მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანის“ პირველი უნიკალური გამოცემა თსუ-ს გადაეცემა

თარიღი: 2022-12-08 21:23:19

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულ მალე, 2022 წლის 23 დეკემბერს (მიხაკო წერეთლის დაბადების დღეს) საზეიმოდ აღნიშნავს ასირიოლოგიის კათედრის დაარსებიდან 104 (1918) და აღდგენიდან (1992) 30 წლისთავს. 

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება თსუ-ს მუზეუმის,  ბიბლიოთეკის, გამომცემლობის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდეობის ს/ს ინსტიტუტის ასირიოლოგიის კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით.

მოეწყობა გამოფენა  თსუ მუზეუმში. გაიმართება საზეიმო სხდომა, რომელსაც გახსნის საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი.  ამ ღონისძიებების ფარგლებში „გილგამეშიანის“ პირველი უნიკალური გამოცემა (კონსტანტინოპოლი, ქართულ კათოლიკეთა სავანე, 1924),  გადაეცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი გაგვაცნობს ახლადშეძენილ ასირიოლოგიურ მემკვიდრეობას. ასევე გაიმართება  გამოცემის „ურარტოლოგიური ძიებანი“ პრეზენტაცია. 

ნინო სამსონია, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი  

–     ასირიოლოგია, როგორც  მეცნიერების დარგი,  1856 წელს დაიბადა ევროპაში,  დღეს ეს დარგი მხოლოდ მსოფლიოს ელიტარულ უნივერსიტეტებში არსებობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი  – მხოლოდ პეტერბურგისა და თბილისის უნივერსიტეტებში, რომელიც შეისწავლის იმ ძველაღმოსავლურ ენებსა და ცივილიზაციებს, რომლებიც ლურსმულ (სილაბურ) დამწერლობას იყენებდნენ.

ასირიოლოგია ფართო გაგებით შეისწავლის შუმერის, ბაბილონის, ასურეთის, ხურიმითანის, ხეთების, ურარტუს, ძველ ირანის ენებსა და ცივილიზაციებს. ვიწრო გაგებით კი – მხოლოდ შუამდინარულ ცივილიზაციებს  – შუმერს, ბაბილონსა და ასურეთს. 

ამასთანავე  ასირიოლოგია  საქართველოს უძველესი ისტორიის საფუძვლიან შესწავლას მოიაზრებდა. სწორედ ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში იწყებოდა ქართველური ტომების უძველესი ისტორია. პირველ ქართულ უნივერსიტეტში ასირიოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დარგის, არსებობა იმთავითვე ლახვარი იყო რუსული პოლიტიკისთვის,  რასაც მიხაკო წერეთლის – რუსეთის დაუძინებელი მტრის სახელიც ემატებოდა. ივანე ჯავახიშვილმა მიხაკო წერეთელთან ერთად ახლადშემნილ უნივერსიტეტში დააარსა ,,ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის  ისტორიის” კათედრა.

1921 წლიდან საქართველოში ასირიოლოგიისთვის აღარავის ეცალა. მოგვიანებით ამ დარგის დამფასებლები მაინც კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ ქართულ უნივერსიტეტში აღედგინათ ძველი ტრადიციები და ასირიოლოგიის კათედრის ფუნქციონირება განეგრძოთ. ეს  მხოლოდ 1991 წელს მოხერხდა, როდესაც თსუ-ს რექტორად დაინიშნა აკადემიკოსი  ოთარ ჯაფარიძე – საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანი და ასირიოლოგიის დამფასებელი. 1992 წლიდან ასირიოლოგიის კათედრა შეუდგა ფუნქციონირებას, როგორც  1918-1921  წლებში არსებული კათედრის მემკვიდრე.

კათედრა თავიდან დიდი სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ მალე თავისი განვითარების ნორმალურ გზას დაადგა. კათედრამ თავიდანვე მიაქცია ყურადღება მიხაკო წერეთლის ასირიოლოგიურ მოღვაწეობას, დააარსა მისი სახელობის კაბინეტი და შეუდგა მიხაკო წერეთლის მიერ ჩატარებული მდიდარი სამეცნიერო მოღვაწეობის მოძიებასა და შესწავლას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრის ისტორია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას ემთხვევა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად (ასირიოლოგიის კათედრის აღდგენას ხელი მოეწერა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის და თსუ-ს რექტორის ოთარ ჯაფარიძის დროს – 1991 წელს. კათედრა   მუშაობას შეუდგა 1992 წლიდან).

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კაცობრიობის პირველი ეპოსის მიხაკო  წერეთლისეულმა ქართულმა თარგმანმა – ,,გილგამეშიანი”- მსოფლიო აღიარება იმთავითვე მოიპოვა და ეპოსის მთარგმნელთა პირველ სამეულში დაიმკვიდრა სახელი, რაც 2010 წელს კიდევ ერთხელ აღიარა საერთაშორისო მეცნიერებამ (კემბრიჯში, სენტ ჯონის კოლეჯში, 12-14 აპრილი, 2010). დაიწყო საქართველოში მიხაკო წერეთლის ნაშრომების გამოცემა.

 ბოლშევიკებმა მიხეილ წერეთლის სახელის ხსენებაც კი აკრძალეს ჩვენში. მკვლევართა ვიწრო წრეს შეეძლო მის ნაშრომებზე მითითება, მხოლოდ უმკაცრესად გაკრიტიკების კონტექსტში.

 ,,გილგამეშიანმა” იგივე ბედი გაიზიარა, რაც მისმა მთარგმნელმა. თარგმანი გამოცემის დღიდანვე აიკრძალა და ხელმიუწვდომელი დარჩა ქართველი მკითხველისთვის. მიუხედავად ამისა, წერეთელი მსოფლიო მეცნიერებამ ეპოსის მთარგმნელ-პიონერად აღიარა.

