თსუ-ს მეცნიერები ჯავახეთის რეგიონის დეტალურ კვლევაზე მუშაობენ

თარიღი: 2022-11-15 15:47:01

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციოკულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობებიჯავახეთი – ასე ჰქვია პროექტს, რომელიც 2022 წელს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.

პროექტით გათვალისწინებული კვლევის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მეცნიერ-მკვლევრებმა შეისწავლეს ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.  შეიკრიბა საველე მასალა ჯავახეთისა და სამცხის სასაზღვრო მხარეების თანამედროვე ვითარების შესახებ.

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან თსუ-ს პროფესორი ქეთევან ხუციშვილი (კოორდინატორი),  ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი, დოქტორანტი ბორის კომახიძე, ლოგისტიკის ხელმძღვანელი და თარჯიმანი გიორგი ირემაძე. პროექტის თანამონაწილეა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

როგორც პროექტის მონაწილე მეცნიერ-მკვლევარმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა გვითხრა, პროექტი მიზნად ისახავს ჯავახეთის, როგორც სასაზღვრო ზონის, სოციო-კულტურული მახასიათებლებისა და რეგიონზე საზღვრის, როგორც ფიზიკური რეალიის, გავლენის შესწავლას: „საზღვრებთან მიმართებით ჯავახეთის სოციო-კულტურული ყოფა აქამდე შესწავლილი არ ყოფილა. ამიტომ ეს პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს როგორც რეგიონული, ასევე საზღვრის კვლევების თვალსაზრისით. ინოვაციურია მეთოდოლოგიური მიდგომაც: კვლევისთვის გამოვიყენეთ სხვადასხვა ანალიტიკური მიდგომა. ძირითადად ჩატარდა თვისებრივი კვლევა, კვლევისთვის გამოყენებულია ანალიტიკური და ინტერდისციპლინური მეთოდებიც“, –  აღნიშნა მან.

პროექტის ფარგლებში უკვე ორი ექსპედიცია განხორციელდა: ერთი საქართველოს ფარგლებში დარჩენილ ჯავახეთში, ხოლო მეორე – თურქეთის რესპუბლიკის ნაწილში მოქცეულ  ფოცხოვისწყლის ხეობასა და ჩრდილის მხარეში (არტაანის რეგიონი).  მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ როგორია საქართველოს სამხრეთ სასაზღვრო რეგიონის – ჯავახეთის სოციო-კულტურული ყოფა, რა გავლენას ახდენს მასზე სასაზღვრო ურთიერთობები, ქმნიან თუ არა საზღვრები სპეციფიკური ტიპის კულტურას და განვითარების რა ტენდენციები იკვეთება. ასევე გამოიკვლიეს და გაანალიზდა თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ჯავახეთის სოციო-კულტურული მახასიათებლები, საზღვრის გახსნის გავლენა ყოფით ურთიერთობებსა და ეკონომიკის განვითარებაზე.

პროექტის ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა ტრადიციული ჯავახური დასახლების ტიპის გავრცელების არე, შეიკრიბა მასალა ჯავახეთში დღემდე შემორჩენილი დასახლების ორი სახეობის (ჰორიზონტალური; ტერასული) სივრცულ-არქიტექტურული დაგეგმარების შესახებ, ჯავახური ტრადიციული დასახლების სოციალური სტრუქტურა, ნათესაური ჯგუფებისა და სამეზობლო ჯგუფების სოლიდარობის ფორმები, „ფუძე სახლების“ – ერდო-გვირგვინიანი (დარბაზული) საცხოვრებელი კომპლექსების გავრცელების არეალი; ყურადღება გამახვილდა ჯავახეთის ლანდშაფტზე, საზღვრისპირა მდებარეობაზე, მეურნეობის მრავალფეროვნებისა და სამეურნეო მრავალდარგოვანების საკითხებზე; ამავე კონტექსტში განხილულ იქნა თავდაცვითი ნაგებობების სისტემის – დარანების როლი და დანიშნულება, შესწავლილ იქნა მეურნეობის ფორმები: მიწათმოქმედება (მემინდვრეობა, მეხილეობა, მევენახეობა) და მესაქონლეობა. მეურნეობის დამხმარე ფორმები: მეფუტკრეობა, მეთევზეობა, შრომითი ურთიერთდახმარების ფორმები (მაგალითად, ხანულობის ტრადიცია).

კვლევის ამ ნაწილში ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელ გარემოებათა კვლევაზეც. როგორც მეცნიერ-მკვლევრები აღნიშნავენ, ერთ-ერთ ასეთ პრობლემად წარმოჩნდა მთის საძოვრების ათვისება-ექსპლუატაციის  საკითხი, რასაც გამოასწორებს  საზაფხულო იალაღებთან მისასვლელი გზების აღდგენა ან გაყვანა. მათი აზრით, მთის საძოვრების რაციონალური გამოყენება ხელს შეუწყობს ტრადიციული ნახევრადმომთაბარული მესაქონლეობის (მსხვილფეხა საქონელი, ცხვარი, თხა) კვლავ აღორძინებას. მორწყვის სისტემის მოწესრიგება კი გაზრდის ტრადიციული ტერასების აღდგენის  შესაძლებლობას.

როზეტა გუჯეჯიანის თქმით, მკვლევართა აღნიშნულ ჯგუფს ტერასული მეურნეობის განვითარება  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმედ ესახება. ისინი აღნიშნავენ, რომ ტერასების აღდგენა, რომელიც ხორციელდებოდა 1977-1978 და 2010-2012 წლებში, დადებითად აისახა მოსახლეობის ადგილზე დამაგრების პროცესზე. ტერასების აღდგენასთან კავშირშია მებაღეობის განვითარებაც.

მემინდვრეობის განვითარების მხრივ, მკვლევრებმა შეისწავლეს ნიალის მინდვრებზე ხორბლის მოყვანის ტრადიციები. მათ აღნუსხეს ხორბლის ადგილობრივ ჯიშთა დღემდე შემონახული სახეობები, შეისწავლეს ტრადიციული კვებითი კულტურა (თუთის ტყლაპი, თუთის ბაქმაზი, თუთის მურაბა, თუთიხმელი, ყველის დედა, გადაზელილი ყველი, ბატის ხინკალი, თუთმაჯი, თათარბერაგი, ერიშტა, მაკარლამა (ყველმოყრილა), წეროხინკალი (ბალიშა ხინკალი), პეპელახინკალი, ყურუთი, ყველის დედა, აგრეთვე თუთის არაყი), შეკრიბეს  მასალა ტრადიციული ხალხური მედიცინის შესახებ.

ჯგუფის მიერ, პროექტის ფარგლებში, პირველად იქნა შესწავლილი ახალი საკვლევი პრობლემა:  კარწახის საბაჟოს გახსნის შედეგად დამყარებული სასაზღვრო ურთიერთობის ფორმები და საზღვრის გახსნის გავლენა ჯავახეთის ორივე ნაწილის (საქართველო და თურქეთი) მოსახლეობის ყოფაზე. მათ იკვლიეს რელიგიური ვითარება, ხალხური დღეობები და რელიგიური რიტუალები, საოჯახო  ყოფის თავისებურებები, ქორწინების, დაკრძალვის ტრადიციები, სოციალური ურთიერთებებისა და სოლიდარობის ფორმები. ასევე –  ეთნიკური მრავალფეროვნების ამსახველი ეთნოგრაფიული რეალიები და მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციული ფორმები. ყურადღება გამახვილდა ჯავახეთში აღორძინებული მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების სოციო-კულტურულ და საგანმანათლებლო ასპექტებზე. გამოვლინდა, რომ დადებითი შედეგის მომტანია სახელმწიფო პროგრამები, რომელთა დახმარებითაც ადგილობრივ ეთნიკურ სომეხთა შორის გაზრდილია სახელმწიფო ენის მცოდნეთა რიცხვი.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საველე ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად მოპოვებული მასალის დამუშავების პროცესი. საბოლოო შედეგი კი იქნება მონოგრაფიული გამოკვლევა, რომელშიც შევა რეგიონის ზოგადი დახასიათება; საისტორიო წყაროთა და სამეცნიერო ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა; დასახლების ტიპის; საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების; სამეურნეო კულტურის, მეურნეობის დამხმარე დარგების; საოჯახო ყოფის, ქორწინებისა და დაკრძალვის ტრადიციების, სოლიდარობის ფორმების; რელიგიური  ვითარების; ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციული ფორმების; პოსტსაბჭოთა პერიოდის სირთულეების; ტრადიციული კულტურისა და თანამედროვე ვითარების ურთიერთმიმართებისა და სასაზღვრო კომუნიკაციის აღწერა-ანალიზი,“ – გვითხრა როზეტა გუჯეჯიანმა.

კვლევის ფარგლებში ასევე იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა ახალციხის, ყარსის, არზრუმისა და არტაანის უნივერსიტეტებთან.

Facebook
Twitter
LinkedIn