პროკულტურაციის თეორია  – კვლევის ახალი არეალი კულტურის ფსიქოლოგიაში

თარიღი: 2022-12-29 18:56:19

2019 წელს ჟურნალში – „Culture & Psychology“ – გამოქვეყნდა ტრანსდიციპლინური კულტურის ფსიქოლოგიის წამყვანი მკვლევრის იან ვალსინერის სტატია  – „Culture & Psychology: 25 Constructive years“.  სტატიაში იან ვალსინერმა, ბოლო 25 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, კულტურის ფსიქოლოგიის მიმართულებით შექმნილი 4 ახალი სამეცნიერო თეორია დაასახელა, რომელთა მეშვეობით მეცნიერებაში ახალი საკვლევი არეალი გაიხსნა. საუკეთესო ოთხეულს შორის არის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ლადო გამსახურდიას პროკულტურაციის თეორია.

„კულტურასა და ფსიქოლოგიაში უახლესს ინოვაციას წარმოადგენს გამსახურდიას პროკულტურაციის თეორია“, – წერდა ვალსინერი.

პროკულტურაციის თეორია სამეცნიერო საზოგადოებისთვის ცნობილი დაახლოებით სამი წლის წინ გახდა. ახალი თეორია მეცნიერების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი ევროპის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების სპეციალური მიწვევით, სადაც ლადო გამსახურდიამ უცხოელი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე არაერთი საჯარო ლექცია წაიკითხა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება  ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია ამ სფეროში  ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია და დარგის განვითარების მიმართულებაზე დიდ გავლენას ახდენს. ლადო გამსახურდიას აღნიშნულ ლექციას სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტი მკვლევარი და სტუდენტი ესწრებოდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  მისი საჯარო ლექციები ლუქსემბურგის, ოლბორგისა და ბრემენის უნივერსიტეტებშიც გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებაში ახალი თეორიების დამკვიდრებას გარკვეული დრო სჭირდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებში პროკულტურაციის კონცეპტმა და მასთან დაკავშირებულმა თეორიულმა მიდგომამ   მალევე გამოიწვია ინტერესი. შესაბამისად, ბოლო წლებში  საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიების რიცხვი მზარდია. პროკულტურაციის თეორიას დიალოგური სელფისა და თეორიული ფსიქოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე ორი სიმპოზიუმიც მიეძღვნა.

„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ სამეცნიერო კვლევაზე, მათ შორის, კულტურის ფსიქოლოგიასა და კულტურის ანთროპოლოგიაში, მისი მიზანია მანამდე არსებული ცოდნის გამდიდრება, რომელიც ღირებული იქნება ყველასთვის და არა მხოლოდ  ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის. ჩემი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია სელფის და იდენტობის კონსტრუირებისა და ფუნქციონირების თავისებურებებთან, ასევე მაინტერესებს უცხო კულტურებთან ადაპტაციის სტრატეგიები, მიგრაცია  და „შეხვედრა უცხოსთან“. როგორც ერთ-ერთი საჯარო დისკუსიისას ამერიკელმა პროფესორმა რობერტ ინისმა აღნიშნა, პროკულტურაციის თეორიის საშუალებით კვლევის ახალი ველი გამოიკვეთა“, – ამბობს ლადო გამსახურდია.

ამ დროისთვის ლადო გამსახურდია ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრია, როგორებიცაა „კულტურა და ფსიქოლოგია“, „ინტეგრირებული ბიჰევიორალური და ფსიქოლოგიური მეცნიერებები“. ასევე, ის გახლავთ შპრინგერის ჟურნალის – „ტრენდები ფსიქოლოგიაში“ – ასოცირებული რედაქტორი. არის ორი სამეცნიერო მონოგრაფიისა და 25 სამეცნიერო სტატიის ავტორი.