მიხაკო წერეთელმა ეპოსის პირველ მთარგმნელ-გამშიფვრელთა შორის დაიმკვიდრა ადგილი, რაც ქართული მეცნიერების ერთ-ერთი საამაყო ფურცელია.

რამდენადაც გულსატკენი არ უნდა იყოს, თარგმანი საბჭოთა წყობის დანგრევის შემდეგაც ცხრაკლიტულში დარჩა.

2010 წელს,  კემბრიჯში, სენტ ჯონის კოლეჯში ,,გილგამეშის ეპოსისადმი” მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. მიხაკო წერეთლის ,,გილგამეშიანმა” მიწვევა მიიღო, როგორც ეპოსის ერთ-ერთმა პირველმა თარგმანმა.

2010 წლის აპრილში ბრიტანეთის მეცნიერებამ მიხაკო წერეთელი ,,გილგამეშის ეპოსის” მთარგმნელ  პიონერად დაასახელა და კიდევ ერთხელ საპატიო ადგილი მიანიჭა მსოფლიო მეცნიერებაში. ,,გილგამეშიანის” 1924 წლის ერთადერთი გაცრეცილი გამოცემა კი ხელიდან ხელში გადადიოდა… 2010 წლის შემოდგომაზე თსუ-ს გამომცემლობამ ,,გილგამეშიანი” საქართველოში პირველად გამოსცა.

რაც შეეხება ბოლო წლებში თსუ-ს ასირიოლოგიის  კათედრის მიერ მომზადებულ გამოცემებს,  მათი რიცხვი შთამბეჭდავია.  ამ გამოცემებიდან გამოვყოფდი ფრანგულენოვან ნაშრომს ,,კელიშინის სტელა”, რომელიც  თსუ-ს გამომცემლობამ დასტამბა.

ამას მოჰყვა ,,ვეფხისტყაოსნის” გერმანული პროზაული თარგმანის გამოცემა (2013); შემდეგ ,,ვეფხისტყაოსნის” გერმანული თარგმანი გამოვეცით პოემის დადგენილ ქართულ ტექსტთან ერთად (2015), ხოლო 2017 წელს – ,,სიბრძნე-სიცრუისას” გერმანული თარგმანი. 2022 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს დაუბრუნა მიხაკო წერეთლის უცხოეთში გამოცემული ურარტოლოგიური ნაშრომების კრებული  – ,,ურარტოლოგიური ძიებანი” (თსუ, 2022), რამაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა მეცნიერს. ის საბჭოთა პერიოდში აკრძალული და ხელმიუწვდომელი იყო ქართული მეცნიერებისთვის. 23 დეკემბერს დაგეგმილ ასირიოლოგიის კათედრის იუბილეზე სწორედ ,,ურარტოლოგიური ძიებანის“ პრეზენტაცია გაიმართება პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

2022 წელს თსუ-ს გამომცემლობამ დასტამბა მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფია _ (შემდგენელები: პროფესორი  ჯემალ შარაშენიშე, ასოცირებული პროფესორი ნინო სამსონია, თსუ, 2022), რომლის შედგენასაც ბოლო ათი წელი მოვანდომეთ და მთლიანად შევკრიბეთ მიხაკო წერეთლის ქართულენოვანი და ევროპის 4 ენაზე არსებული მემკვიდრეობა. თუმცა, როდესაც მიხაკო წერეთლის ბიბლიოგრაფიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენ მიერ დღემდე გამოცემული წიგნები მხოლოდ ნაწილია მეცნიერის ფასდაუდებელი მემკვიდრეობისა. მარტოობაში და უცხოობაში ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე შესრულებული ნაშრომები  საქართველოს უნდა დაუბრუნდეს!   საბოლოოდ უნდა შესრულდეს მეცნიერის მისია, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოს და ქართულ მეცნიერებას ემსახურებოდა და შორიდან იცავდა მის ღირსებას.

თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრაზე მომზადდა საერთაშორისო გამოცემებიც: მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანი“, „კელიშინის სტელა“,  ვეფხისტყაოსანი (გერმანული პროზაული თარგმანი), ,,სიბრძნე-სიცრუისას” გერმანული თარგმანი, ,,ვეფხისტყაოსნის” გერმანული თარგმანი პოემის დადგენილ ქართულ ტექსტთან ერთად (მ. წერეთელი), ასევე, ჯემალ შარაშენიძისა და ნინო სამსონიას  „მ. წერეთლის ბიბლიოგრაფია“; „ქართულ-ხეთური ლექსიკონი“ და აქადური ენის გრამატიკა“ (ირინე ტატიშვილი);. „შუმერული ენის გრამატიკა“ და  „შუმერული ენის სილაბარიუმი“ (ჯემალ შარაშენიძე) და სხვა…

რაც შეეხება თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრის სამომავლო გეგმებს,  უახლოეს მომავალში თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრა განახორციელებს ჯემალ შარაშენიძის მიერ დაწყებულ  საერთაშორისო პროექტს -,,გილგამეშის ეპოსის“ სრული კორპუსის გამოცემა (ლემატიზაცია, კონკორდანსი, სტრიქონთშორისი გლოსირება), რაც უპრეცენდენტო გამოცემა იქნება როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო მეცნიერებისთვის.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ასირიოლოგიის კათედრაზე მომზადებულია მიხაკო წერეთლის 10 ტომეული, რომელსაც დაფინანსების მოძიებისთანავე გამოსცემს თსუ-ს ასირიოლოგიის კათედრა და  ამით  საქართველოს დაუბრუნებს ქართული მეცნიერების ფასდაუდებელ მემკვიდრეობას.

Facebook
Twitter
LinkedIn