პროფესორ ნანული დორეულის დოქტორანტის წარმატებები

თარიღი: 2023-01-17 19:23:36

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის 2022 წლის  გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა.

კონკურსი შესაძლებლობას აძლევს ქართველ სტუდენტებს  სამაგისტრო და  სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩაატარონ. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს – მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

მინდინარე წელს რუსთაველის ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივ საგრანტო კონკურსში ოთხმა სამეცნიერო პროექტმა გაიმარჯვა. აქედან ორი პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოქტორანტების მიერ იქნა წარდგენილი.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის მიზნების,  თსუ-სა და  იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის,  2022 წლის  კონკურსში გამარჯვებული პროექტების – „შიშის მეხსიერების პტსა-ის სპეციფიკური ინჰიბიტორული ქსელების შესწავლა“ და  „პოზიტრონულ-ემისიურ ტოპოგრაფიის (პეტ) ახალი საკვლევი  ნივთიერებების პრეკლინიკური შეფასება კიბოს დიაგნოსტირებისა და თერაპიისათვის“ შეფასების შესახებ გვესაუბრება თსუ-ს პროფესორი, თსუ-ს ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  ნანული დორეული:

,,შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროგრამის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენა და იულიხის კვლევით ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პროექტებში მათი ჩართვის ხელშეწყობაა, რაც დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს განახორციელოს სადისერტაციო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევა.  

კათედრა დიდი ხანია თანამშრომლობს გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტთან. წლების განმავლობაში სამეცნიერო მივლინებების ფარგლებში ვთანამშრომლობდი დიუსელდორფის ჰ. ჰაინეს სახელობის  და ჰამბურგის უნივერსიტეტების სამეცნიერო ლაბორატორიებთან.  მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა მაქვს შესრულებული და კარგად მესმის ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ამდენად, მუდამ ვახალისებ მაგისტრებისა და დოქტორანტების საგრანტო პროექტებში მონაწილეობას. კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტის ავტორის,  ჩემი დოქტორანტის გია ქუთელიას სამეცნიერო კარიერა ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლების დროს დაიწყო. მან შემდგომ, მაგისტრატურაში, ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში  საფრანგეთისა (ბორდო) და გერმანიის (ჩარიტე) უნივერსიტეტებთან ითანამშრომლა. ძალიან სასიამოვნოა კათედრაზე მოტივირებული, ნიჭიერი დოქტორანტის ყოლა  და ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რაც ხელმძღვანელის მხრიდან სადოქტორო თემის შესრულებასთანაა დაკავშირებული. ძალზე ძნელია ჩვენი მწირი დაფინანსებებით დოქტორანტმა  კვლევა წარმართოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ამდენად, მუდამ იმის ძიებაში ვართ, როგორ მივიღოთ დამატებითი დახმარება აღნიშნული კვლევების განსახორციელებლად. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა წარმოადგენს, რასაც აქტიურად ვახორციელებთ; კათედრას ახლაც 2 პროექტი აქვს წარდგენილი ფუნდამენტური კვლევების დაფინანსების მიზნით რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

პანდემიის პერიოდში 2020 წელს ჩვენი გერმანიასთან კონტაქტები კიდევ უფრო  გაღრმავდა. უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია აახენის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) მხრიდან თანამშრომლობის შემოთავაზებასთან დაკავშირებით. კათედრამ ეს შანსიც გამოიყენა და ასე დაიწყო ჩემი და ჩემი დოქტორანტის გია ქუთელიას ურთიერთობა აღნიშნულ უნივერსიტეტთან. ნეირომეცნიერი და კლინიკური ფსიქოლოგი, რაინ-ვესტფალიის აახენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, JARA ტვინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი უთე ჰაბელი და აახენის უნივერსიტეტის სისტემური ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ბიორნ კემპა  მას შემდეგ აქტიურად გვეხმარებიან საერთაშორისო კოლაბორაციის თვალსაზრისით. გია ქუთელია უკვე 2-ჯერ იყო აღნიშნულ ცენტრში სადოქტორო თემასთან დაკავშირებული კვლევების გარკვეული სერიების განსახორციელებლად. სწორედ ამ ურთიერთობის შედეგია, რომ გია ქუთელიას მიეცა საშუალება  – მონაწილეობა მიეღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივ საგრანტო კონკურსში. საკონკურსო ნაშრომის სახელწოდებაა  „შიშის მეხსიერების პტსა-ის სპეციფიკური ინჰიბიტორული ქსელების შესწავლა“,  – განაცხადა თსუ-ს პროფესორმა ნანული დორეულმა.

სამეცნიერო თემის აქტუალობასთან დაკავშირებით თსუ-ს დოქტორანტი გია ქუთელია გვესაუბრება:

„ჩემი სადოქტორო ნაშრომი მოიცავს მეხსიერების საინტერესო ფენომენის – ჰიპერმნეზია/ამნეზიის ნეირობიოლოგიური საწყისების კვლევას. აღნიშნული ფენომენი პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ხშირად გვხვდება პაციენტებში, რომლებიც ამ მენტალური დაავადებით იტანჯებიან. მაგალითად, ქალები, რომლებიც არიან გაუპატიურების მსხვერპლნი და შედეგად განუვითარდათ პტსა, ვერ იხსენებენ მოძალადის სახეს, ძალადობის პროცესს, კონტექსტსა და დეტალებს (ამნეზია), მაგრამ ამავდროულად აქვთ გაძლიერებული მეხსიერება – ჰიპერმნეზია რომელიმე არარელევანტური სტიმულის მიმართ. თუ გაუპატიურება ზღვის ნაპირთან მოხდა – შესაძლოა ჰიპერმნეზია განვითარდეს ტალღების ხმის მიმართ და შედეგად, ქალები, როდესაც მოისმენენ ტალღების ხმას, ხელახლა განიცდიან ძალადობისას მიღებულ ტანჯვას. სამწუხაროდ, პტსა პაცინტების 50%-ში მკურნალობას არ ექვემდებარება და გარკვეული ნაწილი სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებს. ჩემს კვლევაში, დაავადების ცხოველური მოდელებისა და თანამედროვე მიკროსკოპული მეთოდების გამოყენებით, ვცდილობ გავარკვიო – რა ნეირონული საწყისები აქვს პტსა-ს ამ ფენომენს და როგორ განსხვავდება პტსა-სთან ასოცირებული შიშის მეხსიერება ნორმალური შიშის მეხსიერებისგან უჯრედულ დონეზე. ვიმედოვნებ, რომ პროექტიდან მიღებული მონაცემები მცირე წვლილს შეიტანს ამ დაავადების ნეირობიოლოგიური მექანიზმების გაგებაში, რაც, თავის მხრივ, ახალი მკურნალობის გზების განვითარების წინაპირობაა“, – აცხადებს  თსუ-ს დოქტორანტი გია  ქუთელია.

როგორც  პროფესორი  ნანული  დორეული ბრძანებს: „აღნიშნული  კვლევებისადმი ინტერესი ძალიან მაღალია დღევანდელ სამყაროში.  ისეთი ტრავმული მოვლენები, როგორებიცაა ომი,  პანდემიური და პოსტ-პანდემიური მდგომარეობა,  სოციალური იზოლაცია, უიმედობა და სტრესი პტსა-ის განვითარების რისკებს აძლიერებს, ამდენად ახალი ცოდნის შექმნა პტსა-ს ნეირობიოლოგიურ მექანიზმებთან დაკავშირებით  სასარგებლო იქნება მრავალი დარგის სპეციალისტისთვის, მათ შორის, კლინიცისტებისთვისაც.  აღნიშნული გრანტით გია ქუთელიას ექნება საშუალება  – ერთი წლის განმავლობაში კვლევა განახორციელოს გერმანიაში გერმანელი კოლეგების  – პროფესორ უთე ჰაბელისა და  პროფესორ ბიორნ კემპას ზედამხედველობით. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსებით, დოქტორანტ გია ქუთელიას ექნება საშუალება  – სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები იულიხის კვლევით ცენტრში ჩაატაროს, და ასევე, ითანამშრომლოს იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან“, – აღნიშნავს პროფესორი ნანული დორეული.

ახალი მიდგომები ეპილეფსიის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში

პროფესორ ნანული დორეულის ხელმძღვანელობით, თსუ-ს ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრა უკვე მრავალი წელია კვლევას აწარმოებს ეპილეფსიის რეზისტენტული ფორმის მკურნალობაში ახალი მიდგომების შემუშავების მიზნით, რომელსაც სიამოვნებით გვიზიარებს: 

„კვლევები ხორციელდება ეპილეფსიის ცხოველურ მოდელებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კათედრას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი გრანტი. ამ კვლევების ფარგლებში შევისწავლეთ სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერული სისტემის როლი ეპილეფსიის პათოგენეზში, ასევე, კლასიკური ფლავონოიდების (ქვერცეტინი, რესვერატროლი) და ქართული ენდემური ჯიშის საფერავის ყურძნიდან გამოყოფილი ფლავონოიდების ეფექტები კაინის მჟავას ეპილეფსიური სტატუსით განპირობებულ ქცევით და მეხსიერების დარღვევებზე. ჩვენ მიერ ნაჩვენებია, რომ საფერავის ფლავონოიდებს დადებითი გავლენა აქვს მეხსიერების პროცესებზე და მისი ადმინისტრირება იწვევს ქცევითი კრუნჩხვების რაოდენობისა და ხანგრძლივობის  შემცირებას ვირთაგვებში.

