თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტთა შიდა და გარე მობილობას გამოაცხადებს

თარიღი: 2022-11-22 18:07:02

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის გამოცხადებას 2023 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გეგმავს. პროცესი მომავალი წლის იანვარ-თებერვალში განხორციელდება. ფაკულტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით მიიღო.

„მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული ფაკულტეტი დაბრუნდა უკვე განახლებულ მეორე აკადემიურ კორპუსში, რამაც გამოაცოცხლა სტუდენტური და აკადემიური აქტივობები. ამასთან ერთად, ეს შესაძლებლობას აძლევს ფაკულტეტს, მოემსახუროს მეტ სტუდენტს. ამდენად, იურიდიული ფაკულტეტი გეგმავს გარე და შიდა მობილობის განხორციელებას და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი  – მიიღონ ფუნდამენტური იურიდიული განათლება და სწავლა გააგრძელონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ექნებათ ამის შესაძლებლობა“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია.

იურიდიული ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლებას – თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ჩართულობით, კვლევას  – ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების ბაზების გამოყენებით და ინტერნაციონალიზაციას – საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან პარტნიორობის ფარგლებში.

„რაც შეეხება იურიდიული ფაკულტეტის მიმდინარე საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ფაკულტეტმა მიმდინარე სემესტრში უკვე უმასპინძლა პოლონელ და ყაზახ კოლეგებს კონფერენციისა და სამუშაო შეხვედრების ფორმატში. ფაკულტეტს მუდმივად სტუმრობენ უცხოელი პროფესორები, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ჩვენი პროგრამების განხორციელებაში. მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამის ფარგლებში ფაკულტეტზე სალექციო კურსები უკვე ჩაატარეს პროფესორებმა: გერჰარდ ფუკნერმა (შპაიერის პროგრამა), დავიდ მარკვორთა (კიოლნის პროგრამა), კრისტიან ფონ კიოლნმა (კიოლნის პროგრამა) და ბერნჰარდ კემპენმა (კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი). კიოლნის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა პროგრამის 15 წლის იუბილე, რომელიც 2023 წლის მარტში აღინიშნება, გერმანელი და ქართველი პროფესორების და ყველა კურსდამთავრებულის მონაწილეობით.

 მიმდინარე სემესტრის განმავლობაში დაგეგმილია გერმანელი პროფესორების სხვა ვიზიტებიც. შპაიერის საჯარო მმართველობის პროგრამის ფარგლებში ფაკულტეტი უმასპინძლებს პროფესორებს: ფრიედერიკე თესელს, ანდრეას კნორრს, შტეფან ოკრუხსა და რაჰელ შომაკერს. კიოლნის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ფაკულტეტს ესტუმრებიან პროფესორები მარტინ ვასმერი, იზაბელე ვაგნერი და კრისტიან დეკენბროკი. ამასთანავე, დეკემბრის თვეში დაგეგმილია შპაიერის პროგრამის სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალის დაფუძნების ღონისძიება და კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი.

მიმდინარე სემესტრში დაგეგმილია რამდენიმე გამოცემისა და ჟურნალის პრეზენტაციაც: ქართველი მეცნიერის, პროფესორ გიორგი ნადარეიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს შედგა ბატონი გიორგის მიერ ჯერ კიდევ 1959 წელს გამოცემული ნაშრომის „ქართული სამართლებრივი კულტურის ზოგიერთი საკითხი XI-XII სს. საქართველოში“ (წიგნი ამჟამად უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს), ახალი ქართულ-ინგლისურენოვანი საიუბილეო გამოცემის წარდგენა.

10 ნოემბერს, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ინიცირებით, გაიმართა პროფესორ გიორგი თოდრიას წიგნის პრეზენტაცია – “კრიმინოლოგიური შემეცნების პრობლემები”, ხოლო 11 ნოემბერს შედგა თსუ იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალ – „კერძო სამართლის მიმოხილვის” პრეზენტაცია. ფაკულტეტი გეგმავს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას, რის თაობაზეც საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ.

იურიდიულმა ფაკულტეტმა, ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობით, დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიულ ფაკულტეტზე ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებას. მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს ექსპერტთან, გლაზგოს პროფესორ ჯიმ მერდოკთან, რომელზეც განხილულ იქნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ადამიანის უფლებათა სწავლების თვალსაზრისით, გაიმართა დისკუსია და გაიცა რეკომენდაციები პროგრამების გასაუმჯობესებლად. ეს ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ფაკულტეტი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – აცხადებს თამარ ზარანდია.

როგორ უნდა ჩაერთოს სტუდენტი შიდა და გარე მობილობის პროცესში

ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში გარე და შიდა მობილობა წელიწადში ორჯერ ხორციელდება. როგორც წესი, მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კონრეტული პროგრამების ჩართულობა მათი აკადემიური და ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით ისაზღვრება.

