„სივრცე 037“-ს ახალი პროექტი  – იმიტირებული სასამართლო პროცესები

თარიღი: 2022-10-29 14:32:37

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური ორგანიზაცია „სივრცე 037“ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს იწყებს. პროცესები თბილისის საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებებით წარიმართება. გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად 6-6  გუნდი შეირჩევა. სტუდენტებს, პროცესების დაწყებამდე, ტრენინგებს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი ჩაუტარებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ.

პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა.

„თემატურ ტრენინგებზე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის თავისებურებების შესახებ, რადგან გვაქვს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართვისას დასჭირდებათ.  პროცესები დეკემბრის თვეში ჩატარდება, იქნება სამი ნაწილი – მეოთხედ ფინალი, ნახევარ ფინალი და ფინალი.

ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროექტი სტუდენტებს სათანადო გამოცდილებას მისცემს და  მსგავსი ფორმატის საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში მონაწილეობისთვის უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის. გარდა ამისა, უნივერსიტეტი სტუდენტებს თეორიული ცოდნის გარდა პრაქტიკულ გამოცდილებასაც უნდა აძლევდეს, იმიტირებული სასამართლო პროცესების ფორმატი კი სწორედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში მიღებული  გამოცდილება, სამომავლოდ, სტუდენტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მნიშვნელოვნად დაეხმარება“, – ამბობს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, „სივრცე 037“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა თომასიანი.

Facebook
Twitter
LinkedIn