გამოიცა  ,,ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია – მასალები“

თარიღი: 2022-11-08 21:54:07

 „ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის“ პროექტის ფარგლებში გამოიცა მეორე წიგნი: ,, ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია – მასალები”.

ენციკლოპედიის პროექტის კონცეფცია მომზადდა  2006 წელს,  ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრში. მას შემდეგ, რაც მკვლევართა ჯგუფმა მოიპოვა ილია ჭავჭავაძის  ენციკლოპედიაზე მუშაობის საავტორო უფლება,  ჯგუფი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამზადებდა გამოცემას. ზოგადად, ამ ტიპის პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის საენციკლოპედიო კვლევა, რაც მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმიანობაა მეცნიერისთვის, მით უფრო, რომ მსოფლიოში დიდი მწერლების ენციკლოპედიების გამოცემის პრაქტიკა კარგა ხანია  არსებობს.

გამოცემის შინაარსსა და მის თავისებურებებზე გვესაუბრება  ილია ჭავჭავაძის ენციკლოპედიის პროექტის  მკვლევარი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი მარი წერეთელი:

– ქალბატონო  მარი, რას მოიცავს ენციკლოპედია და რა პრინციპით შეგროვდა მასალები ილია ჭავჭავაძის შესახებ?

– გამოცემა ემსახურება ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედების, პუბლიცისტიკისა და  საზოგადოებრივი მოღვაწეობის სრულად წარმოჩენას. ამ ტიპის ენციკლოპედია იმითაა გამორჩეული, რომ ის მწერლის მთლიან ღვაწლს ასახავს. ჩვენ შემთხვევაშიც, ილიას პერსონალური ენციკლოპედია მოიცავს, ფაქტობრივად,  1837 წლიდან 1907 წლამდე პერიოდს – მის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებას;  მხატვრულ,  პუბლიცისტურ, ლიტერატურულ-კრიტიკულ შემოქმედებას, მასალებს ილიას მრავალმხრივი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. კერძოდ, მისი საბანკო მოღვაწეობის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული დრამატული საზოგადოების,  ქართული ჟურნალისტიკის და სხვა ორგანიზაციებში მისი მრავალმხრივი საქმიანობის შესახებ.  წიგნი, პრაქტიკულად,  ასახავს  მე-19 საუკუნის  საზოგადოებრივ და კულტურულ გარემოს, რასაც კი გასწვდა მწერლის სამოღვაწეო არეალი.

ყველა ეს მიმართულება  ქმნის კვლევის მთავარ პრიორიტეტს ანუ, ერთი მხრივ, ეს არის ილიას მხატვრული  შემოქმედება და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივ- პოლიტიკური და კულტურული გარემო, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ძირითადი მიმართულებებია: 1. ილიას თხზულებები; 2. პერსონალიები (ილიას კულტურულ-ლიტერატურული და საზოგადოებრივი გარემოცვა – ნათესავთა, ახლობელ-მეგობართა და ნაცნობთა წრე; ილიას მიერ მოხსენიებული პიროვნებები მხატვრულ შემოქმედებაში, ლიტერატურულ-პუბლიცისტურ წერილებსა და კერძო მიმოწერაში, ლიტერატურული და მითოლოგიური პერსონაჟები); 3. გეოგრაფიული სახელები; 4. ილიას დროინდელი პერიოდიკა.

– როგორია ენციკლოპედიური ენა – ეს არის მოკლე ტექსტები?

– დიახ, ასე ვთქვათ, ეს არის ყველაფერი: ნაწარმოებები, ფაქტები, ცნობები,  თარიღები, სხვადასხვა მონაცემი. წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილია პერსონალიები – პიროვნებათა ცხოვრებისა და ღვაწლის  ძირითადი მახასიათებლები.   საენციკლოპედიო კვლევა საკმაოდ ვრცელ არეალს – 1837 წლიდან 1907 წლამდე პერიოდს მოიცავდა. დამუშავდა პირველწყაროები, საარქივო მასალა, მათ შორის, საოჯახო არქივები, პერიოდული გამოცემები, ბიბლიოგრაფიები, მემუარული ლიტერატურა და სხვ. მოძიებულ იქნა  ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი, რაც შეეხებოდა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, მის პირად და საზოგადოებრივი ურთიერთობების ამსახველ  მასალას.  კვლევის პროცესში დადგინდა და გასწორდა სხვადასხვა მონაცემი, მათ შორის, დაზუსტდა და ჩასწორდა ბიბლიოგრაფიის მონაცემებიც, დამუშავდა ქართული და უცხოური ენციკლოპედიები, პერიოდული გამოცემები და სხვ.

ამგვარად, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და მოღვაწეობის მასშტაბების გათვალისწინებით, წიგნში  აისახა  არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიოს იმჟამინდელი პოლიტიკური, კულტურული და  გეოგრაფიული სივრცეც, რაც უშუალოდ უკავშირდება  მწერალს.

კარგა ხანია მსოფლიოში არსებობს და მკითხველის დიდ ინტერესსაც იწვევს მხატვრული სიტყვის დიდოსტატთა: დანტეს, შექსპირის, ბერნსის, დიკენსის, გოეთეს, შილერის, პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვათა პერსონალური ენციკლოპედიები. ჩვენს კულტურულ სინამდვილეში ამგვარი გამოცემა არ მოგვეპოვებოდა (ზოგადადაც, არსებობს მხოლოდ ერთადერთი – 2002 წელს გამოცემული „ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი“).

