ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბი იზრდება – შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის შედეგები

თარიღი: 2022-08-05 12:29:31

საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი (International Comparative Literature Congress) ჩატარდა.

კონგრესის თემა იყო “მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები”.

კონგრესი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის თანაორგანიზებით  გაიმართა, 7 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღო 1500-მდე წამყვანმა ლიტერატურათმცოდნემ, კრიტიკოსმა, კულტუროლოგმა, მთარგმნელმა, გამომცემელმა და მწერალმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

პლენარული მოხსენებები პრინსტონის, კემბრიჯის, ტოკიოს, სორბონას, ლუბლიანას და სხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა მეცნიერებმა წარადგინეს.

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის პროფესორი ირმა რატიანი შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.

კონგრესის ფარგლებში მოეწყო ირმა რატიანის ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მომზადებული ფილმის – „ქართული ლიტერატურა 90 წუთში“ ჩვენება, რომელიც კონგრესის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთება და საერთაშორისო ასოციაციების ვებ-გვერდებზე გადაზიარდება.

 „მთავარი, რაც ამ კონგრესმა შეცვალა და ეს ტენდენცია გაგრძელდება, არის  მსოფლიო ლიტერატურათმცოდენობითი საზოგადოების დამოკიდებულება პატარა ქვეყნების ლიტერატურებისადმი. აუცილებლად მოხდება პოზიციის გადააზრება, რადგან თბილისის კონგრესმა აჩვენა, რომ პატარა ქვეყნების მწერლობებს, რომლებიც შეიძლება დღეს არ აწესებენ წესებს და არ ლიდერობენ ბაზარზე, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ მსოფლიო ლიტერატურულ რუკაზე და ნებისმიერი ლიტერატურული ტრენდის სპეციფიკურ, ხანდახან – მეწინავე ფრთას წარმოადგენენ“, – განაცხადა ირმა რატიანმა კონგრესის მუშაობის შედეგების შეფასებისას.  

პირველად თბილისის კონგრესზე იმუშავეს ახალმა სესიებმა: ნაციონალური ასოციაციების პრეზიდენტების სესიამ, ახალგაზრდა მეცნიერთა სესიამ და ინტერდისციპლინურმა სპეციალურმა სესიებმა. სამივე ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა. უცხოელი კრიტიკოსები, მთარგმნელები, ჟურნალისტები და გამომცემლები ინტერესით სწავლობდნენ ქართულ ლიტერატურულ გარემოს. გარდა კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრებისა ქართველ მწერლებთან – დათო მაღრაძესთან და გურამ ოდიშარიასთან, ქართველმა ორგანიზატორებმა უცხოელ სტუმრებს იმ  ორგანიზაციების მონაცემები მიაწოდეს, რომლებიც საქართველოში ლიტერატურის მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან.

„ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ კონგრესის ფარგლებში ყოველმხრივ წარმოგვეჩინა ქართული ლიტერატურა, მათ შორის, გვიანი შუა საუკუნეების  მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ეპოქები. რუსთველსა და „ვეფხისტყაოსანზე“ გამართულმა სესიებმა (პროფესორ მაკა ელბაქიძის ხელმძღვანელობით), აგრეთვე,  ქართულ მოდერნიზმსა და ავანგარდზე გამართულმა სესიებმა იმდენად დაააინტერესა ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომ რამდენიმე წინადადება ამ მიმართულებით საერთაშორისო პროექტის დაწერისა და განხორციელების შესახებ უკვე მივიღეთ“, – აღნიშნა ირმა რატიანმა.

ირმა რატიანი, ახლა უკვე როგორც შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. დაგეგმილია ასოციაციის კავკასიის რეგიონის კომიტეტის შექმნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ქართული ლიტერტურის წარმოსაჩენად დამატებითი პლატფორმა გახდება.

ქართული ლიტერატურათმცოდნეობის ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, მსოფლიო კონგრესის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის ირმა რატიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

„არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული ღონისძიება. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა სესიებზე. ვფიქრობ, კონგრესის მონაწილეების სახით საქართველოს ბევრი მეგობარი გაუჩნდა, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ჩვენი ლიტერატურისა და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში“,- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

კონგრესის ფარგლებში მონაწილეებმა ინტერდისციპლინური მოხსენებები წარადგინეს და სხვადასხვა სახის ვორკშოპებსა და თემატურ შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ადგილობრივი მწერლობისა და კულტურის უკეთ გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.

