რომელი კლინიკით შეძლებენ 2024 წლიდან თსუ-ის სტუდენტები სარგებლობას?

თარიღი: 2022-09-27 19:28:13

გვესაუბრება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია ბიწკინაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტსა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2024 წლიდან, თსუ-ის სტუდენტები (კლინიკური პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების მიზნით) ამ კლინიკით სარგებლობას შეძლებენ.

მიმდინარე სემესტრიდან სრულად მოხდება ახლად აკრედიტებული მედიცინის პროგრამის  იმპლემენტაცია 1-დან  მე-5 კურსის ჩათვლით, რაც გულისხმობს როგორც სწავლების, ასევე, შეფასების ახალი მეთოდების აქტიურ დანერგვას.

მედიცინის ფაკულტეტს  რესპუბლიკური საავადმყოფოს, დაახლოებით, 10 000 კვ.მ. ფართობი გადმოეცემა, სადაც ჩვენი კათედრების ნაწილი განთავსდება. ვინაიდან ფაკულტეტზე სტუდენტების რაოდენობა მზარდია და კლინიკური კომპონენტის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფის საკითხი, ზოგადად, პრობლემურია, მემორანდუმის ფარგლებში, ასეთი თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს – სტუდენტებმა მეტი დრო გაატარონ კლინიკაში და პრაქტიკული უნარები გაიუმჯობესონ.

უკვე სრულდება, მორფოლოგიის ინსტიტუტის სარემონტო სამუშაოები – ეზოს, ვივარიუმისა და, ასევე, საკონფერენციო დარბაზის კეთილმოწყობა.

სამედიცინო განათლებაში სწავლების უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვისა და სხვა სიახლეების ფაკულტეტზე ინტეგრირების მიზნით, ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის სამედიცინო ასოციაციის (AMEE) ტრენინგებში და კონფერენციებში მონაწილეობას.

ფაკულტეტი ყოველ წელს ავსებს წიგნად ფონდს, წელსაც შევიძინეთ მედიცინის მიმართულებით გამოცემული უახლესი ლიტერატურა, რომელიც უკვე ჩვენს ბიბლიოთეკაშია განთავსებული.

სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ვაგრძელებთ ჟურნალ „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ გამოცემას, რაც ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკუთარი კვლევების გამოქვეყნებისა და ერთმანეთის ნაშრომების გაცნობის საშუალებას აძლევს.

ამ ეტაპზე, ერასმუს + (BACE) გრანტის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით 6 სასწავლო კურსი მუშავდება, რომლებიც მაგისტრატურის საფეხურზე სავალდებულო, მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე კი არჩევითი საგნების სტატუსით ინტეგრირდება.

ამასთანავე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი აგრძელებს აშშ-ის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო კვლევით პროექტს „შესაძლებლობების გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელიც, ძირითადად, ტრავმატიზმის პრევენციას ეხება და 2017 წლიდან მიმდინარეობს.

სასწავლო პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ დისტანციური სწავლების პროცესში. გამარტივდა სასწავლო მასალებზე ელექტრონულად წვდომა და ონლაინ კომუნიკაცია პროფესურასთან, რაც ახლაც ნარჩუნდება.

Facebook
Twitter
LinkedIn