ლიმერიკის უნივერსიტეტის გლობალური პარტნიორების კვირეული – ახალი შესაძლებლობების გახსნა თსუ-სთვის

თარიღი: 2023-05-31 20:34:31

თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლობითი ჯგუფი მივლინებით იმყოფებოდა ქალაქ ლიმერიკში (ირლანდია) ევროკომისის მიერ დაფინანსებული ,,ერაზმუს +“-ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ლიმერიკის უნივერსიტეტის გლობალური პარტნიორების კვირეულში  მონაწილეობის მისაღებად. ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იყვნენ: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერი ეკა ლეკაშვილი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ასისტენტ პროფესორი თეიმურაზ გოგსაძე, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ირინე ქურდაძე, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ჩიტაშვილი, ამავე ფაკულტეტის ასისტენტი ანა თოხაძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ფირცხალავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ქეთევან ხუციშვილი, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფიო თოთიბაძე და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი.

ფორუმის მიზანი იყო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, აკადემიურ პერსონალს შორის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე აკადემიურ პერსონალთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება (სწავლების პრაქტიკისა და მეთოდოლოგების გაცვლა/გაზიარება) და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. ფორუმში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 60-ზე მეტი წარმომადგენელი.

ლიმერიკის უნივერსიტეტის გლობალური პარტნიორების კვირეული გაიხსნა 22 მაისს. ფორუმის პირველი დღე ლიმერიკის უნივერსიტეტის გლობალური პარტნიორების ფორუმის საქმიანობის და ,,ერაზმუს +“ ფარგლებში კავშირების, კოლაბორაციის და პარტნიორობის შესაძლებლებლობების გამოცდილების გაცნობას  დაეთმო. განხორციელდა საბიბლიოთეკო ტური. მონაწილეები გაეცნენ ლიმერიკის უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნილოგიებით აღჭურვილ და სტუდენტების საჭიროებებზე მორგებულ ბიბლიოთეკას.  ბიბლიოთეკა, სტუდენტურ სივრცეებთან ერთად, მოიცავს თანამშრომლობით სივრცეებს, ინკუბატორებს და ინოვაციურ ლაბორატორიებს, სასამართლო ლაბორატორიას, საკონფერენციო დარბაზებს და სხვა. ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს მდიდარ როგორც ბეჭდურ, ასევე, ელექტრონულ რესურსებს და წიგნად აქტივებს. დღის მეორე ნაწილი დაეთმო ვორქშოფს, რომლის მიზანიც იყო გაცნობის და ეფექტიანი კომუნიკაციის ხერხების შესწავლა.

23 მაისი  კულტურების შეკავშირების საკითხს, ინტერკულტურული ტრენინგის მიმოხილვას და ასოცირებული პროექტების თემას მიეძღვნა.  ვორქშოფის მეორე ნაწილის მსვლელობისას ახალი ინიციატივის და პროექტის  -,,მოგვიყევი შენი ამბავი“ წარდგენა მოხდა. დღის მეორე ნაწილი ირლანდიის მუსიკისა და ცეკვის მსოფლიო აკადემიის ღონისძიებების პრეზენტაციებს  და კულტურულ წარმოდგენებს დაეთმო.

24 მაისს  განხორციელდა  გასვლითი ტური ,,საკუთარ წარსულთან კავშირი“, რომლის ფარგლებშიც ფორუმის მონაწილეები ესტუმრნენ მოჰერის კლდეებს, რომელიც  ევროპის უკიდურესი დასავლეთია და ბარენს. ეს უკანასკნელი ჩვ. წ. აღ-მდე 320 მილიონი წლით თარიღდება და დასავლეთ ევროპის ნეოლითური და ახალი ქვის ხანის პერიოდში სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბების ადგილად მიიჩნევა. ტურის მსვლელობისას მონაწილეებს გააცნეს ირლანდიის ისტორიის გარდამტეხი პერიოდები.

25 და 26 მაისს ფორუმის მონაწილეების ერთი ნაწილისთვის შეთავაზებულ იქნა შეხვედრა გამოყენებითი სპორტის საკითხებზე და, ასევე, მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში, ხოლო დარჩენილი ნაწილისთვის დაორგანიზებულ იქნა ორმხრივი შეხვედრები აკადემიური  და ადმინისტრაციული პარტნირობის ჩამოსაყალიბებლად.

სამართლის სფეროში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტისა და საერთაშორისო სამართლის მიმართულების პროფესორთა სამუშაო შეხვედრები წარიმართა ლიმერიკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან,  სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო ჯგუფის წევრებთან, კვლევითი და აკადემიური წერის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან.

კვირეულის დასრულების შემდგომ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებს შორის გაგრძელდება  დისტანციური სამუშაო შეხვედრები, რომელიც მოემსახურება scopus-ის სამეცნიერო ბაზაში ქართულენოვანი ჟურნალების ინდექსირების სფეროში თანამშრომლობის დამყარებას, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პერიოდული სამეცნიერო გამოცემების საერთაშორისო რეცენზენტთა ბაზისა და უცხოელ ავტორთა წრის გაფართოებას; დოქტორანტთა ერთობლივი სამეცნიერო ხელმძღვანელობის მექანიზმის დანერგვას, თსუ-ს ერაზმუს + სტუდენტთათვის ახალი ინგლისურენოვანი საგნების შეთავაზებას და მეცნიერთა ყოველწლიური სამეცნიერო-კვლევითი ფორუმის ტრადიციის ჩამოყალიბებას.

ეკონომიკის, პოლიტიკის და ლინგვისტიკის პროფესორებმა ნაყოფიერი შეხვედრები გამართეს მასპინძელი უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების, სოციოლოგიის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის, აღრიცხვისა და ფინანსების დეპარტამენტების  და პროგრამების ხელმძღვანელებთან და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან.

ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების კვალდაკვალ ლიმერიკის უნივერსიტეტთან განხილულ იქნა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების ჩამოყალიბების პერსპექტივა კომერციული სამართლის, ეკონომიკური პოლიტიკის და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებებით. განხილულ იქნა აკადემიური პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული გამოწვევები, პროგრამების დახვეწისა და განვითარების გზები. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის, ახალი სასწავლო კურსების კურიკულუმების შემუშავების, მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროექტების, ასევე, ერთობლივი აკადემიური  პროგრამების დანერგვის ინიციატივები. შეხვედრებზე სამომავლო  თანამშრომლობის მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის კონტურები გამოიკვეთა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ლიმერიკის უნივერსიტეტის გლობალური პარტნიორების კვირეულში  მონაწილეობამ გააფართოვა თსუ-სთვის ევროპულ საგანმანათლებლო და კვლევით სივრცესთან ინტეგრირების არეალი, როგორც ერაზმუს + -ის, ასევე, სხვა პროგრამების ფარგლებში, რაც თანამედროვე კონკურენციის პირობებში კონკურენტუნარიანობის განმსაზღველ მხარედ აღიქმება.

Facebook
Twitter
LinkedIn