ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის მოსამზადებლად თსუ-ში მუშაობა დაიწყო

თარიღი: 2022-10-04 18:34:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, თსუ-სა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის 2021 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სრული აკადემიური კრებულის მოსამზადებლად სარედაქციო საბჭო და ტექსტოლოგიური კომისია შეიქმნა.

სარედაქციო საბჭოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში შედიან:

 ზაალ აბაშიძე, სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

 დავით სართანია, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, სწავლული მდივანი;

 როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;

 მზექალა შანიძე, აკადემიკოსი;

 დავით მუსხელიშვილი, აკადემიკოსი;

 დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი;

თეონა იაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი;

ჯაბა სამუშია, აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი;

ვახტანგ ლიჩელი, თსუ არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 

მალხაზ მაცაბერიძე, თსუ პოლიტიკის მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზაზა სხირტლაძე, თსუ კულტურის ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

 თეა შურღაია, თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი;

 მერაბ ჩუხუა, თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი;

 ნუგზარ ანთელავა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე;

 ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი;

თეიმურაზ გვიმრაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი;

გონელი არახამია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერების განყოფილების გამგე;

 ოთარ ჯანელიძე, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი;

 მაია გურაბანიძე, თსუ მუზეუმის დირექტორი;

შალვა გლოველი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების ხელმძღვანელი;

გიორგი ჭეიშვილი, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;

 ვალერი ვაშაკიძე, თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;

 ნანა მაჭავარიანი, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი;

 ნანა ბოლაშვილი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი; გიორგი სანიკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი;

 რამაზ აბესაძე, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი;

ლაშა ბრეგვაძე, თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი;

ირმა რატიანი, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი.

ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის მოსამზადებლად თსუ მუზეუმში შეიქმნა კრებულის ტექსტოლოგიური კომისია, კომისიის წევრები არიან:

დავით სართანია, თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ისტორიის დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელი;

გია ჩხიკვიშვილი, ისტორიის დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელის მოადგილე;

 მაია ციცვიძე, თსუ დოქტორანტი, ისტორიკოს-კავკასიოლოგი, ტექსტოლოგიური კომისიის მდივანი;

მიხეილ ქართველიშვილი, ისტორიის დოქტორი;

დალი ნიკოლაიშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ პროფესორი;

ავთანდილ უჯმაჯურიძე, ისტორიკოსი; 

დავით სართანია: ეს დიდი საქმე, რომელზეც  2006 წლიდან ვსაუბრობდი, დაიძრა…

გვესაუბრება თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ისტორიის დოქტორი, ტექსტოლოგიური კომისიის ხელმძღვანელი დავით სართანია

– ივანე ჯავახიშვილის თხზულებების სრული აკადემიური გამოცემა ჯერ არ არსებობს. მის სიცოცხლეში რომ ტომეულებად შეკრებილიყო ნაშრომები, დღის წესრიგში არც დამდგარა. მისი გარდაცვლების შემდეგ კი ყველაზე დიდი ღვაწლი ივანე ჯავახიშვილის შრომებს აკადემიკოსმა სიმონ ყაუჩიშვილმა დასდო. მან ორჯერ გამოსცა ქართველი ერის ისტორია: ერთხელ ოთხ ტომად, ხოლო მეორედ ხუთ ტომად. ამ გამოცემის მეხუთე ტომი აკრძალულიც კი იყო.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისთვის, დაანონსდა 12-ტომეულის გამოცემა, რომლის ბოლო ტომი 90-იანებში გამოვიდა. საგულისხმოა, რომ ეს 12-ტომეული ბევრი ხარვეზით დაიბეჭდა, მაგალითად, მე-9 და მე-11 ტომებში ერთი და იგივე ნაშრომებია დაბეჭდილი, ხოლო დედანთან, სამწუხაროდ, არ არის შედარებული, რაც ქმნის აცდენებს.

ჯერჯერობით ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რამდენი ტომის გამოცემა იგეგმება – ნაადრევია. რატომ? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ – დაახლოებით რა მოცულობისაა მისი სამეცნიერო ნაშრომები, მაგრამ, სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის რექტორი იყო. უფრო ზუსტად, ის დაარსებამდეც და დაარსების შემდეგაც ფაქტობრივად მის ზურგზე გადადიოდა საუნივერსიტეტო საქმიანობის მთელი სიმძიმე.  მაშინდელი ყველა ოფიციალური დოკუმენტი მისი ხელითაა შედგენილი და დაწერილი. ამ დოკუმენტებზეა დასმული უნივერსიტეტის ბეჭედი და ცხადია, რექტორის და საბჭოს მდივნის ხელმოწერაც. მას ჯოჯოხეთური საქმე აქვს შესრულებული.