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორმა ლადო გამსახურდიამ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი 2016 წელს მიიღო. ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთ საგანს კითხულობს: „კულტურა და ფსიქოლოგია“, „სელფი და ეთნიკური იდენტობა“, „დიალოგური თეორიის საფუძვლები“ და „ფსიქოლოგიური აზროვნების სისტემები“.

რა განაპირობებს პროკულტურაციის თეორიის ინოვაციურობას?

პროკულტურაციის თეორიის ნიადაგზე განხორციელებული კვლევები საშუალებას იძლევა  შეიქმნას ახალი ცოდნის სფერო, სადაც, ჯგუფურ დონეზე გაკეთებული დასკვნების გარდა, მოცემული იქნება ინდივიდუალურ დონეზე ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ემიგრანტთა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული პროცესის დროს, ასევე, ზოგადად, ემიგრანტთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ან ემიგრანტთა ადაპტაციაზე ორინტირებული სოციალური თუ პოლიტიკური სტრატეგიების შემუშავებისას.

პროკულტურაციის თეორიის  შესახებ პირველი მონოგრაფია „Semiotic Construction of the Self in Multicultural Societies – A Theory of Proculturation“ გამომცემლობა „Routledge“-მა 2021 წელს გამოაქვეყნა. 2023 წელს კი უკვე გამომცემლობა Springer-ი გამოსცემს მონოგრაფიას – „A Theory of Proculturation – Development of the self through intercultural communication“, რომელიც პროკულტურაციის თეორიის განვითარების გზაზე ახალ ეტაპს წარმოადგენს. ამ დროისთვის გამოსულია ნაშრომის ელექტრონული ვერსია, წიგნი ბეჭდური სახით 2023 წელს გამოიცემა.  ორივე გამომცემლობა საერთაშორისო მასშტაბით უძველეს, პრესტიჟულ სამეცნიერო საგამომცემლო სახლებს წარმოადგენს. თითოეულის სარედაქციო საბჭო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მკვლევრებისგან შედგება.

„ჩემი პირველი მონოგრაფია – „სელფის სემიოტიკური კონსტრუირება მულტიკულტურულ საზოგადოებაში – პროკულტურაციის თეორია“ – ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში განვითარებულია ახალი თეორია პროკულტურაციის  შესახებ.  მიმოხილულია  მანამდე  არსებული თეორიები სელფის და იდენტობების კვლევებში, კროსკულტურულ ფსიქოლოგიაში, სოციალური იდენტობის თეორიაში და ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაშიც, რომლებიც  მეტწილად სოციოცენტრულია, ანუ ამ მიმართულებით მეინსტრიმული კვლევები მიმდინარეობდა მაკროჯგუფურ დონეზე, სადაც, ზოგადად, ინდივიდუალური ვარიაცების გათვალისწინება ნაკლებად ხდება. მე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სოციოკულტურულ დონეზე მოხდეს ინტერკულტურული კომუნიკაციისა და მისი თანმდევი შედეგების შესწავლა, არამედ მნიშვნელოვან თეორიულ გამოწვევას წარმოადგენს ინიდივიდუალურ – სპეციფიკურ იდიოსინკრატულ დონეზე ინტერკულტურული კომუნიკაციის შედეგების გათვალისწინება, შესწავლა და გაგება.  ერთია – იკვლიო და დაადგინო, თუ როგორ ადაპტირდება ემიგრანტთა ჯგუფი უცხო კულტურის მატარებელ საზოგადოებაში და მეორეა – ამ ჯგუფში არსებული ცალკეული ინდივიდი, რომლებზეც არ ვრცელდება განზოგადებული დასკვნები, რადგან მათ  ინდივიდუალური, ფსიქიკური ადაპტაციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური მომენტები აქვთ.

