მათ კოგნიტიური დისონანსი აწუხებთ. 28 ინტერვიუს ანალიზისას მკვეთრად გამოიხატა ეს ნარატივი  – დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რომ მე გავცვალე „სალი კლდეები“ „სხვა ქვეყნის სამოთხეზედ“  და გადავუხვიე იდეიდან „.. და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“, რასაც ემიგრანტები სხვადასხვა ქცევით აკომპენსირებენ – აგზავნიან ფულს, სამშობლოში ყიდულობენ მიწას, სახლს… მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არც არასდროს დაბრუნდნენ საცხოვრებლად, ამ გზით იზიარებენ ილიას შეგონებას, რომ ქართველობა  შედგება 3 მნიშვნელოვანი ღირებულებისგან – „ენა, მამული, სარწმუნოება“. მიიჩნევენ, რომ ყველა ქართველი აუცილებლად საქართველოში უნდა დასაფლავდეს და პენსიაზე გასვლის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდებიან“, – განმარტავს ეკატერინე ფირცხალავა.

იდენტობის შენარჩუნების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან კონტაქტის შენარჩუნების კონტექსტში წამყვანი ფაქტორი გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან  წლების განმავლობაში რელიგია იყო. დიდ ქალაქებში  არსებული ქართული ეკლესიები იყო ადგილი, სადაც, განსაკუთრებით სოციალური ქსელების განვითარებამდე, ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეძლოთ. სარწმუნოებასთან ერთად მნიშვნელოვანია ენა, როგორც იდენტობის შემადგენელი.

ეკატერინე ფირცხალავას კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მშობლიური ენის შენარჩუნების მიმართულებით საინტერესოა შერეული  ქორწინებების მახასიათებლები ენის  და რელიგიის შენარჩუნების თვალსაზრისით – თუ ოჯახში დედა ქართველია, თითქმის ყველა შემთხვევაში შვილი ქართულ ენაზე ლაპარაკობს, დიდ ქალაქებში, შეძლებისდაგვარად, დაჰყავთ საკვირაო სკოლებში. ზოგიერთ ოჯახში გერმანელი მამაც დაინტერესებულია ენის ცოდნით და ისინიც დადიან ამ საკვირაო სკოლებში. ასევე,  მონაწილეთა ნარატივების მიხედვით აღსანიშნავია ისიც, რომ  იმ ოჯახებში, სადაც  გერმანელი მამები ძალიან რელიგიურები არ არიან (ძირითადად ეს  კათოლიკე მამის შემთხვევაში ხდება),   ყველა ბავშვი მართლმადიდებლად არის მონათლული.

მკვლევარი განსაკუთრებულად ხაზს უსვამს გენდერულად სეგრეგირებულ  სტიგმატიზირებას ქართველ მიგრანტთა შორის. ქართველი ქალის უცხოელზე, ამ შემთხვევაში, გერმანელზე გათხოვება აღქმულია ნეგატიურად, მამაკაცების შემთხვევაში ეს მოსაზრება განსხვავებულია.  თუმცა მონაწილეთა ინტერვიუების მიხედვით, იშვიათია მამაკაცი, რომელიც დაქორწინებულია ადგილობრივ  გერმანელზე და  თუ ისინი ქორწინებაში იმყოფებიან უცხოელთან,  მათი უცხოელი მეუღლეები უფრო მეტად პოსტსაბჭოთა სივრციდან  ან „საბჭოთა“ გერმანელები (რუსულად მოლაპარაკეები) არიან.