ივანე ჯავახიშვილის სრული აკადემიური გამოცემისათვის შექმნილი სარედაქციო საბჭო არის მთავარი ორგანო და უფლებამოსილია უნივერსიტეტის  რექტორთან ერთად  გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხები. ჩემი წინადადება არის, რომ ამ ტომეულებში შევიდეს  ყველაფერი, რაც კი დიდ მეცნიერს დაუწერია და შეუქმნია  და გამოიცეს. ამასთან ჩვენი მიდგომა უნდა იყოს ასეთი – გამოიცეს ნაშრომების ყველა ვერსია. რას ვგულისხმობ ამაში? „ქართველი ერის ისტორია“ ივანე ჯავახიშვილმა  სამჯერ დაწერა. თავადვე ამბობს, მე 1915 წლამდე ნიკო მარის თეორიას მივყვებოდი,  შემდეგ  ხელახლა დავიწყე მუშაობა, თავიდან გადავიკითხე ნიკო მარის შრომები და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ადრე მეჩვენებოდა.  შესაბამისად, ჩვენ მკითხველამდე უნდა მივიტანოთ მისი ნაშრომების ყველა ვერსია. ხანგრძლივი პროცესია და დეტალურ კვლევას და მუშაობას საჭიროებს.

სირთულე რა არის? ამ დიდ კაცს დიდი განათლებაც ჰქონდა და ამას ეფუძნებოდა ყველაფერი ის, რაც დღეს მის მემკვიდრეობას შეადგენს. ბრწყინვალედ იცოდა მკვდარი ენები (მაგ. ძველი ბერძნული, ძველი სომხური, სირიული, ლათინური, სპარსული)  და ამ ენებზე შექმნილი წყაროებიდან მოჰყავდა თავის შრომებში ცნობები.  გარდა ამისა, ევროპულ ენებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილი იყენებდა ქართველური და კავკასიურ ენებების მონაცემებს. ამიტომ საჭიროა ენების სპეციალისტების მოწვევა,  ყველაფრის დამუშავება და ანალიზი. ეს ქმნის გარკვეულ სირთულეებს, რადგან დრო ძალიან ცოტაა.

ივანე ჯავახიშვილი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარჩა უამრავი გამოუქვეყნებელი ნაშრომი ან წყაროებიდან ამოწერილი მასალები. მათ ახლავს  კომენტარი, რომელსაც დღეს დიდი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს. ესეც უნდა გამოიცეს. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. სულ 6-7 ადამიანი ვართ, ვისზეც ამ შრომამ უნდა გადაიაროს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის და საკმაოდ დიდ პასუხიმგებლობასაც ვგრძნობთ. ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ –  რექტორმა და კანცლერმა დაგვიჭირეს მხარი და ეს დიდი საქმე, რომელზეც  2006 წლიდან ვსაუბრობდი, დაიძრა. აქვე უნდა აღინიშნოს ბატონ ზაზა აბაშიძის (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი) დიდი მონდომებაც, რომლის გარეშე ეს საქმე ვერ გაკეთდება.

ჩვენი საქმიანობა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპი – სამეცნიერო ნაშრომების გამოცემა – უნდა დასრულდეს  ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავზე –  2026 წლის 23 აპრილისთვის. შემდეგ კი უნივერსიტეტის დაარსებიდან 110 წლის იუბილეზე ვგეგმავთ მოხსენებების, გამოუქვეყნებელი ნაშრომების, პირადი წერილების, საზოგადოებრივი მოღვაწეობის, მათ შორის, უნივერსიტეტის შესახებ არსებულ სხვა საინტერესო დოკუმენტების გამოცემას.

სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე, უახლოეს დღეებში ტექსტოლოგიური კომისია შეიმუშავებს წინადადებებს და წარვუდგენთ სარედაქციო საბჭოს. ეს იქნება სამუშაოთა მიმდინარეობის  გრაფიკი, შემდეგ უკვე შევათანხმებთ ფონტსა და ფორმატს, რაც ასევე  მნიშვნელოვანია გამოცემის თვალსაზრისით. მეოთხე საკითხი არის ის, თუ როგორ ჩავერევით ტექსტში. ცხადია,  ჩარევა მინიმალური უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი საკითხი დასაზუსტებელია და აუცილებელია შეთანხმება საბჭოსთან, უფრო სწორად, მათი დასტური ჩვენს წინადადებებზე. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილს თავის შრომებში არ აქვს სქოლიოები და ჩვენ გვინდა, რომ ის დავამატოთ. ასევე ის იყენებს ქარაგმიან მითითებებს, რისი გახსნის მომხრეც ვართ. ასეთი საკითხები ბევრია და იმედი გვაქვს,  სარედაქციო საბჭო ჩვენს წინადადებებს ადეკვატურად უპასუხებს.

ცნობისთვის:

რექტორის ბრძანების მიხედვით, თსუ სტრუქტურულ ერთეულებს  (მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი, ისტორიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, სახელმწიფოსა და სამართლის, ლიტერატურისა და ენათმეცნიერების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები) დაევალა ხელი შეუწყონ ტექსტოლოგიური კომისიის მუშაობას, რათა ტექსტოლოგიური კომისიის წევრებისათვის ადგილზე სამუშაოდ ხელმისაწვდომი გახადონ მათთან დაცული ხელნაწერი, ფოტო და ნაბეჭდი მასალები, ოპერატიულად მოახდინონ ან მისცენ ტექსტოლოგიური კომისიის წევრებს საშუალება, თავად გააკეთონ საჭირო მასალების დიგიტალიზაცია და ნაბეჭდი ტექსტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა.

ტექსტოლოგიური კომისია ვალდებულია სხვადასხვა არქივებში, ბიბლიოთეკებსა თუ კერძო კოლექციებში მოიძიოს: 1. ივანე ჯავახიშვილის ყველა ხელნაწერი; ივანე ჯავახიშვილის ყველა ნაბეჭდი მასალა;  ივანე ჯავახიშვილზე არსებული ყველა მასალა (ხელნაწერი, ნაბეჭდი, ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა); 2. მოახდინოს ივანე ჯავახიშვილის დიგიტალიზებული ხელნაწერი მასალის დამუშავება, რომლის დროსაც დაადგინოს სხვადასხვა არქივებსა და საქმეებში (საქაღალდეებში) შემთხვევით გაბნეული ფურცლების ურთიერთმიმართება და თანმიმდევრობა; 3. ერთმანეთს შეუდაროს მეცნიერის ხელნაწერი მასალების ვარიანტები, დაადგინოს მათი შექმნის ქრონოლოგია და განსხვავებული ვერსიების წარმოშობის პირობები; 4. ამოიკითხოს და გაშიფროს მეცნიერის ხელნაწერებში მოცემული უცხოენოვანი (ძველი სომხური, ძველი სპარსული, ძველი ბერძნული, სირიული, გერმანული, ფრანგული, რუსული და ა.შ.) ციტატები, შეუდაროს ისინი დედანს მათი გადმოწერის სიზუსტის დადგენის მიზნით და გააკეთოს მათი ქართული თარგმანი; 5. შეადაროს ერთმანეთს ნაბეჭდი და ხელნაწერი მასალები, დაადგინოს კითხვა-სხვაობები; 6. მოიძიოს ყველა ის ლიტერატურა, რომელიც მითითებული აქვს მეცნიერს და დამოწმებული ციტატების გადმოწერის სიზუსტე შეამოწმოს. ყოველი ცდომილება აღნუსხოს და ასევე იგივე ციტატები მოიძიოს ამ ლიტერატურის უახლეს გამოცემებებში; 7. განიხილოს ყველა ნაბეჭდი მასალა და აღნუსხოს ბეჭდვისას დაშვებული ცდომილებები; 8. დაადგინოს თითოეული თხზულების ავთენტური ტექსტი, აკრიფოს ელექტრონულად და დაალაგოს ამოპრინტერებული სახით; 9. გააციფრულოს ყველა ნაბეჭდი თხზულება და დაალაგოს ამოპრინტერებული სახით; 10. ყველა შესრულებული სამუშაო სათანადო განმარტებითი ბარათების დართვით, გადასცეს ტომის რედაქტორებს; 11. წარუდგინოს ანგარიში სარედაქციო საბჭოს.

Facebook
Twitter
LinkedIn