ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის მრავალი საგანმანათლებლო  პროგრამა  აკრედიტაციის რეჟიმშია

თარიღი: 2022-09-21 16:06:49

გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი

წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ახალი სასწავლო წელი პირდაპირ სამუშაო ვითარებაში დაიწყო, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, საზეიმო მიღება ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი და  ამ დროისათვის პირველკურსელები უკვე მეტნაკლებად  გარკვეული იქნებიან  საუნივერსიტეტო ცხოვრების თავისებურებებში, მოასწრებენ  ერთმანეთის გაცნობას და ვფიქრობ,  უფრო ისიამოვნებენ და ბოლომდე შეიგრძნობენ იმ საზეიმო ატმოსფეროს, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გეგმავს და გვპირდება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ახალი სასწავლო წელი ნამდვილად განსხვავებულია, განსხვავებული, რადგან შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე უნივერსიტეტი და, შესაბამისად, ფაკულტეტიც თითქმის ორი წელი ონლაინ რეჟიმში მუშაობდა და ახლა მეტად მნიშვნელოვანია აღვადგინოთ საუნივერსიტეტო ცხოვრების ჩვეული რეჟიმი, სტილი და რიტმი, რასაც, ერთი მხრივ, ასე მოუთმენლად ველოდით, მაგრამ, მეორე მხრივ,  აღმოჩნდა, რომ ყოველივე ამას გარკვეული  სირთულეებიც ახლავს თან. ამასთანავე ახალი სასწავლო წლის დადგომას ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებიც ახლავს. ერთი მხრივ, რასაკვირველია, გვიხარია ახალი სასწავლო წლის დაწყება, მაგრამ, მეორე მხრივ, გამოცდილებით ვიცით, როგორი დამღლელი და დიდი გზა გვაქვს წინ. თუმცა, იმედია, როგორც ყოველთვის, მოტივაციას შევინარჩუნეთ და ძალა და ენერგია გვეყოფა დასახული მიზნების მისაღწევად.

ბედნიერები ვართ, რომ უკვე სტუდენტებითა და პროფესურით გაივსო და ახმაურდა უნივერსიტეტის დერეფნები, ბიბლიოთეკები, აუდიტორიები. სტუდენტები მოიჩქარიან ცოდნის მისაღებად, პროფესურა კი  მზადაა მათთვის ცოდნის გადასაცემად.

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა უნივერსიტეტელს, ჩვენს პროფესორებს, ჩვენს სტუდენტებს, ადმინისტრაციას, ყველას, ვინც უნივერსიტეტის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ტრადიციულად, განსაკუთრებით მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო ფაკულტეტის პირველკურსელებს და ე.წ. 1+4 პროგრამის სტუდენტებს. მინდა, რომ უნივერსიტეტმა გაამართლოს მათი იმედები და მათ კი გაამართლონ უნივერსიტეტის იმედები.  ამავე დროს, მინდა, გავაფრთხილო ისინი, რომ  უნივერსიტეტში სწავლა ადვილი არ არის, რომ ეს საკმაოდ მძიმე, დამღლელი  ყოველდღიური შრომაა და ისინი მზად უნდა იყვნენ, რომ ბევრი იშრომონ, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ,  ოცნებები აისრულონ და  საკუთარ თავს,  ოჯახს, ჩვენს უნივერსიტეტსა და სამშობლოს გამოადგნენ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კვლავ ერთგული იქნება თავისი მიზნებისა და ამოცანების – შექმნას და  გადასცეს ახალი ჰუმანიტარული ცოდნა,  არც  ტრადიციები დაივიწყოს და არც სიახლეებს ჩამორჩეს.  ამის გარანტია ის უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალია, რომელიც თავმოყრილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ჩვენი პროფესურისა და მკვლევრების სახით.

ფაკულტეტს წელს მრავალი გამოწვევა აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მისი  სამივე საფეხურის მრავალი საგანმანათლებლო  პროგრამა  აკრედიტაციის რეჟიმშია და ეს პროცესი  31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები წარმატებით გაივლიან აკრედიტაციას და ფაკულტეტი ახალ წელს აკრედიტებული პროგრამებით შეხვდება.

Facebook
Twitter
LinkedIn