„ბევრი რამ გავიგე ქართული ლიტერატურის შესახებ, რომლის თაობაზე ძალიან ზოგადი ინფორმაცია მქონდა, ამიტომაც ახალ ადამიანთა ნამუშევრების გაცნობა ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა“, – განაცხადა შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა სანდრა ბერმანმა.

პარიზში მცხოვრები ლიბანელი მწერალი ქალი იმან ჰუმაიდანი უკვე მეორედ ეწვია საქართველოს: „წელს უკვე ისე ვგრძნობ თავს საქართველოში, როგორც საკუთარ სახლში.  აღფრთოვანებული ვარ იმ სტუმართმოყვარეობით და კეთილგანწყობით, იმ კავშირით, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იგრძნობა. ეს არის ის, რაც ლიტერატურას და მხოლოდ ლიტერატურას შეუძლია“, – განაცხადა იმან ჰუმაიდანმა. საგულისხმოა, რომ იმან ჰუმაიდანის გარდა, კოგრესის ფარგლებში თბილისს სტუმრობდა ფრანგი ავტორი ჟან ლუკ კოატალემი, რომელსაც საქართველოს გონკურების პრემია გადაეცა.

კონგრესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დელეგატთა ნაწილი სამუშაო პროცესში ონლაინ მონაწილეობდა. წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით მიმდინარე წელს მომზადდება, მათ შორის იქნება შრომები რუსთველოლოგიაში, რომელიც ქართველმა და უცხოელმა ქართველოლოგებმა წარმოადგინეს.

უცხოელმა ლიტერატურთმცოდნეებმა და მკვლევრებმა კონგრესი ლიტერატურათმცოდნეობის მსოფლიო კონგრესის მრავალწლიან ისტორიაში ნამდვილად გარღვევად შეაფასეს, კონგრესის მნიშვნელობაზე ქართული ლიტერატურისთვის კი ქართველმა ავტორებმა და ლიტერატორებმა ისაუბრეს:

„ვისაუბრე ომის ლიტერატურაზე, მშვიდობასა და ომზე, თუ როგორ აისახა ქართულ ლიტერატურაში ეს ყველაფერი. მითუმეტეს ბოლო დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია.  პლანეტა გახდა უფრო სწრაფი ინფორმაციის მიმღები და, ამავე დროს, სწრაფად იწერება ლიტერატურული ნაწარმოებებიც. ლიტერატურას ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ხელი შეუწყოს დღეს ყველა პროგრესული იდეის განვითარებას, მხარში ამოუდგეს ადამიანს, დაიფაროს ადამიანი, დაიცვას მისი უფლებები და გაუფრთხილდეს მას იმ საშინელ ვითარებაში, რასაც ჰქვია ომი. ლიტერატურა იმახსოვრებს დროს სხვანაირად. განსაკუთრებით ის ლიტერატურა იგებს, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არ არის, არამედ  საუბრობს ადამიანზე“, – აღნიშნა მწერალმა გურამ ოდიშარიამ.

„ამ კონგრესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურული ცხოვრებისთვის და არა მარტო ლიტერატურული ცხოვრებისთვის, არამედ  მთელი ქართული კულტურისთვის, რადგან ჩვენ არ ვართ განებივრებულნი ამგვარი მასშტაბის ღონისძიებებით“, – განაცხადა თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ზაზა აბზიანიძემ.

„ეს არის ძალიან დიდი აღიარება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ქართული ლიტერატურის და იმ მეცნიერების, რომლებიც ამ კონგრესში არიან ფართოდ ჩართულნი. კონგრესზე ქართველმა ლიტერატურათმცოდნეებმა კომპარატივისტული პერსპექტივიდან განიხილეს ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში“, – აღნიშნა თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე ბრეგაძემ.