ზოგადად, ტვინთან დაკავშირებული პათოლოგიების მკურნალობაში (ისევე, როგორც, მაგალითად, სიმსივნეების მკურნალობისთვის) ძალზე აქტუალურია მიმართული მკურნალობა და ნანონაწილაკების, როგორც წამლების გადამტანების, გამოყენება.

უკანასკნელი 3 წელი ვმუშაობდით თემაზე, რომელიც ეხება ქვერცეტინ-დაკავშირებული მაგნიტური ნანონაწილაკების ანტიეპილეფსიური პოტენციის შესწავლას ეპილეფსიის ცხოველურ მოდელებში. აღნიშნული კვლევა ანტიეპილეფსიური საშუალებების ეპილეფსიურ ლოკუსზე მიმართული ზემოქმედების პირველი მცდელობაა. განხორციელებული კომპლექსური კვლევით ნაჩვენებია, რომ ქვერცეტინით მოდიფიცირებული რკინის ნანონაწილაკები მნიშვნელოვნად ცვლის ნანოკომპოზიციის ოპტიკურ პარამეტრებს. წამლის მიწოდების აღნიშნული სისტემა საიმედო საშუალებაა ქვერცეტინის ეფექტურობის გასაზრდელად ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვისა და ეპილეფსიის ლოკუსში მისი აკუმულირების გზით, რაც მიიღწევა გარე სტატიკური მაგნიტური ველით (გსმვ) მართვის პირობებში“, – აღნიშნავს პროფესორი  ნანული დორეული, რომელიც კათედრის სამომავლო გეგმებზეც უკვე თამამად საუბრობს,  იმ იმედით, რომ პანდემია ხელს აღარ შეუშლით სამეცნიერო აქტივობების განხორციელებაში.

სამომავლო გეგმები და შედეგები  

„პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის ნეირობიოლოგიური საფუძვლების კვლევასთან დაკავშირებით 2 საგრანტო პროექტი გვაქვს წარდგენილი რუსთაველის სამეცნიერო ფონდში და იმედი გვაქვს, რომ ფონდი ამ დაფინანსებას მოგვცემს.

პანდემიის პერიოდმა შეაფერხა ჩვენი ყოველწლიური კონფერენციები ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტში, მათ შორის, ღვაწლმოსილ მეცნიერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენციები. 

ყოველწლიური კონფერენციები ტარდებოდა 2010-2019 წლების განმავლობაში და აღნიშნული ფორმატის ფარგლებში მოვისმინეთ ძალზე საინტერესო როგორც სამეცნიერო  მოხსენებები, ისე მოსწავლე/ახალგაზრდების თეორიული პრეზენტაციები ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. პანდემიის პერიოდში კათედრამ და მისმა სტუდენტებმა რამდენიმე ვირტუალურ კონფერენციაშიც მიიღეს მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებული შედეგები გვქონდა. ვცდილობთ განვაახლოთ ჩვენი ჩართულობა საკონფერენციო ცხოვრებაში“, – აცხადებს  პროფესორი ნანული დორეული, რომლიც ავტორია ტვინის პლასტიკურობის, ეპილეფსიის, შიზოფრენიის თემატიკაზე გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი პუბლიკაციებისა. კვლევები საერთაშორისო დონის მკვლევარებთან კოლაბორაციისა და ხელშეწყობით მიმდინარეობდა, მათ შორის აღსანიშნავია ჰამბურგისა და დუსელდორფის სამეცნიერო ცენტრების ჩართულობა.

თანამედროვე ანტიეპილეფსიური საშუალებების ძიებას მიეძღვნა მის  მიერ მოპოვებული და განხორციელებული 2 საერთაშორისო (ISTC) და 4 ეროვნული გრანტი. შესწავლილ იქნა  სხვადასხვა მეთოდიკური მიდგომით ნოოტროპული პრეპარატების პირაცეტამისა და ლევეტირაცეტამის ანტიეპილეფსიური ეფექტები, კვლევები განხორციელდა ორექსინერგული სისტემის ეპილეფტოგენეზში როლის შესწავლის მიზნითაც. განხორციელდა მნიშვნელოვანი კვლევა საფერავის ფლავონოიდების როგორც ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ეფექტების დახასიათების მიზნით, ისე ეპილეფსიის ცხოველურ მოდელებზე შესწავლილია მისი ანტიეპილეფსიური ეფექტურობა. აღნიშნული კვლევის შედეგები წარდგენილია საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებზე და ასახულია სხვადასხვა პუბლიკაციაში.

Facebook
Twitter
LinkedIn