ყველაზე დიდი ადგილი ილიას მოღვაწეობის რომელ ასპექტს უჭირავს?

– წიგნის  ყველაზე ვრცელი ნაწილია ე.წ.  პერსონალიები,  რომელიც ასახავს არა მარტო პიროვნებათა ღვაწლის ამსახველ ფაქტობრივ მონაცემებს, არამედ – ამ ადამიანთა მსოფლმხედველობრივ და პარტიული კუთვნილებასაც.  იკვეთება იდეური განსხვავება ილია ჭავჭავაძესა და მის  მომხრეთა ან პირიქით, ილია ჭავჭავაძესა  და მის იდეურ მოწინააღმდეგეთა შორის. საენციკლოპედიო თხრობა ლაკონიურია, მაგრამ ილიას თანამედროვეთა წარმოჩენით მჟღავნდება  მათი იდეური პოზიცია, რაც განსაზღვრავდა ილია ჭავჭავაძისა და მის იდეურ მომხრეთა მიმართ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა თუ ჯგუფის დამოკიდებულებას.  ,,პერსონალიებში“ მკაფიოდ ჩანს წარსულის წინააღმდეგობრივი და აწ უკვე გადაფასებული,  უაღრესად მრავალმხრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სურათი.

 -ვისთან გამოყოფდით ილიას ურთიერთობას გამორჩეულად?

– იმდენად მდიდარი და დატვირთულია ილიას საზოგადოებრივი ცხოვრება, რომ ცალკე ვერ გამოვყოფთ რომელიმე ერთ  პიროვნებას. აქ შეიძლება გამოიკვეთონ ილიას თანამოაზრეები, მწერლები, რედაქციის თანამშრომლები. ენციკლოპედიაში ყველა პიროვნებაა წარმოდგენილი და, რაც მთავარია, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ამოიკითხოს – რა ურთიერთობა ჰქონდა ამა თუ იმ პიროვნებას მწერალთან, რა კუთხით ჩანს მისი დამოკიდებულება ილიას მიმართ  და ა.შ .

– რამდენი წელი მუშაობდით ამ გამოცემაზე?

– პირველი წიგნი – ,,სიტყვანი“-  2010 წელს გამოიცა, მაგრამ პროექტზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა მას შემდეგაც განაგრძო მუშაობა. ბევრი რამ იყო გადასაფასებელი, სანახავი, დასაზუსტებელი და ამის შემდეგ,  2022 წელს, გამოვიდა  ახალი წიგნი, რომელიც უკვე ასახავს საენციკლოპედიო  მასალის   მთლიან სურათს. მუშაობის პროცესი საკმაოდ შრომატევადი  იყო და   წლები დასჭირდა კვლევას. რომ არა ის  თავგადადებული ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი, ეს წიგნი, ცხადია, ვერ  გამოვიდოდა.

ახლახან გამოცემულ წიგნზე – ,,ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია – მასალები” – მუშაობდნენ: ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი გიორგი აბაშიძე,  კვლევის ცენტრისა და პროექტის დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო მამარდაშვილი, წიგნის მთავარი რედაქტორი, ფილოლოგიის დოქტორი ლეილა სულხანიშვილი, პროექტის პასუხისმგებელი მდივანი, ფილოლოგიის დოქტორი  მანანა ბარათაშვილი, ფილოლოგიის დოქტორები: მანანა ყიფიანი, ნათელა საღირაშვილი  და გურამ ჭოხონელიძე. წიგნის რედაქტორი ნანა ზღულაძე. მე გახლდით  პროექტის მოწვეული წევრი.

– თქვენი საკვლევი არეალი რას მოიცავდა, ენციკლოპედიის რომელ ნაწილზე მოგიწიათ მუშაობა?

– მე ვმუშაობდი პრესისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართულებით. მე-19 საუკუნე, მოგეხსენებათ, მდიდარია ამგვარი პერიოდული გამოცემებით და უმდიდრესი პუბლიცისტიკის მხრივაც. მეც მომიწია მეტად საინტერესო დოკუმენტურ მასალაზე მუშაობა – ეს იყო პირველწყაროები, საარქივო მასალა, პერიოდული გამოცემები, კრებულები, მემუარები და სხვ.  შეიძლება ითქვას,  რომ, ზოგადად,  წარმოუდგენლად დიდი სამუშაო შესრულდა.

– არის თუ არა ხელმისაწვდომი წიგნი? სად შეიძლება შეიძინოს ის დაინტერესებულმა მკითხველმა?

– წიგნი ამ ეტაპზე დაიბეჭდა მცირე ტირაჟით, თუმცა საუბარია  მეტი ტირაჟით მის გამოცემაზე, ასევე,  ელექტრონული ვერსიის  განთავსებაზეც. ეს წიგნი არის ყველასათვის, როგორც მეცნიერებისათვის,  ასევე  ილია ჭავჭავაძის ცხოვრებითა  და  შემოქმედებით, ზოგადად,  მე-19 საუკუნის  ლიტერატურის, კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლით   დაინტერესებული  მკითხველისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn