ვიზიტი შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

თარიღი: 2023-06-05 20:49:55

ირაკლი ბურდულის მოხსენება ნეკრორეცეფციის ახალ თეორიაზე და „საჯარო მმართველობის“ პროგრამის განვითარების პერსპექტივები

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა ირაკლი ბურდულმა გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში საჯარო მოხსენება „ნეკრორეცეფცია ტრანსფორმაციულ საზოგადოებაში, საქართველოს მაგალითზე“ წაიკითხა. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებოდა თსუ-ს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერიშვილიც. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ გერმანელ კოლეგებთან ერთად თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და  ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ სამომავალო გეგმები,  განვითარების პერსპექტივები განიხილა. ვიზიტი ერასმუს + პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ნეკრორეცეფცია იურისპრუდენციაში ახალი თეორიაა, რომელიც პროფესორმა ირაკლი ბურდულმა შეიმუშავა. აღნიშნულ თემაზე პირველი სტატია გერმანელი მეცნიერის, კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორის ჰანს პრუტინგის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულში, 2018 წელს, სათაურით – „ნეკრორეცეფცია ტრანსფორმაციულ საზოგადოებაში“ გამოქვეყნდა.

შპაიერის უნივერსიტეტში, საჯარო მოხსენების შემდეგ გამართული დისკუსიის ფარგლებში, გერმანელი სამართალმცოდნეების მიერ გამოთქმული მოსაზრება-შეფასებების მიხედვით, ნეკრორეცეფციის თეორია სამეცნიერო საზოგადოების ინტერესის საგანი ხდება. ირაკლი ბურდულის საჯარო მოხსენებას შპაიერისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„ჩემი ნაშრომი „ნეკრორეცეფცია ტრანსფორმაციულ საზოგადოებაში“  საკორპორაციო სამართლის მაგალითზეა შესრულებული და სამართლის სხვა სფეროებს არ ეხება.   „ნეკრორეცეფცია“ სამართალში ახალი, ერთგვარი მხატვრულ-იურიდიული ტერმინია, აქვს კონკრეტული შინაარსი და აღნიშნავს სამართლებრივი სისტემის ფორმირების პროცესს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ჩვენი სამართლებრივი სისტემა ევროპული სამართლის რეცეფციის საფუძველზე ყალიბდება. ამ პროცესს თან ახლავს მისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ ეს ელემენტები ერთმანეთისგან იზოლირებულია, მაშინ წარმატებული შედეგის – რეცეფციის ნაცვლად ვიღებთ წარუმატებელ რეფორმებს, ვერ ფორმირდება მართლწესრიგის ერთიანი, გამართული სისტემა. სამართლებრივად კარგად ჩამოყალიბებული სისტემის გარეშე კი არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო.

ტერმინი ნეკრო მკვდარს, მკვდრადშობილ პროცესს აღნიშნავს, ბრიტანელმა ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ვორერ მონტაგმა დაამკვიდრა ტერმინები –  ნეკროონტოლოგია, ნეკროეკონომიკა… ეკონომიკის დარგში ნეკროეკონომიკის საკითხთან დაკავშირებული არაერთი კვლევა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას. სწორედ ამ ორი ავტორის შრომები გახდა კორპორაციული სამართლის მიმართულებით ნეკრორეცეფციის ტერმინის დამკვიდრების ინსპირაცია. მანამდე იურისპრუდენციაში ეს ტერმინი არ არსებობდა და ჩემი მხრიდან, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. შპაიერის უნივერსიტეტში ვიზიტი იმ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი და ერთგვარი გამოწვევა, რომ გერმანელი კოლეგებისთვის წარგვედგინა ეს ტერმინი მისი შინაარსით. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან ინტერესის საგანი გახდა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. მომავალი კვლევები გვიჩვენებს, თუ რამდენად დამკვიდრდება ეს ტერმინი იურისპრუდენციაში“, – აღნიშნა ირაკლი ბურდულმა.

შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელებული  სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ მომავალ წელს 15 წლის იუბილეს იზეიმებს. ვიზიტის ფარგლებში საიუბილეო ღონისძიების დეტალები და „საჯარო მმართველობის“ პროგრამის განვითარების საკითხები განიხილეს.

„სწავლება ცოცხალი პროცესია, მდგრადობა კარგია, მაგრამ ინოვაციები საჭიროა, შესაბამისად, სამუშაო შეხვედრები ეხებოდა პროგრამის სამომავალო განვითარებას, ახალი ლექტორების მოზიდვას. შემოთავაზება ჩვენს პროგრამაში ჩართვის თაობაზე რამდენიმე გერმანელი პროფესორისგან უკვე მივიღეთ. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ვგეგმავთ საზაფხულო სკოლის ორგანიზებას და აღნიშნული დეტალებიც შევათანხმეთ. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გააქტიურდა „საჯარო მმართველობის“ სადოქტორო საფეხურის მოსამზადებელი ეტაპი, რომელსაც სამი უმაღლესი სასწავლებელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ანდრაშის უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტი გერმანიაში საკმაოდ ნაყოფიერი იყო“, – გვითხრა თამარ ბერიშვილმა.

Facebook
Twitter
LinkedIn