მოვიდნენ, გვნახეს, თავი მოგვაწონეს, ჩვენც მოვეწონეთ და ყველამ ერთად გავიმარჯვეთ!

თარიღი: 2023-05-30 18:07:59

ქართულ-ფრანგული პროექტი დასრულდა

27 მაისს სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ)  მაგისტრანტთა ჯგუფმა, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ბეჭდური და რადიო პროდუქტის შესაქმნელად მუშაობდა, მზა პროდუქცია – ჟურნალი, ტელესიუჟეტები  და რადიო პოდკასტები – წარუდგინა აუდიტორიას. პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ფრანგი, ასევე ქართველი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტთა ერთი ჯგუფი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა ამ პროექტში მონაწილეობისთვის.  მასში ასევე მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრანტები.

აუდიტორიას მიმართეს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა  სალომე დუნდუამ, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა შამილიშვილმა, თსუ-ს მოწვეულმა ლექტორმა, რეჟისორმა ნათია რაჭველიშვილმა, ასოცირებულმა პროფესორებმა მაია ტორაძემ და ნათია კუპრაშვილმა, პროექტში ჩართულმა სტუდენტმა საბა სამუშიამ.

ღონისძიება წარმართა თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა თინათინ მაჭარაშვილმა, რომლის წვლილი პროექტის განხორციელებაში დიდია, რადგან ის თავად მონაწილეობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის მიერ 2003 წელს საქართველოში განხორციელებულ მსგავს პროექტში, რომელმაც მისი მომავალი განსაზღვრა – ის გახლავთ ამ სკოლის კურსდამთავრებული და ფრანგული ექსპედიციის მთავარი მასპინძელი.

News d, in Georgie L’équilibriste  – ასე დაარქვეს ფრანგმა სტუდენტებმა ჟურნალს, რომელიც დარბაზს მისმა რედაქტორმა ოდრე სენეკალმა (Audrey Senecal) წარუდგინა. სტუდენტებმა ასევე აჩვენეს ონლაინ პროდუქტი, ტელეპროდუქციის  და რადიო პოდკასტების ნაწილი.

 „ეს პროექტი ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, რადგან ქართველი სტუდენტები ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობდნენ და ბევრ სიახლეს აუღეს ალღო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტუდენტებიც  ბევრ რამეს ასწავლიდნენ  თანატოლებს. ეს ორმხრივად პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგი საშუალება იყო“, – აღნიშნა სალომე დუნდუამ.

„მადლობა უნდა ვუთხრა პროექტის მონაწილე სტუდენტებს, რომლებმაც ფრანგი თანატოლების გვერდით თანაბარწილად (ზოგჯერ მეტადაც) იშრომეს, მეგზურობა გაუწიეს მათ და  ღამეები ათენეს მასალაზე მუშაობაში. მათი მონდომება, აქტიურობა და სანიმუშო უნარები არც ფრანგი კოლეგებისთვის დარჩა შეუმჩნეველი. ისინიც კმაყოფილებით აღნიშნავდნენ ჩვენი ახალგაზრდების ნიჭიერებასა და მათ შესაძლებლობებს. ერთობლივი მუშაობის შედეგები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკოლების სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზეც დაიწყო საუბარი. დიდი იმედი მაქვს, სიტყვა მალე იქცევა საქმედ  და ჩვენს შესანიშნავ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება – მედიაგანათლების სიკეთეებს საფრანგეთშიც ეზიარონ“, – გვითხრა მანანა შამილიშვილმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლების, განსაკუთრებით კი ასოცირებული პროფესორის, ხათუნა მაისაშვილის, თანადგომისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში ჩართულობის გამო.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა თსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ ქართულ-ფრანგული პროექტის შესახებ გადაღებული ფილმის თიზერი და სტუდენტური სასწავლო ჟურნალი „გზავნილი სტრასბურგს“, რომელიც საგან „ბეჭდური მედია – პრაქტიკუმის“ ფარგლებში მოამზადეს თსუ-ს სტუდენტებმა.

რეჟისორმა ნათია რაჭველიშვილმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა თსუ-ს მულტიმედია ცენტრს და მის ხელმძღვანელს მარინა სალუქვაძეს გაწეული დახმარებისთვის. მან სტუდენტებთან – ზანდა გედენიძესთან, მარიამ ქართველიშვილთან, ლიზა ჩაჩანიძესთან და ლილე სამუშიასთან ერთად, აუდიტორიას მცირე მონაკვეთი უჩვენა ფილმიდან, რომელიც ფრანგების საქართველოში სტუმრობას ეხება და რომელიც ჯერ მზადების პროცესშია. „ივნისის ბოლოს შეგვეძლება მთლიანი ფილმი წარვუდგინოთ  საზოგადოებას და უკეთ გავაცნოთ თსუ-ს სტუდენტების ის ძალისხმევა, რომელიც საბოლოო პროდუქტის მომზადებაში ჩადეს“, – აღნიშნა მან.

ფრანგ სტუმრებს თსუ-ს სტუდენტური – სასწავლო ჟურნალი „გზავნილი სტრასბურგს“ წარუდგინეს ნომრის რედაქტორებმა გვანცა პავლიაშვილმა და სალომე სიმონიამ. აღინიშნა, რომ რედაქცია გეგმავს მომზადებული მასალების ფრანგულ ენაზე თარგმნას და ჟურნალის ორენოვანი ვერსიის ფრანგი კოლეგებისთვის მიწოდებას.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჟურნალში „გზავნილი სტრასბურგს“,  სხვა მასალებთან ერთად, დაიბეჭდა პროექტის ხელმძღვანელის, სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორის, ალენ პიტერის ინტერვიუ, რომელშიც იგი მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ქართველ სტუდენტებს ჩართულობისა და დახმარებისთვის: „ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან ერთად მუშაობის ძლიერი მოტივაცია ჰქონდათ. ვფიქრობ, ისინი ხედავენ, რომ ამგვარი თანამშრომლობა ცოცხალი გზაა ჟურნალისტური პრაქტიკისთვის. უნდა ვთქვა ისიც, რომ ისინი ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობენ, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ჩვენს ურთიერთობებს. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მოლოდინები სრულიად გამართლდა. თსუ თავიდანვე მიესალმა სტრასბურგის უნივერსიტეტის მედიასკოლის ინიციატივას. ჩვენ მივიღეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა – სტუდენტები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებდნენ და აუდიტორიები ჩვენი ნიუსრუმებისთვის“, – განაცხადა მან ჟურნალ „გზავნილთან“ საუბარში.

„ჩვენმა სტუდენტებმა კიდევ ერთხელ იგრძნეს ევროპელი თანატოლების თანადგომისა და მტკიცე მეგობრობაში გადაზრდილი ურთიერთობის ძალა; ეს არის სწორედ ევროპელთა ზრუნვის სიკეთე – გასცემენ, ხელს გაშველებენ, გასწავლიან – უკეთესი რომ გახდე, ფეხზე მყარად დადგე, იშრომო და ასე მიაღწიო სასურველ მიზანს. ჩვენმა ფრანგმა მეგობრებმა კვლავაც გვაგრძნობინეს ევროპასთან სიახლოვის ძალა – მოვიდნენ, გვნახეს, თავი მოგვაწონეს, ჩვენც მოვეწონეთ და ყველამ ერთად გავიმარჯვეთ!“ – ასე დაასრულა შეხვედრა პროფესორმა მანანა შამილიშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა აუდიტორიას იმ სტუდენტების სახელები, რომლებმაც თავიანთი ძვირფასი დრო ფრანგულ-ქართული პროექტის წარმატებისთვის უშურველად გაიღეს. ესენი არიან: ზანდა გედენიძე, გიგი დიღმელაშვილი, ნინი შავლაძე, მარიამ ქართველიშვილი, ლიზა ჩაჩანიძე, გიორგი ბრეგვაძე, მადინა აშურულოვა, გიორგი დემეტრაშვილი, მარიამ ყვავაძე, საბა ჩიტიაშვილი, თამთა ძველაია, ეკა ხოფერია, სალომე კაიშაური, ანამარია შეყილაძე, ნიკა გვასალია, ანა გურეშიძე, ლუკა ტუღუში, ნატა კონცელიძე, ირაკლი ზუხბაია, ალექსანდრე სოსელია, მუნა ბატჩაევა, მარიამ მთივლიშვილი, ლილე სამუშია, თამთა ჩხაიძე, ნათია სირაძე, სალომე მეხრიშვილი, დიანა ცეცხლაძე, ელიზა ეფაძე, ანა ბაჟუნაიშვილი, მარიამ ხალვაში, გვანცა ზაქაშვილი, საბა სამუშია.

ღონისძიების დასასრულ, ქართულმა მხარემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა ფრანგული პროექტის მონაწილე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

კომუნიკაცია შედგა. ახლა დგება დრო, როცა ამ ურთიერთობას კიდევ უფრო მყარი და კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს.

Facebook
Twitter
LinkedIn