ლილი ხეჩუაშვილი: ადამიანები ის ამბები ვართ, რომლებსაც ვყვებით

თარიღი: 2022-10-03 19:35:46

„ჩემი მიზანი იყო გამერკვია – თუ როგორ ახდენენ ადამიანები მათ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული გამოცდილების ავტობიოგრაფიულ გადამუშავებას, საკუთარი იდენტობის კონსტრუირებას ინდივიდუალურ და კულტურულ დონეზე და, საბოლოო ჯამში, მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდის ოპტიმალური დონის მიღწევა/შენარჩუნებას“, – გვეუბნება ლილი ხეჩუაშვილი, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მონოგრაფიის – „ცხოვრების ისტორია და ტრანსფორმაციული გამოცდილებები“ – ავტორი, რომელმაც გამოცემაში ახალი კვლევების შედეგები გააერთიანა.

კვლევა პიროვნების ფსიქოლოგიის, პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ნარატიული ფსიქოლოგიის სფეროებს მოიცავს, რომელიც ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შინაგანი თხრობის პროცესით, მისი წარმმართველი ძალებითა და ამ პროცესში ჩართული ყველა ცვლადით ინტერესდება.

„კვლევისას ტრანსფორმაციული გამოცდილებების თანმდევი ცვლილებები მაინტერესებდა; გამოცდილებებისა, რომლებმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდასა და, შესაბამისად, პიროვნული უწყვეტობის განცდას, რაც, თავის მხრივ, პიროვნული წყვეტის თავიდან ასარიდებლად ავტობიოგრაფიული მსჯელობისკენ, რეფლექსიისა და საკუთარი ამბის ხელახლა, ახლებურად თხრობისკენ უბიძგებს ადამიანს. ასეთი ტრანსფორმაციული გამოცდილება მრავალგვარია და ეს შეიძლება იყოს: ფიზიკური გარემოს შეცვლა – იქნება ეს სხვა ქვეყანაში ემიგრაციაში წასვლისა თუ საომარი მოქმედებების შედეგად სახლ-კარისა და საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება; სოციალური როლის/სტატუსის შეცვლა, რომელიც სამღვდელოების წარმომადგენლებთან ღვთისმსახურების დაწყებას, ემიგრაციაში წასვლას ან არაჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების იატაკქვეშეთიდან გამოსვლას სდევს თან; ფიზიკური გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რაც ფიზიკური ტრავმის ან პატიმრობის შედეგს შეიძლება წარმოადგენდეს. ასევე, ეს შეიძლება იყოს ისეთი გამოცდილებები, რომლებიც ერთჯერადი მოვლენის სახეს არ ატარებენ და ქრონიკულ მდგომარეობას წარმოადგენენ, როგორიცაა ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობა, პანდემიის ან მიმდინარე ომის პირობებში ცხოვრება, რომელსაც, თავის მხრივ, გარკვეული ორაზროვნება და ბუნდოვანება სდევს თან. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც წიგნში წარმოდგენილ კვლევაში იკვეთება,  პიროვნებაში პირადი და სოციალური შრეების დინამიკური ურთიერთქმედებაა. ჩემი კვლევის ინტერესის საგანია პიროვნებისა და მისი სოციუმის, კულტურული კონტექსტის ურთიერთმიმართება მისი განვითარების, ფუნქციონირებისა და სამყაროსთან ურთიერთქმედების პროცესში; ასევე, იმის შესწავლა, თუ როგორ ახერხებენ ან ვერ ახერხებენ ადამიანები საზოგადოებაში მიღებული სცენარით, ე.წ. მასტერნარატივის შესაბამისად ცხოვრებას, ან ამ სცენარის ალტერნატიული სკრიპტის შექმნას. სხვა სიტყვებით, ტრადიციულ ნარატივებთან წინააღმდეგობების ამბები, ალტერნატიული ნარატივები და ალტერნატივების ალტერნატივები მაინტერესებს“, – ამბობს კვლევის ავტორი.

 მონოგრაფიაში წარმოდგენილ კვლევას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა:

  • ქართულ კულტურაში პერსონალური და მასტერ ნარატივების თავისებურებებისა და მათი ურთიერთმიმართების შესწავლა.   
  • ტრანსფორმაციული გამოცდილების შემდეგ სოციალური ადაპტაციისა და ნარატიული იდენტობის ურთიერთმიმართების კვლევა.
  •  მასტერნარატივის მოდელის ვალიდაცია  ქართული  კულტურის კონტექსტში.

