გივი ქირიას წიგნის  – ,,პროფესიის ფსიქოლოგია“ – პრეზენტაცია  და  ხსოვნის საღამო  

თარიღი: 2022-11-13 17:56:45

10 ნოემბერს თსუ-ს მე-3 კორპუსის 204-ე აუდიტორიაში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით ამ  დღეს   ფსიქოლოგიის დოქტორის  გივი ქირიას  წიგნის  – ,,პროფესიის ფსიქოლოგია“ პრეზენტაცია  და  მისი ხსოვნის საღამო  გაიმართა. ორგანიზატორებმა წიგნის  პრეზენტაცია მის დაბადების დღეს მიუძღვნეს. საოცრად თბილ საღამოზე  კოლეგებმა  და სტუდენტებმა  კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი მადლიერება, სიყვარული და  პატივისცემა გამორჩეული პედაგოგისა და მკვლევრისადმი.

„პროფესიის ფსიქოლოგია“ თსუ-ს გამომცემლობამ გამოსცა.  ნაშრომში თავმოყრილია გივი ქირიას გამოუქვეყნებელი ნარკვევები პროფესიის ფსიქოლოგიის საკითხებზე.  წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან: ია კუტალაძე და მაია რობაქიძე.

,,გივი ქირია – ფსიქოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა  შრომისა და საინჟინრო  ფსიქოლოგიის კათედრას. მისი ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა შრომისა და ორგანიზაციის  ფსიქოლოგიის პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები  თსუ-ში. მან დიდი წვლილი შეიტანა  საქართველოში გამოყენებითი  ფსიქოლოგიის ისეთი აქტუალური მიმართულებების განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში, როგორებიცაა შრომის, საინჟინრო და ორგანიზაციის ფსიქოლოგია.  სიცოცხლის  უკანასკნელ წლებში ბატონი გივი მუშაობდა წიგნზე, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო. ამ გამოცემაში თავი მოიყარა  მის მიერ ბოლო პერიოდში დაწერილმა ნარკვევებმა. ავტორი, როგორც  განწყობის ფსიქოლოგიის  სკოლის  ღირსეული წარმომადგენელი და დიდი გულშემატკივარი, დ. უზნაძის თეორიის პერსპექტივიდან განიხილავს პროფესიის ფსიქოლოგიის  უაღრესად  აქტუალურ საკითხებს“, – განაცხადა წიგნის  სამეცნიერო რედაქტორმა  ია კუტალაძემ.  მან  განსაკუთრებულად აღნიშნა  ბატონი გივის   პედაგოგიური მოღვაწეობა: ,,ფსიქოლოგიის დოქტორი გივი ქირია   ფსიქოლოგთა თაობების აღმზრდელია,  სწავლება  მისი ცხოვრების არსი იყო;  ბატონი გივი   იყო  თავის პროფესიასა და უნივერსიტეტზე უზუმოდ შეყვარებული ადამიანი, რომელმაც დაგვიტოვა  სწავლების, მომავალი თაობებისა და   უნივერსიტეტისადმი ერთგულების საუკეთესო მაგალითი; წიგნის პრეზენტაციაზე მისი ყოფილი სტუდენტების ასეთი სიმრავლე ყველაზე ცხადად აჩვენებს იმას, რომ საკუთარი პროფესიის,  საქმის  ასეთი სიყვარული და თავდადება არასოდეს ქრება უკვალოდ…“

როგორც მაია რობაქიძემ აღნიშნა, ,,ბატონ გივის დიდი როლი მიუძღვის ფაკულტეტზე ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განვითარებასა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიის შექმნაში. ის ხშირად ექსპერიმენტებისთვის  საკუთარი  ხელით  აწყობდა აპარატურას.   ჩემი დისერტაციისათვის საკუთარი ხელით ააწყო აღქმის კონსტანტობის შემსწავლელი აპარატი და შემდეგ გადააქცია ელექტრონულ მოწყობილობად, რომელიც ვიზუალური მასალის ავტომატური პრეზენტაციის საშუალებას იძლეოდა. არ დამავიწყდება მისი ემოციები და ის აღტაცება, როცა დაგეგმილი ექსპერიმენტების საინტერესო შედეგების შესახებ ვაწვდიდი ინფორმაციას. მისი აზარტი და მეცნიერული ცნობისმოყვარეობა მის მოსწავლეებსაც „გადაგვედო“. პროფესორი გივი ქირიას სტუდენტები, რომელთაც უკვე  წლებია დაამთავრეს უნივერსიტეტი, დღესაც იხსენებენ მის ცნობილ, ნახევრადხუმრობით ნათქვამ ფრაზას, რომლითაც ის იწყებდა პროფესიის ფსიქოლოგიის კურსს: „ადამიანი მინიმუმ ორჯერ ქორწინდება, ერთხელ – როცა პროფესიას ირჩევს, მეორედ კი თანამგზავრის შერჩევისას.“  მას მრავალი ადამიანის ფსიქოლოგიის პროფესიის შეყვარებასა და მასზე „დაქორწინებაში“ მიუძღვის წვლილი. მიხარია, რომ ერთ-ერთი მათგანი  მეც ვარ და ვამაყობ, რომ პატივი მქონდა მასთან თანამშრომლობის“, – განაცხადა მაია რობაქიძემ.  

წიგნის შესავალში  ავტორი გივი ქირია წერდა, რომ „პროფესიული განწყობის ჩამოყალიბება და მის საფუძველზე პიროვნების პროფესიული თვითგამორკვევა ადამიანის  სოციალიზაციის  ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. პროფესიული შრომა არის არა მხოლოდ ადამიანის არსებობის საშუალება, პირობა, არამედ მისი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბების, სოციალიზაციის ფაქტორიც. ადამიანი პროფესიული საქმიანობის გარეშე არ არის სრულფასოვანი პიროვნება, ამიტომ ისევე, როგორც ანომალიაა  ადამიანის  არსებობა ადამიანთა საზოგადოების გარეშე, ანომალიაა ადამიანის ნორმალური ცხოვრება გარკვეული შრომითი  საქმიანობის – პროფესიის გარეშეც“. 

რადგან  პროფესიული საქმიანობა  ჩვენი თვითრეალიზაციის, ფსიქოლოგიური კეთილდღების   ცენტრალური ასპექტია, მისი შესწავლა-ანალიზიც უაღრესად  აქტულაურია.  ეს წიგნი  სწორედ ამ აქტუალურ საკითხს ეძღვნება. ვფიქრობთ, ამ ნაშრომს დამატებით ღირებულებას სძენს ის ფაქტი, რომ პროფესიის ფსიქოლოგიის  აქტუალური  საკითხები   განხილულია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის პოზიციიდან.

გივი ქირია  იმედოვნებდა, რომ  ეს წიგნი ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდა პროფესიის ფსიქოლოგიის მეცნიერული საკითხების მიმართ ინტერესს და  ბიძგს მისცემდა  პროფესიული განწყობის შემდეგომ  შესწავლას, რაც  ბოლო წლებში მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფერო იყო. 10 ნოემბერს უნივერსიტეტში  შეკრებილი ახალგაზრდა მეცნიერები, მკვლევრები, უბრალოდ, ბატონი გივის აღზრდილები,   ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას ალბათ გააგრძელებენ… თუმცა, ერთი რამ ცხადია, ბატონი გივი მათთვის ყოველთვის დარჩება  იმის მაგალითად, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი,  როგორ შეიძლება გიყვარდეს და  გაბედნიერებდეს  შენი პროფესია.

Facebook
Twitter
LinkedIn