წიგნის მეორე ნაწილი მთლიანად ეძღვნება საქართველოს, ქართულ და ქართული იდენტობის განვითარების საფუძვლებს. მაგალითად, ერთ-ერთ თავში გაანალიზებულია 19-ე საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურის განვითარება რუსულ და ევროპულ კულტურულ იდენტობებთან მიმართებით. კერძოდ, ერთ-ერთ საკვლევ მასალად აღებული მაქვს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“. ასევე, გაანალიზებულია თანამედროვე კონტექსტში ქართველობის კონსტრუირების თავისებურებები, სადაც განახლებული ფორმით არის წარმოდგენილი ქართული იდენტობის რეპრეზენტაცია და პროკულტურაციის ცალკეული შემთხვევა –  ერთი ქართველი გოგონას ცხოვრების გზა.  შესაბამისად, წიგნს ქართველოლოგიურ კვლევებშიც შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი.

მეორე მონოგრაფია, რომელიც წელს გამოქვეყნდა, მთლიანად თეორიულია. შეიძლება ითქვას, რომ პროკულტურაციული მიდგომის ახალი საფეხურია. აქ სპეციფიკური სემიოტიკური სტრატეგიებია შემუშავებული, რომელსაც შეიძლება იყენებდნენ ცალკეული ინდივიდები უცხო კულტურულ ელემენტებთან შეხვედრისას. საკვლევ არეალს ქართველი მიგრანტები შეადგენდნენ“, – განმარტავს ლადო გამსახურდია.

კვლევითი საქმიანობის თემატური ვექტორები

პროკულტურაციის თეორია ლადო გამსახურდიას სამეცნიერო კვლევის მთავარი ვექტორია. იგი თეორიის განვითარებისთვის ემპირიულ კვლევით საქმიანობას ამ დროისთვისაც აგრძელებს, თუმცა, პარალელურად, რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის წევრია, რომელთა ფარგლებშიც მულტიკულტურული და კროსკულტურული მიმართულებებით სხვადასხვა კულტურაში ღირსების აღქმას, პიროვნულ მახასიათებლებთან სიტუაციური ფაქტორების კავშირს, ბედნიერების აღქმის თავისებურებებს იკვლევს. მისი ავტორობით გამოქვეყნებული ბოლო სტატია  საქართველოში კოვიდპანდემიის მენტალურ-სემიოტიკური გადამუშავების საკითხების კვლევას ეხება.

„მთავარი, რაც დადგინდა, იყო ის, რომ კულტურული და სიმბოლური მასალები, რომელსაც საზოგადოება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ კონტექსტში იღებს სხვადასხვა მედიის საშუალებებით, გავლენას ახდენდა კოვიდის აღქმაზეც, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებული აღმოჩნდა კულტურულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, საქმე გვაქვს კულტურულად რეგულირებულ მრავალსაფეხურიან კოგნიტურ პროცესებთან. თუმცა, ამავდროულად, კლასიკური მიდგომისგან განსხვავებით, სადაც კვლევა ხდება სოციოლოგიურ დონეზე, ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ  ერთი და იმავე კულტურის მატარებელ ჯგუფებში შემავალ ინდივიდებს შორის არის განსხვავებები, ანუ, კულტურული ფაქტორების მნიშვნელობასთან ერთად აქაც გამოიკვეთა თითოეული ინდივიდის უნიკალური ფენომონოლოგიური გამოცდილების კვლევის მნიშვნელობა“, – განმარტავს ლადო გამსახურდია.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში ლადო გამსახურდია ქართული იდენტობის თემასაც იკვლევს, რაც, გარკვეულწილად,  მისი სადისერტაციო კვლევის  (სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა ეთნიკურ იდენტობას – თუ რას ნიშნავს იყო ქართველი)  გაგრძელებას წარმოადგენს. თუმცა, ამჯერად, მისი ფოკუსი ქართული ეთნიკური იდენტობის გენეზისზეა ორიენტირებული. კვლევის შედეგად შედგება ერთგვარი სქემა, თუ როგორ მოხდა ქართული ეთნიკური იდენტობის განვითარება ისტორიულ კონტექსტში.  