გარე მობილობაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა რეგისტრაცია – https://students.emis.ge/ – პორტალზე უნდა გაიარონ, ხოლო შიდა მობილობის შემთხვევაში, პროცესი წარიმართებაhttps://lms.tsu.ge/ -ს პლატფორმის მეშვეობით.

„მობილობის პროცესში მნიშვნელოვანია სტუდენტმა ზუსტად იცოდეს, როგორ გაიაროს მობილობის პროცესი და რა არის ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელი. პირველ ეტაპზე ხაზგასასმელია, რომ გარე მობილობის ვადები ისაზღვრება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, შიდა მობილობის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შესაბამისი ბრძანებით. შედეგად, დგინდება მობილობის ადმინისტრირების ვადები, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა, ხელშეკრულების გაფორმების ვადები და ა.შ. თუმცა, სტუდენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მობილობის პროცესში ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებებზე:

  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია/ავტორიზაცია გაიაროს  შესაბამის ელექტრონულ პორტალებზე (სტუდენტთა პორტალზე რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში ):
  • პრიორიტეტების მიხედვით შეარჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები (არაუმეტეს 5);
  • სასურველი პროგრამის შერჩევის შედეგად, სტუდენტი ერთვება მობილობის პროცესში და შეუძლია მობილობის მიმდინარეობისას თვალ-ყური ადევნოს, თუ რამდენი კონკურსანტია პროგრამაზე რეგისტრირებული და კონკრეტულ ეტაპზე რამდენად საკმარისია მისი საკონკურსო ქულა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვებისთვის;
  • მობილობის საკონკურსო ქულა – ეს არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულა;
  • თუ პირველ პრიორიტეტად შერჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასასვლელად სტუდენტის ქულა არ არის საკმარისი, ავტომატურად განიხილება მომდევნო პროგრამები სტუდენტის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით.

მობილობის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოება: 

  • მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ აუცილებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამის უნივერსიტეტთან (შიდა მობილობის შემთხვევაში – შესაბამის ფაკულტეტზე) ხელშეკრულების გაფორმება.
  • ხელშეკრულების გაფორმების გარეშე მობილობის პროცესი დასრულებულად არ ითვლება.
  • იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გადაიფიქრებს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, ის ავტომატურად განაგრძობს სწავლას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც მანამდე სწავლობდა“, – განმარტავს თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი შოთა ფოთოლაშვილი.

სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სტუდენტის შეჩერებული სტატუსი და მობილობა

თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ რამდენიმე გარემოება, მათ შორის  სახელმწიფო სასწავლო გრანტის შენარჩუნების, აკადემიური სემესტრის შესაძლო შეცვლის ფაქტორები და პირობა – „სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2020  და შემდგომი წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, მობილობის განაცხადის გაკეთებას შეძლებენ მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებიც მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ სავალდებულო საგნებს შეესაბამება“. ამ უკანასკნელს მობილობის პორტალი აკონტროლებს ავტომატურად.

„მნიშვნელოვანია სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობა შეუძლიათ 8 სემესტრის მანძილზე (საუბარია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე). მობილობის შეთხვევაში, შესაძლოა, შეიცვალოს მათი კრედიტების ოდენობა და მიმდინარე სემესტრი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავსებადია  მობილობის პროცესში შერჩეული საგანმანათლებლო პროგრამა ამჟამინდელ საგანმანათლებლო პროგრამასთან. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ შესაბამისი აკადემიური ფაქტორების გათვალისწინებით,  სემესტრის ცვლილება არ მოქმედებს ზემოთ ნახსენებ სახელმწიფო სასწავლო გრანტით სარგებლობის ვადაზე. აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაცია სტუდენტს გაეცნობა მობილობის უფლების მოპოვების შემდგომ, თუმცა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

იმ სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული დაფინანსება, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის შემთხვევაში, ავტომატურად არ გადაყვება. დავაზუსტებ, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულია კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა და არა – კონკრეტული სტუდენტი“, – განმარტავს შოთა ფოთოლაშვილი.

შიდა მობილობაში მონაწილეობის მიღების უფლება სტუდენტს – 1 სემესტრის, გარე მობილობაში კი 1 წლის სწავლის შემდეგ ეძლევა. თუ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, მაგრამ ზემოთ ხსენებულ პირობებს აკმაყოფილებს, შეჩერებული სტატუსი დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს. შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს არც ის სასწავლო კურსები, რომელშიც სტუდენტმა სწავლის პერიოდში კრედიტი ვერ მოიპოვა.

გარე მობილობაში მონაწილეობის საფასური 40 ლარს შეადგენს, ხოლო შიდა მობილობა უფასოა.

Facebook
Twitter
LinkedIn