ქართული, როგორც კანდიდატი ქვეყნის ენა  – საერთაშორისო კონფერენცია ტერმინოლოგიაში

თარიღი: 2022-10-25 16:11:24

ენის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარება. სწორი ტერმინოლოგიური მუშაობა ენის ხვალინდელი დღის განმსაზღვრელია და, შესაბამისად, მასზე ზრუნვა მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელსაც ევროპული სტანდარტებისა და საქართველოში არსებული რეალობის შესწავლის გარეშე ვერავინ შექმნის. ამ თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროპელ კოლეგებთან, ტერმინოლოგებთან, სტანდარტების ექსპერტებთან თანამშრომლობას.

სწორედ ამ მიზნით, 2022 წლის 29-30 ოქტომბერს გაიმართება მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ტერმინოლოგია – მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“.

ქართული, როგორც კანდიდატი ქვეყნის ენა  – ეს არის მესამე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი საკითხი. 

კონფერენციის  ორგანიზატორები არიან თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონფერენციას ჰყავს თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები.

ქართველ და უცხოელ ტერმინოლოგთა თანამშრომლობა არ გულისხმობს მხოლოდ კონფერენციებში მონაწილეობას. 2017 წელს თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების  (ხელმძღვანელი ლია ქაროსანიძე) ინიციატივით  საქართველოში დაარსდა ტერმინოლოგიური საზოგადოება, რომელშიც ენათმეცნიერებთან ერთად გაერთიანდნენ დარგის სპეციალისტები და ტერმინოლოგიის გულშემატკივრები. „საქართველოს ვუკოლ ბერიძის სახელობის ტერმინოლოგიური საზოგადოება 2018 წელს ევროპის ტერმინოლოგიური საზოგადოებისა (EAFT) და საერთაშორისო საინფორმაციო ტერმინოლოგიური  ცენტრის (INFOTERM) წევრი გახდა. მას შემდეგ ორივე საზოგადოება  მხარს უჭერს საქართველოში ტერმინოლოგიის განვითარებას, ქართული ტერმინთბანკის შექმნას, რომელიც საბოლოოდ ევროპული ტერმინოლოგიური ბაზის ნაწილი უნდა გახდეს“, – გვითხრა ლია ქაროსანიძემ.

კონფერენციას ესწრებიან მოწვეული სტუმრები: ლიეტუვის ენის ინსტიტუტის დირექტორი ალბინა აუკსორიუტე, ევროპული საზოგადოებების პრეზიდენტები ჰენრიკ ნილსონი (EAFT) და ქრისტიან გალინსკი (INFOTERM), ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური კომიტეტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი როდოლფო მასლიასი, რომელიც 31 ოქტომბერს, კონფერენციის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორებისთვის გამართავს სამუშაო შეხვედრას და წაიკითხავს ლექციას  შემდეგ საკითხებზე: მრავალენოვნება ევროკავშირში; ევროპული ინსტიტუტების თანამშრომლობა ტერმინოლოგიაში; ქართული, როგორც კანდიდატი ენა;  პროგრამის  – „ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე“  –  პროექტები და საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო საინფორმაციო ტერმინოლოგიური საზოგადოების (Infoterm) თავმჯდომარის, ქრისტიან გალინსკის რჩევით, ქართულად ითარგმნა იუნესკოს მიერ მომზადებული სახელმძღვანელო „ტერმინოლოგიის მართვის პოლიტიკა“, რომელსაც ქართველ მთარგმნელ ზაალ კიკვიძესთან ერთად კონფერენციაზე წარადგენს თავად ქრისტიან გალინსკი.

ინფორმაციისთვის: ტერმინოლოგიაში კონფერენცია 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისი მიზანია გააერთიანოს ტერმინოლოგიური საკითხებით დაინტერესებული მკვლევრები და დარგის სპეციალისტები.

Facebook
Twitter
LinkedIn