როგორ მიმდინარეობს ახალი საგნის – კულტურათშორისი განათლების სწავლება?

თარიღი: 2023-03-30 17:07:11

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ  კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას   მიღებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. ამ მოთხოვნების შესაბამისად,  აუცილებელია პროგრამაში სავალდებულო სახით ისწავლებოდეს ზოგადი განათლების საგნები, რაც გულისხმობს არადარგობრივ, არამათემატიკურ და არასაბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას.

მიმდინარე წელს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო  ინგლისურენოვანი პროგამა  თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ახალ საგანს  – ,,კულტურათშორისი განათლება”. თუ რა განსხვავებული ფორმატითა და სწავლების რა მეთოდოლოგიით მიმდინარეობს  პროგრამაზე ახალი საგნის სწავლება სტუდენტებისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება „კულტურათშორისი განათლების“ კურსის ავტორი და  საგნის პედაგოგი ელენე ცაცუა:

  • რა მიზანს ემსახურება ახალი საგნის   –  „კულტურათშორისი განათლება“  – შემოღება და რა ცოდნას მისცემს ის სტუდენტებს?  

– კულტურათშორისი განათლების მიზანია სტუდენტების ცნობიერების, დამოკიდებულების და ცოდნის გარდაქმნა კომპეტენციებად, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტირებას კულტურათაშორის კომუნიკაციაში, რომელიც თავისთავად გარდაუვალია გლობალიზაციის პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არიან მნიშვნელოვანი ეთნიკური, სოციალური და რელიგიური ჯგუფები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში. მსგავსმა გამოცდილებამ აკადემიური პერსონალისთვის შექმნა გასულ წლებთან შედარებით განსხვავებული საკლასო გარემო. აქედან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ახალგაზრდებთან ურთიერთობებმა დამარწმუნა, რომ კულტურათშორისი განათლების სწავლება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის დემოკრატიული, თანასწორობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისების მიზნით.

ზოგადი განათლების ფარგლებში ვფიქრობ, დროულია სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია – თუ რა გზებით ტრანსფორმირდებიან პასიური მოქალაქეობიდან უფრო აქტიურ, საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მზრუნველ პიროვნებებად.

ჩემ მიერ შედგენილი კურსის მიზანია – დავეხმარო სტუდენტებს შეიძინონ უნარები სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის, რათა დამოუკიდებლად, რეალურ გარემოში შედარებით მარტივად გადაჭრან პრობლემები და აირიდონ კონფლიქტები.

დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ მულტიკულტურულ საზოგადოებაში ადამიანების სხვადასხვა ჯგუფებთან თანაარსებობას ურთიერთგაგების, სხვათა კულტურის პატივისცემის და პროდუქტიული დიალოგის შექმნის გზით.

ზოგადი და კონკრეტული თემების გაშუქებით ეს პროგრამა ახალისებს დიალოგს სხვადასხვა კულტურის, რწმენის, რელიგიისა და ინდივიდუალური მახასიათებლების მქონე ადამიანებს შორის. შედეგად, გაუადვილებს ახალგაზრდებს – გამოიყენონ წამყვანი ღირებულებების ჩარჩოები და ანალიზის დონეები, რომლებიც ემყარება კულტურულ ვარაუდებს, მოლოდინებს და შესაბამის ქცევებს.

  • რა განსხვავებული ფორმატითა და  სწავლების რა ახალი მეთოდოლოგიით

ისწავლება ახალი საგანი?

 – ჩემმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ, ტრადიციულად, თეორიული საგნის სწავლება დღეს სტუდენტების მხრიდან დაინტერესებას ნაკლებად იწვევს. ტრადიციულ მიდგომაში ვგულისხმობს პედაგოგზე ორიენტირებულ სტრატეგიას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა სასწავლო პროცესში და, რაც მთავარია, შედეგების ხილვა არა მხოლოდ საკლასო ოთახიდან გასვლის შემდეგ, არამედ მათი არსებული უნარების ახლით ტრანსფორმაცია სწავლების პროცესში. შესაბამისად, შევიმუშავე მეთოდი, რომელიც სალექციო კურსის შებრუნებულ ფორმატს გულისხმობს. პრაქტიკულად, თეორიული მასალის მიწოდება აუდიტორიაში მინიმუმამდე მყავს დაყვანილი, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში მოტივაციის შენარჩუნებას. შედეგად, მთლიანი სალექციო საათები ეძღვნება მათ აქტიურ მონაწილეობას და ჩართულობას. ვიყენებ ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოს აქტივობებს, რომლებიც თავისთავად ასახავს თეორიული ნაწილის რეპრეზენტაციას, რაც ადვილად გასაგები ხდება ჩემი სტუდენტებისთვის. შესაბამისად, ლექციები არის სახალისო, დინამიური და არ იწვევს სტუდენტების დაღლილობას, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვეყრდნობი ამერიკელი, ზრდასრულთა სწავლების ფსიქოლოგიის ექსპერტის დევიდ კოლბის მიერ შემუშავებულ ექპერიმენტალური სწავლების ოთსაფეხურიან მოდელს.

  • რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან ამ საგნის არჩევისას? 

 – ვინაიდან მე ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, მიმაჩნია, რომ სტუდენტების მხრიდან დაინტერესებას პედაგოგი უნდა უზრუნველყოფდეს. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, ჩვენი სასწავლო გარემო იყოს მხოლოდ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული; ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ მიწოდებული ინფორმაციის რელევანტურობაში მოცემულ დროსთან მიმართებაში, რათა შემდგომში მოახდინონ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება პრაქტიკაში. 21-ე საუკუნეში, ცვლილებების და გამოწვევების ეპოქაში, მნიშვნელოვანია სალექციო კურსის კონტენტის მაქსიმალურად კორექტულად განსაზღვრა. ვცდილობ – ცოდნის გაღრმავება მოვახდინო ინფორმაციის დამახსოვრება-გამოყენების ხარისხის გათვალისწინებით, რასაც მონიტორინგს ვუწევ შეფასებების სქემებით. ყველაზე დიდი შეფასება მაინც სტუდენტების უკუკავშირია, რაც ყოველთვის სიღრმისეულად მაინტერესებს, იმ მიზნით, რომ მათი საჭიროებები გავმიჯნო და ინტერესები გავითვალისწინო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემს სტუდენტებს დავაინტერესე საგანი, რადგანაც აუდიტორიაში სრული დასწრებაა და ჩართულობის დონეც მაღალია. 

Facebook
Twitter
LinkedIn