გამოქვეყნდა სტატია: „შრომითი მიგრანტების ინტეგრაციის თავისებურებები საქართველოში (თბილისისა და ბათუმის მაგალითი)“

თარიღი: 2023-03-21 17:20:41

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორების გიორგი გოგსაძის და თამარ დოლბაიას, ასევე, დოქტორანტ ტატიანა სიჭინავას თანაავტორობით  Scopus-ში  ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში Delaამოქვეყნდა საინტერესო სტატია „შრომითი მიგრანტების ინტეგრაციის თავისებურებები საქართველოში (თბილისისა და ბათუმის მაგალითი)“  (“The main peculiarities of labour migrants’ integration in Georgia (case of Tbilisi and Batumi)” .

ნაშრომის მთავარი მიზანი იყო ქართულ საზოგადოებაში შრომითი მიგრანტების ინტეგრაციის ძირითადი მახასიათებლების გამოვლენა. კვლევის შედეგები ეფუძნება, პირველ რიგში, თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რომელშიც ავტორებმა გამოიყენეს სიღრმისეული  ინტერვიუები  საქართველოში  მცხოვრებ მიგრანტ მუშაკებთან და ამ დარგის ექსპერტებთან.

ნაშრომის  შესავალ  ნაწილში  ნათქვამია,  რომ  საქართველოში  შრომითი მიგრაციის მართვის მთავარი  მახასიათებელია სათანადო კანონმდებლობისა და ჯანსაღი პოლიტიკის არარსებობა, ამიტომ, მიგრანტების ინტეგრაციის პროცესი სპონტანურად მიდის: მიგრანტების ერთი ჯგუფი, კერძოდ, ინგლისურ და რუსულენოვანები, ისევე, როგორც პროფესიონალი მუშაკები, თავს კომფორტულად გრძნობენ და ინტენსიურ კომუნიკაციას ინარჩუნებენ  ადგილობრივ  მოსახლეობასთან.  მიგრანტების  მეორე ნაწილი კი, რომელსაც არ აქვს სახელმწიფო მხარდაჭერა ქართული  ენის შესასწავლად, იზოლირებულია მასპინძელი საზოგადოებისაგან.

კვლევა სიღრმისეულად სწავლობს პრობლემას და სხვადასხვა მონაცემების შეჯერების საფუძველზე საინტერესო დასკვნებს გვთავაზობს.

კერძოდ: კვლევის დასკვნითი ნაწილი მიუთითებს, რომ „საქართველოს ლიბერალური ემიგრაციის  კანონმდებლობა,  ბიზნესის  დაწყებისა  და  კეთების სიმარტივე, კარგი კლიმატი, სტუმართმოყვარე ხალხი და, ზოგადად, უსაფრთხო გარემო საქართველოს მიმზიდველ ადგილად აქცევს მიგრანტებისთვის. საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებს არ ექმნებათ პრობლემები რელიგიური თუ კულტურული რიტუალების განხორციელებისას.“

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, გამოკითხულ რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ  ხაზი  გაუსვა, რომ ქართული საზოგადოება მეგობრული და ტოლერანტულია უცხოელთა მიმართ, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის მიგრანტების წარმატებული ინტეგრაციისთვის. დასკვნით ნაწილში ასევე გამოკვეთილია საქართველოს მთავრობის მიერ  გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ, ის, რომ მიღებულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, რომელთა მეშვეობითაც მიგრაციის მართვის ინსტიტუციონალიზაცია დაიწყო.

რატომ ჩამოდიან საქართველოში შრომითი მიგრანტები? სტატიის ავტორები კვლევის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ შრომითი მიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში საკუთარი ბიზნესის წამოწყების მიზნით მოდის.

ნაშრომში ნათქვამია: „მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობაზე უფრო მდიდრები არიან – ეს საქართველოს შრომითი მიგრაციის თავისებურებაა. შრომით მიგრანტებს, რომლებიც ჩამოდიან ეკონომიკურად  განვითარებული  სამყაროდან  ან  პოსტსაბჭოთა  ქვეყნებიდან,  ხშირად აქვთ უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ადგილობრივებს. ზოგადად, შრომითი მიგრაცია დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან მიგრანტების ნაწილს შემოაქვს ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტები, გამოცდილი სპეციალისტები მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან მათ მოაქვთ ახალი ბიზნეს პრაქტიკა. თითქმის ყველა მიგრანტს აქვს საბანკო ანგარიშები და სარგებლობს სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურებით.“

ორი ქალაქის – ბათუმისა და თბილისის შედარების საფუძველზე მკვლევრები ასკვნიან, რომ ბათუმს უფრო ხელსაყრელი პირობები აქვს მიგრანტთა ინტეგრაციისთვის,  ვიდრე თბილისს. შესაბამისად, ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის კომუნიკაცია ბათუმში უფრო ინტენსიურია. „ზოგადი დაკვირვებაა, რომ მიგრანტ მუშაკთა ინტეგრაცია საქართველოში სპონტანურად მიმდინარეობს. ამავდროულად, მიგრანტების სხვადასხვა ჯგუფში ინტეგრაცია ერთნაირი არაა და დამოკიდებულია მათი განათლების დონეზე, მატერიალურ სიმდიდრეზე, წარმოშობის ქვეყანასა და კულტურულ-რელიგიურ კუთვნილებაზე“,  – ნათქვამია სტატიაში.

დაკვირვების საფუძველზე მეცნიერები ასკვნიან, რომ მიგრანტების ინტეგრაცია ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე განვითარებადი ქვეყნებიდან. მაგალითად, აზიის ქვეყნებიდან მიგრანტებისთვის უფრო რთულია ინტეგრირება, რაც განპირობებულია სამართლებრივი, კულტურული, ლინგვისტური და სხვა ფაქტორებით მაშინ, როცა რუსულ ან ინგლისურ ენებზე მოლაპარაკე მიგრანტები საკმაოდ შეუფერხებლად გადიან ინტეგრაციას მაშინაც კი, თუ ისინი არ საუბრობენ ქართულად.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიგრაციული პოლიტიკა ლიბერალურია, მის აღსრულებაში არის ხარვეზები: პროცედურების არათანაბარი შესრულება, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე გაუმართლებელი უარის თქმა, რაც ხელს უშლის განვითარებადი  ქვეყნებიდან  მიგრანტების  ინტეგრაციას.  მიგრანტებს, უმეტეს შემთხვევაში,  არ  ემსახურება  სახელმწიფო ან კერძო ჯანდაცვის პროგრამები (საიმიგრაციო პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში, 2021). გამონაკლისს წარმოადგენენ ის მიგრანტები, რომლებიც მუშაობენ დიდ კომპანიებში ან კორპორაციებში“, – ნათქვამია ნაშრომში.

მკვლევრები ასკვნიან, რომ  მიგრაციის მართვის, მათ შორის, შრომითი მიგრაციის მხრივ, საქართველო ჩამორჩება ევროკავშირის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს; თუმცა, ამ სფეროში მიღწეული გარკვეული შედეგები შემდგომი წინსვლის საფუძველს ქმნის.

ნაშრომის ვრცელი ვერსია შეგიძლია იხილოთ ლინკზე: 

https://bit.ly/3JVM0o7
Facebook
Twitter
LinkedIn