სხვა ქვეყნებისგან (პორტუგალია – კვლევის განხორციელების დრო 2016 წელი, საფრანგეთი – კვლევის განხორციელების დრო – 2017 წელი) განსხვავებით, სადაც მკვლევარს იდენტური კვლევა აქვს ჩატარებული,  ქართველი  ემიგრანტები გერმანიაში არ იყენებენ „უჩინარის“ იდენტობის სტრატეგიას, პირიქით, ორიენტირებულები არიან თავის წარმოჩენაზე და კოლექტიურ იდენტობაზე ხაზგასმით კულტურის იდეალიზაციის გზას ირჩევენ. ამ ფაქტს, დიდწილად, გერმანიის სახელმწიფო პოლიტიკა და ქართული ემიგრაციის 200 წლიანი ისტორია განაპირობებს, შედეგად კი მათ შესაძლებლობა აქვთ განათლების მიღების, რეალიზების და სოციალიზაციის, გაცილებით ფართო გაგებით, ვიდრე საფრანგეთსა და პორტუგალიაში.

როგორც კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ,  ბოლო წლებში საკუთარი – ქართული იდენტობის წინ წამოწევას ხელი შეუწყო ფრანკფურტში გამართულმა წიგნების ფესტივალმა (Frankfurt Book Fair (Frankfurter Buchmesse) 2020), სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. ბევრი წიგნი ითარგმნა გერმანულად და ბევრი ავტორი გაიცნო გერმანულმა საზოგადოებამ, რამაც, როგორც კვლევის მონაწილეები ამბობენ, ქართველების დადებითი მხარე წარმოაჩინა.

 „თუმცა არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი  – ნეგატიური განმასხვავებელი იდენტობა  – აზუსტებს ეკატერინე ფირცხალავა – გერმანიაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, არსებობს ქართველების სტიგმატიზაცია  – „კრიმინალი ქართველი“, რომლებიც, ძირითადად, ბინების გატეხვაში არიან შემჩნეულნი და, ასევე, იგულისხმება  გერმანიაში წვრილმანი ქურდობით დაკავებული ქართველები. მათ შიდა ჯგუფში „მორბენალებს“ ეძახიან. ამ შემთხვევაშიც კოგნიტიურ დისონანსს აქვს ადგილი, ანუ როდესაც ქართველი ემიგრანტი აკადემიურ წრეშია და საუბარი ამ კატეგორიის მის თანამემამულეს  ეხება, ისინი ცდილობენ წინა პლანზე საქართველოს და ქართველი ერის, როგორც დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნისა და ეთნოსის სახე წარმოაჩინონ, განერიდონ ე.წ. მორბენალებთან „კუთვნილებას“ ან ქართველების სტიგმატიზირება ზოგიერთი მედიის მიკერძოებულ საქმიანობას გადააბრალონ. მაგალითად, გერმანიაში ყოველ წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ქვეყანაში არსებული კრიმინალი განიხილება, თითოეულ ჟურნალისტს 10 კითხვის დასმის უფლება აქვს, ერთ-ერთი რუსული მედია კი ყოველ წელს ქართველი კრიმინალების შესახებ სვამს კითხვას, რაც საკითხს, როგორც კვლევის რესპონდენტები მიიჩნევენ, საზოგადოების თვალში იმაზე მეტ სიმწვავე-აქტუალობას სძენს, ვიდრე ობიექტურად სხვა გაცილებით მასშტაბურ დანაშაულებთან შედარებით იმსახურებს“.

ეკატერინე ფირცხალავამ სამეცნიერო კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის პოსტ დოქტორანტურის სტიპენდიის ფარგლებში განახორციელა. კვლევის შედეგების გამოქვეყნება სხვადასხვა  ქართულ და ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში იგეგმება.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის პროცესში მხოლოდ თვისებრივი მეთოდი იყო გამოყენებული, კვლევის შედეგები არ  შეიძლება იყოს რეპრეზენტატული, თუმცა, როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქართველი ემიგრანტების გერმანიაში ინტეგრაცია აკულტურაციის ზოგად ტენდენციას ასახავს, ასევე წარმოაჩენს ჯგუფის შიდა და ჯგუფებსშორისი ურთიერთობების სუბიექტურ აღქმას.

Facebook
Twitter
LinkedIn