ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“ გამოქვეყნებული სტატიების პრეზენტაცია

თარიღი: 2023-02-03 17:31:53

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საზოგადოებას სამეცნიერო ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“ გამოქვეყნებული სტატიები წარუდგინა. ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალი „გარემო და საზოგადოება“ 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. ჟურნალის მთავარი მიზანი ინტერდისციპლინური კვლევების პოპულარიზაციაა.  გამოცემა სამენოვანია – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ელექტრონულ ფორმატში გამოდის.

პრეზენტაციაზე სამი სტატია წარმოადგინეს:

„რუსეთის საგარეო პოლიტიკის როლი რუსეთის სახელმწიფო იდენტობის ფორმირებაში“ – ფიქრია ასანიშვილი;

„რუსული პოლიტიკური რეჟიმის არსი (რეტროსპექტიული ანალიზი)“ – ალექსანდრე კუხიანიძე;

Foreign policy priorities of the Muslim (ethnic Azerbaijani) population of Kvemo Kartli in the prism of Sunni-Shia divide, religiosity and economic status“ – ლაშა ტუღუში.

. . .

პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკვე წლებია იკვლევს. ჟურნალში „გარემო და საზოგადოება“ მკვლევარი რუსეთის პოლიტიკურ რეჟიმს მაფიოზურ რეჟიმის კვალიფიკაციას აძლევს და აღნიშნულ დასკვნას ისტორიული და თანამედროვე ფაქტებით ასაბუთებს.

„რუსეთი არის სერიოზული პრობლემა მთელი კაცობრიობისთვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც უკრაინაში შეიჭრა. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს  – თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. მე ასევე ვიკვლევდი ორგანიზებული დანაშაულის თეორიულ საკითხებს. ზოგადად, როდესაც ორგანიზებულ დანაშაულზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ მაფიას და მსგავს დანაშაულებრივ გაერთიანებებს. 1945-1946 წლებში ნიურნბერგის პროცესმა  ნაცისტური ლიდერები აღიარა არა როგორც სამხედრო ტყვეები, არამედ როგორც საერთაშორისო დამნაშავეები. ამას ეწოდება პოლიტიკური ორგანიზებული დანაშაული.  მაფიაზე რომ ვლაპარაკობ, საქმე გვაქვს პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებულ დანაშაულთან და როდესაც ვაანალიზებთ რუსეთის პოლიტიკური მართვის სტილს, ნათელი ხდება, რომ საქმე გვაქვს მსგავს დანაშაულებრივ რეჟიმთან. მიმაჩნია, რომ რუსეთის დღევანდელი რეჟიმი  – ეს არის მაფიოზური სახელმწიფო. ბევრი მას აძლევს ფაშიზმის, იგივე რაშიზმის კვალიფიკაციას, მაგრამ მე არ ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებს ფაშისტურ მეთოდებს. საქმე იმაშია, რომ ძალადობის მეთოდებს იყენებენ როგორც ტერორისტები, ისე მაფია, ნაციზმი და ბოლშევიზმი. ეს მეთოდებია: მკვლელობები, დევნა, უმიზეზოდ ციხეში ჩასმა, წამება, ადამიანების მოტაცება … მაგრამ არსებობს ზოგიერთი რამ, რითაც განსხვავდება ეს ოთხი მოვლენა  და ეს არის იდეოლოგია. პუტინს იდეოლოგია არ აქვს. დაკვირვება აჩვენებს, რომ თავისი მიზნების შესაბამისად ის სხვადასხვა იდეოლოგიას იყენებს. მისი მთავარი ინტერესია ფული და ძალაუფლება. ეს სიმბოლიკაშიც ჩანს, მაგალითად, დროშა და ჰიმნი, ანუ ერთის მხრივ, აიღო რუსეთის იმპერიის, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის სიმბოლო“, – განმარტავს ალექსანდრე კუხიანიძე.

Facebook
Twitter
LinkedIn