კვლევის პროცესი რვა ნაწილად, შერეული მეთოდოლოგიით განხორციელდა და მასში სულ 694 ადამიანი მონაწილეობდა. 

„კითხვარებითა და ინტერვიუს გამოყენებით შეგროვილი მონაცემების ანალიზსა და მთლიანობით ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კვლევის ქართველი მონაწილეების მესამედი საკუთარი ამბების თხრობას ნებისმიერი ცუდი გამოცდილებიდან დადებითის გამოტანით ასრულებენ და ეს, უპირატესად, უარყოფით გამოცდილებებს შეეხება, რასაც ისინი საზრისის სიღრმისეული ძიების, განმეორებითი ფიქრისა და თხრობის მეშვეობით პიროვნულ ზრდამდე, კარგად ყოფნის უკეთეს განცდამდე და სოციალურ ინტეგრაციამდე მიჰყავს. ამასთან, ცალკეული ამბების ცვლილების მიუხედავად, ადამიანები დროთა განმავლობაში, ძირითადად, ერთი და იმავე თემების ირგვლივ ტრიალებენ. განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან, არიან იძულებით ადგილნაცვალი პირები, ყოფილი პატიმრები, არაჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები, იმიგრანტები, ეტლით მოსარგებლეები თუ არაფრით გამორჩეული რიგითი ადამიანები – თითოეულ მათგანს უწევს კულტურაში დომინირებულ მასტერ ნარატივთან მოლაპარაკებისა და ინტერნალიზაციის პროცესების გავლა, თუმცა ზოგი ამას უმტკივნეულოდ, სრულიად გაუცნობიერებლადაც კი აკეთებს და საზოგადოებასთან თანხმობაში ცხოვრობს, ზოგი კი იძულებულია დაიწყოს ყველგან მყოფი მასტერ ნარატივის ზეწოლის გაცნობიერება, რაც ალტერნატიული გზის შექმნის წინაპირობას წარმოადგენს. ალტერნატიული მასტერ ნარატივის შექმნა ამ ადამიანებისათვის სოციალური ადაპტაციის პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ვინაიდან მხოლოდ ასე ახერხებენ ისინი საკუთარი იდენტობის ფორმირებას, სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისე, რომ უარის თქმა არ უწევთ საკუთარ თავზე. თუმცა, ზოგიერთი ჯგუფისათვის, მაგალითად, ყოფილი პატიმრებისა და იძულებით ადგილნაცვალი ადამიანებისათვის, ალტერნატიული მასტერ ნარატივი დამაკავშირებელი რგოლია დომინირებულ ნარატივთან, რომელსაც  სწორედ ალტერნატიულის მეშვეობით უბრუნდებიან, ზოგისთვის კი, მაგალითად, არაჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონეთათვის, ის ცხოვრებისა და საქმიანობის ერთადერთ გზას წარმოადგენს“, – აღნიშნავს ლილი ხეჩუაშვილი.

მონოგრაფია – „ცხოვრების ისტორია და ტრანსფორმაციული გამოცდილებები“ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის „მე და საზოგადოება: პერსონალური და მასტერნარატივები და სოციალური ადაპტაცია“ ფარგლებში შესრულებული კვლევის საფუძველზე გამოიცა. კვლევა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პიროვნების, შეფასებისა და კონსულტირების ინსტიტუტის ბაზაზე შესრულდა. მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტორები არიან  პროფესორი  მარინე ჩიტაშვილი  და  პროფესორი ლალი სურმანიძე.

ამ დროისთვის, ლილი ხეჩუაშვილი ზეპირ და წერილობით ავტობიოგრაფიულ ნარატივებს, გამოცდილების ფენომენოლოგიასა და (პანდემიის დაწყებიდან დღემდე) ნარატივების განვითარების ტრაექტორიებს, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ოპტიმალური განცდის დონის შენარჩუნების ხელშემწყობ/ხელშემშლელ ფაქტორებსა და ცვლადებს იკვლევს.

Facebook
Twitter
LinkedIn