თბილისში ჩატარებულ კონგრესზე შედარებითი ლიტერატურის  საერთაშორისო ასოციაციის ახალ პრეზიდენტად ბრიტანელი მეცნიერი  ლუჩია ბოლდრინი აირჩიეს.  „შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია მიიჩნევს, რომ
კონგრესი, რომელიც საქართველოში გაიმართა, მართლაც შესანიშნავი იყო. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ საქართველოს მსგავს ქვეყანაში. აქამდე კონგრესი ტარდებოდა პარიზში, ვენაში, ჰონკონგში და სხვა დიდ ქალაქებში, რომლებიც გლობალური ქსელების  ცენტრებია და გვავიწყდებოდა საქართველოს მსგავსი ადგილების სიმდიდრე, რომლებიც, ერთი შეხედვით, ამ გლობალური ცენტრების პერიფერიად ჩანან. კონგრესმა დაამტკიცა, რომ სწორედ ცენტრალური და არა პერიფერული მნიშვნელობა აქვს საქართველოს. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ აქ ყოფნისას და მივიღეთ გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და რომელიც განსაზღვრავს ICLA-ს შემდგომი წლების
საქმიანობას“, – ასე შეაფასა კონგრესის მუშაობა და შედეგები  შედარებითი ლიტერატურის  საერთაშორისო ასოციაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ლუჩია ბოლდრინიმ.

კონგრესის დასასრულს გაიმართა გრიგოლ კიკნაძის სახელობის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. გრიგოლ კიკნაძის ლიტერატურათმცოდნეობითი პრემია დაარსდა 2012 წელს შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის მიერ და გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ საუკეთესო ლიტერატურათმცოდნეობითი მონოგრაფიის, სტატიისა  და სამეცნიერო თარგმანის ნომინაციებში,  ასევე – ლიტერატურათმცოდნეობით  მეცნიერებაში შეტანილი   განსაკუთრებული წვლილისთვის.           თბილისის კონგრესზე  გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გრიგოლ კიკნაძის სახელობის  პრემიები გადაეცათ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს ნუგეშა გაგნიძეს  მონოგრაფიისათვის – „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“, ილიას უნივერსიტეტის პროფესორებს ბელა წიფურიასა და ათინათ მამაცაშვილს – საუკეთესო სამეცნიერო სტატიისათვის, ქართული ლიტერატურათმცოდნეობის  განვითარებისათვის გაწეული  ღვაწლისთვის, კერძოდ, პაოლო იაშვილისა და ცისფერყანწელების შესახებ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომებისათვის და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელს ლალი ავალიანს (თარგმანის ნომინაციაში გამარჯვებული ამჯერად არ გამოვლენილა).

კონგრესის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ: შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია, შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. მხარდამჭერი ორგანიზაციები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მუზეუმების გაერთიანება, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, თბილისში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები.

,,ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი დონის სამეცნიერო-კულტურულ ფორუმს. ასეთი ძველი და მდიდარი ტრადიციების ქვეყანა – საქართველო და მისი დედაქალაქი – თბილისი, რა თქმა უნდა, ღირსეულ ადგილს დაიკავებს კონგრესის ისტორიაში“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  გიორგი ტყემალაძემ.

„მთავარი მიზანი ამ კონგრესისა არის მცირე ერების ლიტერატურის შესწავლა გლობალიზაციის პირობებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ქართული ლიტერატურა, როგორც მცირერიცხოვანი ერის  ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურის საგანძურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  და ამასთანავე მინდა ცალკე გამოვყო  აფხაზური და ოსური ლიტერატურის საკითხიც“, – განაცხადა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, თსუ-ის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ.

ფორუმი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს,  სამ წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, ძლიერ ქვეყნებსა და წამყვან საუნივერსიტეტო ცენტრებში იმართება. კონგრესს სხვადასხვა დროს მასპინძლობდნენ ვენეცია, ტოკიო, პარიზი, ვენა, მაკაუ და სხვა ქალაქები, რომელთა რიგებსაც 2022 წელს თბილისიც შეუერთდა. საბჭოს საბოლოო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოდან წარდგენილმა წინადადებამ გაიმარჯვა, 2019 წელს იქნა მიღებული.

უკვე ცნობილია, რომ, თბილისში გამართული არჩევნების შედეგად, მომდევნო კონგრესი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართება.

Facebook
Twitter
LinkedIn