კვლევა  COVID-19 პანდემიის ძირითად გამოწვევებზე

თარიღი: 2023-04-05 20:07:35

,,COVID-19 პანდემიის ძირითადი გამოწვევები“ – ასე ჰქვია გეოგრაფიის დოქტორის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნინო პავლიაშვილისა და მისი კოლეგების (გ. გოგსაძე, გ. კვინიკაძე, ვ. ჩხაიძე) ნაშრომს, რომლებმაც პანდემიის პერიოდში აჭარის მცირე სასტუმროების მდგომარეობა შეისწავლეს. ნაშრომი ფაკულტეტის ჟურნალში – ,,გარემო და საზოგადოება“ დაიბეჭდა.

ნაშრომში საუბარია, თუ როგორი კატასტროფული შედეგები მოჰყვა პანდემიას მსოფლიოში, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე ეკონომიკის კუთხით. როგორც ქალბატონი ნინო პავლიაშვილი განმარტავს, ეკონომიკის კუთხით განსაკუთრებული დარტყმა ტურიზმმა მიიღო.

,,ეს კვლევა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საინტერესო იქნება. ტურიზმის სექტორში დაკავებულ ადამიანებს და, ზოგადად, ეკონომიკასა და ტურიზმზე კოვიდის გავლენით დაინტერესებულ პირებს ნაშრომი საჭირო ინფორმაციას მიაწვდის. მსოფლიოს მაგალითის გათვალისწინებით შევისწავლეთ აჭარის მცირე სასტუმროები. ყურადღება გავამახვილეთ, თუ რა გავლენა მოახდინა კოვიდმა აჭარის მცირე სასტუმროების მუშაობაზე, როგორ აისახა ეს ტურისტების რაოდენობასა და შემოსავალზე, რა შედეგი მოჰყვა პანდემიას კადრების დენადობის თვალსაზრისით და ა.შ.“, – აღნიშნავს ნინო პავლიაშვილი, რომელიც აკონკრეტებს კვლევის მიმდინარე პროცესს.

„კვლევა მოიცავს 2019-2021 წლებში განვითარებული მოვლენების ანალიზს. სულ შევისწავლეთ 32 მცირე სასტუმრო ბათუმში, ქობულეთსა და გონიოში, რომლებსაც 50-მდე ნომერი აქვთ. კითხვები ბლოკებად იყო დაყოფილი და, პირველ რიგში, შევაგროვეთ ზოგადი ცნობები სასტუმროს შესახებ. შემდეგ ვიკვლიეთ აღნიშნულ პერიოდში სასტუმროს დატვირთვის მაჩვენებლები, დასაქმებულთა რიცხვის ცვლილება იმავე წლებში, სახელმწიფოს ან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დახმარების თაობაზე ინფორმაცია და ბოლოს პასუხები გაეცა კითხვას – პანდემიის პერიოდში რა ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა სასტუმროების ფუნქციონირებაში. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა ის, რომ, პირველ რიგში, მცირე სასტუმროებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ დამსვენებლების რაოდენობა და თუ პანდემიამდე დატვირთვის მაჩვენებელი 90-100%-ის ფარგლებში ჰქონდათ, კოვიდის დროს ეს მაჩვენებელი 10-დან 45%-მდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა შემოსავალიც 50-80%-ის ფარგლებში. რამდენიმე სასტუმროში ისიც კი აღნიშნეს, რომ იმდენად გაუჭირდათ იმ პერიოდში, რომ კომუნალურ გადასახადებსაც კი ვეღარ იხდიდნენ“, – აცხადებს ნინო პავლიაშვილი.

შეკითხვაზე, შეისწავლეს თუ არა პანდემიის დროს, მაგალითად, ხელისუფლების მიმართ სასტუმროში დასაქმებულთა განწყობები, ქალბატონი ნინო პავლიაშვილი გვპასუხობს: ,,უმეტესობა გაგებით შეხვდა ვითარებას, მითუმეტეს, რომ სახელმწიფომ 200 მილიონი ლარი გამოყო იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორს გარკვეული დახმარება ჰქონოდა; ტურიზმის სუბიექტებს დაეხმარნენ იმით, რომ 2020 წლის განმავლობაში ტურიზმის სუბიექტები ქონების გადასახადისაგან სრულად გათავისუფლდნენ; იმ სასტუმროებისთვის, რომელთა წლიური კაპიტალბრუნვა 20 მილიონ ლარზე ნაკლები იყო, მთავრობამ  6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის 80 %-ის სუბსიდირება მოახდინა; ტურისტული ფირმებისა და ტუროპერატორებისთვის მთავრობამ 6 თვის განმავლობაში საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება განახორციელა. გარდა ამისა, ზოგიერთ სასტუმროში გაიხსნა კოვიდ-სასტუმროები და საკარანტინო ზონები, რაც ორმხრივად მომგებიანი იყო: ერთი მხრივ, თავიდან იქნა აცილებული საავადმყოფოების გადატვირთვა და, მეორე მხრივ, პროგრამაში ჩართულმა სასტუმროებმა გარკვეული შემოსავალი მიიღეს“, – ამბობს პროფესორი.

როგორც ნინო პავლიაშვილი აცხადებს, კვლევაზე მომუშავე ჯგუფი წელსაც აპირებს იმის შესწავლას, თუ რა მდგომარეობა შეექმნათ სასტუმროებს პოსტ-კოვიდის პერიოდში, რამდენად გაიზარდა მათი დატვირთვა, შემოსავალი, ტურისტების რაოდენობა და ა.შ.

Facebook
Twitter
LinkedIn