„ქართველობის ძირითად განმსაზღვრელ ნიშნებს წარმოადგენს სპეციფიკური ღირბულებებისა და ნორმებისადმი ლოიალობა, პირველ რიგში ეს არის თავისთავად ქართველობის მიმართ ერთგულება, ეს არის არჩევანი, რომელსაც ადამიანები აკეთებენ, იშინაგნებენ და მათთვის ქართველობის, სამშობლოს განცდა მათი შინაგანი სამყაროს, სელფის ნაწილი ხდება. ქართველობის გაგება დგას ცალკეულ ღირებულებებზე, კერძოდ, ოჯახური ღირებულებების დაცვაზე, ოჯახის სპეციფიკურ გაგებაზე – მცირე ჯგუფებზე ორიენტირებული კოლექტივიზიმის თავისებური ფორმაა საქართველოში მოცემული, სადაც ადამიანები ორიენტირებული არიან მათთვის ძვირფას მცირე ჯგუფებზე, განსხვავებით ზოგიერთი სხვა კოლექტივისტური კულტურებისგან, სადაც მოსახლეობა მთლიანად ფართო საზოგადოებაზეა  ორიენტირებული და არა მხოლოდ – უშუალოდ მათ ახლობლებზე. ასევე, გამოხატვის და ქცევის სპეციფიკური სტილი ახასიათებთ ქართველებს, რომელიც  არის  შეჭიდული სხვადასხვა გამოწვევებთან, რომელშიც ქართველი ხალხი ცხოვრობს. შეიმჩნევა ერთგვარი ეტაპაჟური ქცევის სოციალური წახალისება და დარდიმანდულობაც, რაც მიმდინარე გამოწვევებთან ემოციური დისტანცირებისა და შფოთვის შემცირების საშუალებას იძლევა. ეს არის რთულ საცხოვრებელ პირობებში გამოწვევებისგან ერთგვარი განრიდებისა და, იმავდროულად, თვითგამოხატვის სპეციფიური ფორმა, რაც  ერთგვარ ადაპტურ სტრატეგიას ქმნის. დარდიმანდობა ასევე ავლენს აწმყო დროზე ორიენტაციას და მომავალი დროის შესახებ ფიქრების ცნობიერი ველიდან დისტანცირებას“, – აღნიშნავს ლადო გამსახურდია.  

„თუ ვინმე მკითხავს ამ სფეროში რატომ ვმუშაობ, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი სტუდენტები არიან…“

მეცნიერებაში შექმნილი ახალი ცოდნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესზეც აისახება. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლადო გამსახურდიას რამდენიმე არჩევითი საავტორო კურსი იკითხება, მათ შორის არის „ეთნიკური იდენტობა, სამშობლო და ნაციონალიზმი“ (რომელიც 2017 წლიდან სასწავლო კურიკულუმის ნაწილია), „დიალოგური თეორიის საფუძვლები“ მაგისტრანტებისთვის, ასევე 2017 წლიდან იკითხება „კულტურა და ფსიქოლოგია“, საგნის თანაავტორები ლადო გამსახურდია და ლალი სურმანიძე არიან. ის გახლავთ სადოქტორო პროგრამა – „კულტურული პერსონოლოგია, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევების“ თანახელმძღვანელი, რომელიც აკრედიტაციის პროცესშია.

 „თუ ვინმე მკითხავს ამ სფეროში რატომ ვარ, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი სტუდენტები არიან… მათთან კომუნიკაცია ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა და მეხმარება მასალების უკეთ გააზრებასა და ახალი იდეების განვითარებაში. ქართველი სტუდენტები ძალიან აქტიურები და დაინტერესებულები არიან ახალი ცოდნის შეძენით, აქტიურად მონაწილეობენ დისკუსიებში. დიდი იმედი მაქვს – ბევრი მათგანი აირჩევს მეცნიერების გზას და  კვლევა-ძიებას განაგრძობს“, – ამბობს თსუ-ს პროფესორი.

Facebook
Twitter
LinkedIn